12 პარტია დამატებით საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Jan.'12 / 13:06

მმართველმა პარტიამ წარმოადგინა სქემა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო წელს მხოლოდ 12 áƒ¡áƒáƒ®áƒ”ლმწიფო დაფინანსების მქონე პარტია ჯამურად დამატებით 2 229 291 ლარს მიიღებს ბიუჯეტიდან, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა 27 იანვარს.

შესაბამისი ცვლილება პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შევა, რის ინიცირებასაც მმართველი პარტია უახლოეს ხანებში მოახდენს.

პროექტის მიხედვით, პარტიები დამატებით საბიუჯეტო დაფინანსებას სატელევიზიო რეკლამის ხარჯების გასაწევად მიიღებენ. პარტიებს ამ თანხების დახარჯვა შეეძლებათ საარჩევნო წლის განმავლობაში სურვილის მიხედვით áƒ“ა ისინი არ იქნებიან შემოსაზღვრულნი საარჩევნო კამპანიის პერიოდით.

ახალი სქემის მიხედვით დამატებით დაფინანსებას მიიღებენ მხოლოდ ის პარტიები, რომელთაც საუკეთესო შედეგი აჩვენეს წინა საერთო არჩევნებზე, ამ შემთხვევაში 2010 წლის მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. 

პროექტის თანახმად, თითოეული პარტიისთვის დაფინანსების მიღების გაანგარიშების ფორმულა შემდეგნაირია: საარჩევნო სუბიექტის (პარტიის ან ბლოკის) მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება სამზე და იყოფა საარჩევნო სუბიექტში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე. ამასთან, ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის განკუთვნილი თანხის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 ათას ლარს.

2010 წლის მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიები, რომლებიც დამატებით საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებენ, არიან: ნაციონალური მოძრაობა – 600 000 ლარი, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა – 200 000 ლარი და ადგილობრივ არჩევნებზე მისი თანაბლოკელები ქრისტიან დემოკრატიული სახალხო პარტია  – 200 000 ლარი, ევროპელი დემოკრატები (პაატა დავითაიას პარტია) – 200 000 ლარი; ოპოზიციონერი ბიძინა ივანიშვილის ამჟამინდელი პარტნიორები ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები – 117 405 ლარი; რესპუბლიკელები – 117 405 ლარი, კონსერვატორები – 115 253 ლარი, ხალხის პარტია – 115 253 ლარი; ასევე ახალი მემარჯვენეები – 117 405 ლარი; საქართველოს გზა – 117 405 ლარი, ყოფილი პრემიერ–მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პარტია  – 115 253 ლარი და მრეწველები – 213 912 ლარი. 

კუბლაშვილის თქმით, საჭირო არ იქნება 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა, ვინაიდან არსებობს გარკვეული რეზერვები ცესკოსთვის წელს გათვალისწინებულ დაფინანსებაში, რაც 41.6 მლნ ლარს შეადგენს.

ახალი სქემის მიხედვით, დაფინანსებას ვერ მიიღებენ დანარჩენი კვალიფიციური სუბიექტები: ლეიბორისტული პარტია, ქართული დასი, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, ეროვნული ფორუმი და პარტია თავისუფლება – პარტიები, რომლებიც ყოველწლიურ საბიუჯეტო დაფინანსებას წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით იღებენ. 

ამასთან, ახალი ცვლილებების მიღების შემთხვევაში, უცვლელი დარჩება პარტიების წლიური დაფინანსების არსებული ფორმულა და ასევე წინასაარჩევნო დაფინანსების მეორე სქემა.

ყოველწლიური სახელმწიფო დაფინანსება კვალიფიციური პოლიტიკური პარტიებისთვისაა ხელმისაწვდომი – ანუ იმ პარტიებისთვის, რომელთაც ცალცალკე ან სხვებთან ერთად საარჩევნო ბლოკში გადალახეს 4% საპარლამენტო არჩევნებზე და 3% ადგილობრივ არჩევნებზე. აღნიშნული კრიტერიუმის საფუძველზე ამჟამად, სახელმწიფო დაფინანსებას 17 პარტია იღებს.  მმართველი პარტიის დაფინანსება ყველაზე მეტია– 1.95 მილიონი ლარი, რადგანაც ბოლო საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე სხვებზე მეტი ხმა მიიღო. მეორე ადგილზე დაფინანსების კუთხით ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობაა 767 300 ლარით.

პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების მეორე ტიპი დეკემბერში მიღებული ახალი საარჩევნო კოდექსით არის განსაზღრული; ამ სქემის თანახმად, პარტიები ან საარჩევნო ბლოკები, რომლებიც წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე 5%–იან ბარიერს გადალახავენ, მიიღებენ დაფინანსებას, რათა არაუმეტეს 1 მლნ ლარის ოდენობით კამპანიაზე გაწეული ხარჯები დაფარონ. ამ თანხიდან 300 000 ლარი სავალდებულოა, რომ პოლიტიკური სატელევიზიო რეკლამის ხარჯებზე მიემართოს. 

პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში დეკემბრის ბოლოს შეტანილი ცვლილებები უკრძალავს იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსებას და სხვა შეზღუდვებსაც აწესებს დაფინანსების კუთხით. უკვე მიღებულ ცვლილებებში, რომელიც უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების კრიტიკის სამიზნედ რჩება, კუბლაშვილმა გარკვეული კორექტივების შეტანა ასევე არ გამორიცხა.

მართალია ვენეციის კომისიამ განაცხადა დეკემბერში, რომ კორპორატიული დაფინანსების აკრძალვა ახალი რეგულაციების დადებითი პუნქტია, თუმცა მან ამგვარი აკრძალვის შესაძლო უარყოფით ასპექტებსაც გაუსვა ხაზი. კერძოდ, ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ „თუ პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო სუბსიდირების შესაბამისი დონე არ არსებობს, ბიზნეს ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსების აკრძალვამ, ინფორმაციის განსაჯაროებისთვის საჭირო მკაცრ წესებთან ერთად, შესაძლოა პოლიტიკურ პარტიებს ფულის მოზიდვაში სირთულეები შეუქმნას“. ამის გამო კომისიამ 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში მისცა რეკომენდაცია, რომ მომავალში მოხდეს იურიდიული პირების მიერ  პარტიების დაფინანსების ”ფართო აკრძალვის” გადახედვა. თუმცა ორი დღის შემდეგ, 22 დეკემბერს áƒ’ამოქვეყნებულ იგივე დოკუმენტის áƒ’ანახლებულ ტექსტში ფართო აკრძალვის გადახედვის რეკომენდაცია ამოღებულია.

პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ახალი ინიციატივა ვენეციის კომისიის რეკომენდაციიდან არ გამომდინარეობს. მისი თქმით, ეს ოქტომბერში პარტიათა დაფინანსების ზრდაზე ხელისუფლების დაპირების შესრულებას წარმოადგენს. 

რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც მილიარდერმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა ოქტომბრის დასაწყისში პოლიტიკაში წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება, მმართველმა პარტიამ იგი გააკრიტიკა „საქართველოს მომავლის ყიდვის“ მცდელობის გამო და რუსეთთან კავშირში დაადანაშაულა. იქვე, მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსებას გაუზრდიდა.

„ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ დავიცვათ ქართული პოლიტიკა რუსული ფულისაგან. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში უნდა შეიქმნას ფონდი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკური პარტიების ფინანსური მხარდაჭერისათვის. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძლიერი კვალიფიციური პოლიტიკური  სუბიექტები ფინანსდებიან და ეს დაფინანსება კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს“, – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა 2011 წლის 11 ოქტომბერს.

Civil.Ge © 2001-2024