იაკობაშვილი: ობამა–სააკაშვილის მოლაპარაკებები ‘ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Jan.'12 / 12:37

აშშ–ის და საქართველოს პრეზიდენტებს შორის 30 იანვარს თეთრ სახლში დაგეგმილი შეხვედრა „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს“, განაცხადა საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში თემურ იაკობაშვილმა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მითუმეტეს იმ პოლიტიკურ რეალობაში, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, მხედველობაში მაქვს ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენები“, – განუცხადა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქცენტებს“ 29 იანვარს.

მისი თქმით, დღის წესრიგში უამრავი საკითხია, რომლებიც ორ პრეზიდენტს შორის შეხვედრაზე იქნება განხილული, მათ შორის ოთხი ძირითადი სფეროა – პოლიტიკა, ეკონომიკა, უსაფრთხოება და დემოკრატია.

„ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული წინადადებები და კონკრეტული მიღწევებიც“, – განაცხადა იაკობაშვილმა, რომელსაც აშშ–ში საქართველოს ელჩის თანამდებობა 2011 წლის თებერვლიდან უკავია.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას მსგავსად, საქართველოს ელჩმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული áƒ“ათქმა  აშშ-ის 2012 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის იმ ნაწილზე, რომელიც საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის „ნორმალიზაციისკენ“ მოუწოდებს,  მათ შორის თავდაცვითი იარაღის მიყიდვის გზით, „წმინდა იურიდიული საკითხია“ საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების კონსტიტუციური უფლებამოსილებების შესახებ და არ უნდა მოხდეს მისი იმგვარი ინტერპრეტირება, თითქოს ობამას ადმინისტრაცია საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების წინააღმდეგია.

„ჩვენ დაგვარწმუნეს ამერიკის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ის კომენტარები [პრეზიდენტ ობამას მიერ გაკეთებული] არანაირად არ ეხებოდა საქართველოს“, – განაცხადა იაკობაშვილმა,
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ქართულ–ამერიკული ურთიერთობები, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით, იქნება აყვანილი ახალ დონეზე".

„უსაფრთხოება არ არის მხოლოდ და მხოლოდ იარაღის მიყიდვა, ეს არის მისი კომპონენტი და მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით ჩვენ გვექნება პროგრესი; მაგრამ უფრო მთავარია, იარაღის მიყიდვა–გაყიდვაზე, სხვა კომპონენტები, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების გარანტია უნდა გახდნენ, მათ შორის პოლიტიკური საკითხები, როგორიცაა ნატოსთან ურთიერთობა, ნატოში ინტეგრაცია, ორმხრივი სამხედრო ურთიერთობები, რომელიც მარტო იარაღით, რა თქმა უნდა, არ შემოიფარგლება, აქ კიდევ სხვა მთელი რიგი საკითხებია“, – განაცხადა საქართველოს ელჩმა.

მან განაცხადა, რომ აშშ „საქართველოს თავდადებული მხარდამჭერია“,  მათ შორის მისი ნატოში მისწრაფების კუთხით და დასძინა, რომ ეს მხარდაჭერა ახლა „ზუსტად ისეთია“, როგორც ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო.  

რაც შეეხება დემოკრატიას, იაკობაშვილმა განაცხადა: „ის, რაც ჩვენ გვესმის ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, ისინი ძალიან სერიოზულად არიან კმაყოფილები იმ გარდაქმნებით, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოში“.

„ამ პროცესში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ასეთი არჩევანი, რომელიც იქნება გაკეთებული ... იქნას უფრო მაღალი სტანდარტით, ვიდრე წინა – ეს არის ჩვენი ნაციონალური ინტერესები, რაც ემთხვევა ამერიკის ნაციონალურ ინტერესებს", – განაცხადა მან.

მისი თქმით, რაც შეეხება „დემოკრატიზაციის მეორე კუთხეს“ ამაზეც მნიშვნელოვანია საუბარი, რადგანაც „საქართველო მართლაც არის განხილული, როგორც დემოკრატიული ტრანსფორმაციის საუკეთესო მაგალითი ბოლო ათ წელიწადში“.    

„ის, რაც შეძლო საქართველომ ბოლო რვა წლის განმავლობაში არის სამაგალითო; ვიღაცას თუ მიაჩნია, რომ დემოკრატია მარტო ერთი არჩევნებია, ძალიან ცდება. დემოკრატია უფრო პროცესია და ამ პროცესში საქართველოს აქვს ძალიან ბევრი თემა, რომელზეც შეუძლია იამაყოს“, – განაცხადა იაკობაშვილმა.

გარდა აშშ–ის პრეზიდენტთან შეხვედრისა, ვიზიტის დროს მიხეილ სააკაშვილი ასევე შეხვდება კონგრესის ათობით დემოკრატ და რესპუბლიკელ წევრს, ასევე მედიის წარმომადგენლებს და ექსპერტებს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინგლისურენოვან პრეს–რელიზში.

სამშაბათს სააკაშვილი სიტყვით გამოვა მსოფლიო ბანკის კვლევის პრეზენტაციაზე  სახელწოდებით „კორუფციის დაძლევა áƒ¡áƒáƒ¯áƒáƒ áƒ სამსახურებში – საქართველოს რეფორმების ქრონიკა“ (Fighting Corruption in Public Services - Chronicling Georgia’s Reforms). ოთხშაბათს იგი აშშ–ის მშვიდობის ინსტიტუტში ისაუბრებს თემაზე „პოსტ–რევოლუციური საზოგადოებები და რა მოყვება არაბულ გაზაფხულს“ (Post-Revolutionary Societies and What Comes After the Arab Spring).

Civil.Ge © 2001-2024