ივანიშვილი ‘მხარდამჭერებს პოლიტიკური რეპრესიებისაგან დაცვას’ პირდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Jan.'12 / 18:27

მილიარდერმა ოპოზიციონერმა áƒ‘იძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლებელი გახდება „ყველა ჩვენი მხარდამჭერის და თითოეული დაჩაგრული ადამიანის გაცილებით ეფექტიანი და ქმედითი დაცვა პოლიტიკური რეპრესიებისაგან“ მას შემდეგ, რაც დასრულდება პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზაციული და სტრუქტურული ჩამოყალიბების პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით.

„მანამდე კი, თხოვნით მივმართავთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობიანად, არჩევნების გზით წარმატების მიღწევა: გამოიჩინონ სიმშვიდე, მაქსიმალურად შეიკავონ თავი და არ აჰყვნენ შესაძლო პროვოკაციებს“, – ნათქვამია ივანიშვილის პრესსამდივნოს მიერ 24 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში „კვირის რეპორტაჟმა" 22 იანვარს გადასცა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ შსს–ს თანამშრომლებმა სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, დაახლოებით, 12 ადგილობრივ მკვიდრს, მათ შორის 17 წლის ბიჭს, საჩხერეში 13 იანვრის ღამეს ძველით ახალი წლის აღსანიშნავად გამართულ კონცერტზე ივანიშვილის მხარდამჭერი შეძახილების გამო.   

ივანიშვილმა „აღშფოთება“ გამოხატა ინციდენტის გამო და მოუწოდა სამართალდამცავ სტრუქტურებს „პატივი სცენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას, ხელი აიღონ უკანონო ბრძანებების შესრულებაზე“. 

„ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ყველა პასუხს აგებს არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, არამედ კანონის წინაშე, არა რომელიმე პოლიტიკურ ლიდერთან, არამედ თავისუფალ სასამართლოში. ნუ აჰყვებით საგანგებოდ გავრცელებულ ჭორებს, თითქოს ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში თქვენ პოლიტიკური რეპრესიების ქვეშ მოჰყვებით. პირიქით, ჩვენ ხელისუფლების არჩევნებით შეცვლას იმიტომაც ვაპირებთ, რომ სამართალდაცვის სტრუქტურები გათავისუფლდნენ პოლიტიკური წნეხისგან და არ მოუწიოთ პოლიტიკურად მოტივირებული უკანონო ბრძანებების შესრულება“, – ნათქვამია განცხადებაში. 

Civil.Ge © 2001-2024