პრეზიდენტი ხვედელიძის მოქალაქეობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Jan.'12 / 13:48


ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე, საზოგადოებრივი მოძრაობის "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ღონისძიების შემდეგ, თბილისი, 2011 წლის 11 დეკემბერი. ფოტო: ინტერპრესნიუსი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აპირებს გაასაჩივროს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მილიარდერი ოპოზიციონერის ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა, განაცხადა პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 24 იანვარს.

27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ იმავე ბრძანებულების ის ნაწილი, რომლითაც ივანიშვილის მეუღლეს შეუწყდა მოქალაქეობა, უკანონოა.  

იანვრის დასაწყისში, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი აპირებდა თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას, ხვედელიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულება მოსთხოვა, რაც მას პოლიტიკური პარტიის შექმნაში მონაწილეობის და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის საშუალებას მისცემს.  ხვედელიძე აცხადებდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა, სასამართლო პროცესს წელიწადზე მეტი დასჭირდებოდა, რაც მის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ხელს შეუშლიდა.

თავად ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას ნატურალიზაციის გზით გეგმავს. მან შესაბამისი დოკუმენტები ხელისუფლებას 5 იანვარს წარუდგინა. მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად, ხელისუფლებამ მაქსიმუმ სამი თვის ვადაში უნდა უპასუხოს მოქალაქეობის შესახებ განაცხადს. 

15 იანვარს ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ დაიბრუნებს საქართველოს მოქალაქეობას, რაც მას საშუალებას მისცემს პირადად შექმნას და უხელმძღვანელოს პოლიტიკურ პარტიას, თუმცა, თუ ამას ვერ შეძლებს, მას სათადარიგო გეგმაც აქვს, რომლის თანახმადაც, მისი სახელით ამას მისი მეუღლე გააკეთებს.

ასევე იანვარში ეკატერინე ხვედელიძე იმ კომპანიის მფლობელი გახდა, რომელსაც საკაბელო და სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია გააჩნია. ივანიშვილის პრესსამსახურმა განაცხადა 20 იანვარს, რომ ახალი ტელეკომპანია მაუწყებლობას უახლოეს მომავალში დაიწყებს. თუ ივანიშვილს თავისი სათადარიგო გეგმის განხორციელება და დაგეგმილი პარტიის ხელმძღვანელობის დაკისრება საკუთარი მეუღლისთვის მოუწევს, ეკატერინე ხვედელიძე ფორმალურად ტელეკომპანიის მფლობელობას უნდა áƒ©áƒáƒ›áƒáƒ¨áƒáƒ áƒ“ეს, რადგანაც მაუწყებლობის შესახებ კანონი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს სამაუწყებლო ლიცენზიის ფლობას უკრძალავს.

Civil.Ge © 2001-2024