ივანიშვილი ობამა–სააკაშვილის მოლაპარაკებებს მიესალმა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Feb.'12 / 12:00

მილიარდერი ოპოზიციონერი ბიძინა ივანიშვილი მიესალმა საქართველოს და აშშ–ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრას და განაცხადა, რომ მას „ძალიან დიდი პოზიტიური მნიშვნელობა ჰქონდა, რამდენადაც ამერიკის სახელმწიფომ კიდევ ერთხელ აჩვენა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისადმი“.

მან ხაზი გაუსვა ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაძლებლობის შესწავლის თაობაზე და განაცხადა, რომ აშშ–თან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას „ექნება დიდი მნიშვნელობა მომავლისთვის, განსაკუთრებით იმის შემდეგ, როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში“, რადგანაც „ეს ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანას“.

„აშშ–ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაასაბუთა, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას , – განაცხადა ივანიშვილმა ვიდეო მიმართვაში, რომელიც 31 იანვარს YouTube–ზე გავრცელდა.

„ჩვენმა პრეზიდენტმა [იმაზე] გააკეთა რეაქცია, რომ კარგია, რომ ამერიკა მხარს გვიჭერს, მაგრამ მარტო ამერიკა ამას არ წყვეტს და სხვა ნატოში შემავალ ქვეყნებზეც არის დამოკიდებული ეს გადაწყვეტილება. არ მეგულება არც ერთი ნატოს წევრი ქვეყანა, რომელსაც პრინციპულად საწინააღმდეგო პოზიცია გააჩნდეს [საქართველოს ნატოში გაწევრიანების]“, – განაცხადა ივანიშვილმა, „მოგეხსენებათ, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს და ჩვენც მივესალმებით ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას. მე მგონი, ერთადერთი კაცი, რომელიც ამას ხელს უშლის, ეს გახლავთ ბატონი სააკაშვილი, რომელიც თავისი ქმედებით, განსაკუთრებით მისი ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წლებში, გამოკვეთილად ეწინააღმდეგება ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას“.

მან ასევე განაცხადა, რომ სახელისუფლებო სატელევიზიო არხები და სააკაშვილის მხარდამჭერები ცდილობენ აჩვენონ, რომ ეს შეხვედრა პირადად სააკაშვილის დამსახურება იყო. „რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის; მარტივი გასაგებია, რომ ეს იყო პატივისცემა ჩვენი ქვეყნისადმი და საქართველოს მოსახლეობისადმი“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე დასძინა: „თუმცა, ამ შეხვედრაში შეიძლება მართლაც დავინახოთ რაღაც ქვეტექსტი, როდესაც ობამა კონკრეტულად სააკაშვილს გულისხმობს, როდესაც მას შეახსენებს, რომ ბატონ ობამას იმედი აქვს, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნების გზით, კანონიერი გზით მოხდება ხელისუფლების გადაცემა“.

საქართველოსა და აშშ–ის პრეზიდენტების  შეხვედრაზე ქართველ პოლიტიკურ სპექტრს მთლიანობაში დადებითი რეაქციები ჰქონდა. ერთ–ერთი გამონაკლისი იყო ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელმაც განაცხადა 31 იანვარს, რომ სააკაშვილთან თეთრ სახლში შეხვედრა და მისი რეფორმების გამო შექება პრეზიდენტ ობამას áƒ›áƒ®áƒ áƒ˜áƒ“ან ქართველი ხალხის დიდი შეურაცხყოფა იყო. მისი თქმით, ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველო არა მხოლოდ ამერიკის კოლინიაა, არამედ „ამერიკის კოლექტიური მონები ვართ“. 

 

Civil.Ge © 2001-2024