„ქართული ოცნება“: იძულებულნი ვართ ამ ეტაპზე შევასრულოთ კონტროლის პალატის უკანონო მოთხოვნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Jan.'12 / 17:40

მილიარდერი ოპოზიციონერის ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ამ ეტაპზე „იძულებულია“ შეასრულოს კონტროლის პალატის „უკანონო" მოთხოვნა 1 100 000 ლარზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

“კონტროლის პალატას აქვს უკანონო მცდელობა ხელყოს საზოგადოებრივი მოძრაობის საკუთრება“, – აღნიშნავს „ქართული ოცნება“ 26 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში, „კერძოდ, კონტროლის პალატა მოითხოვს, რომ საზოგადოებრივმა მოძრაობამ ნებაყოფილობით უარი თქვას მის საკუთრებაში არსებულ 1 100 000 ლარზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება ამ თანხის კონფისკაციით და მისი ათმაგი ოდენობით დაჯარიმებით“. 

“იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჩვენი საკუთრების უკანონო ჩამორთმევა და, ასევე, არაგონივრულად და არათანაზომიერად მკაცრი ფინანსური სანქციები, ჩვენ იძულებულნი ვართ ამ ეტაპზე შევასრულოთ კონტროლის პალატის უკანონო მოთხოვნა. თუმცა, უახლოეს დღეებში ვაპირებთ მივმართოთ ჩვენთვის კანონით მინიჭებულ სამართლებრივ ზომებს, რათა აღვკვეთოთ კონტროლის პალატის ჩვეულებად ქცეული თვითნებური და უკანონო მოქმედებები ჩვენს წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კონტროლის პალატამ „ქართული ოცნება“ დაახლოებულ კომპანიასთან მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების გზით 1.1 მილიონი ლარის მიღებაში დაადანაშაულა, რაც პარტიების შესახებ კანონით დადგენილი შეზღუდვების თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად. ქართული ოცნებისთვის“ 25 იანვარს გაგზავნილ წერილში პარტიათა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ ამ თანხის დაბრუნებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციების შესახებ გააფრთხილა.

Civil.Ge © 2001-2024