ეროვნული ფორუმი ბიძინა ივანიშვილის კოალიციას შეუერთდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Feb.'12 / 14:32


ეროვნული ფორუმის ლიდერი, კახა შარტავა ჟურნალისტებს ესაუბრება 6 თებერვალს შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან.

ეროვნული ფორუმი ოპოზიციონერი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კოალიციას უერთდება.

„შევთანხმდით იმაზე, რომ ეროვნული ფორუმი გახდება ამ ახალი კოალიციის წევრი,“– განაცხადა "ფორუმის" ლიდერმა კახა შარტავამ დღეს ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ და იმედი გამოთქვა, რომ მისი პარტიის შიგნით“ დადებითად იქნება აღქმული ეს შეთანხმება“. 

მისი თქმით, კოალიციის შექმნა მას შემდეგ გამოცხადდება, რაც ბიძინა ივანიშვილი საკუთარი პარტიის საინიციატივო ჯგუფს, „ალბათ უახლოესი პერიოდის განმავლობაში“, წარადგენს.

როგორც ივანიშვილის პოლიტიკურმა პარტნიორებმა ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, კოალიციის ფორმირების წესი და სხვა დეტალები უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.

“ეს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, რაც განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ის ქართველ ხალხს შესთავაზებს სწორედ გამარჯვების მომტან კოალიციას, მიდის წინ და ძალიან მალე ეს ყველაფერი უკვე სრული სახით იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილთან და ალასანიასთან ერთად ივანიშვილის კოალიციაში წარმოდგენილი იქნებიან კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური და ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი. კოალიცია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სავარაუდოდ, ერთ საარჩევნო ბლოკად დარეგისტრირდება.

რაც შეეხება ივანიშვილის პარტიას, მისი დაფუძნების თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა. ივანიშვილმა, რომელიც უკვე ხელმძღვანელობს საზოგადოებრივ მოძრაობას „ქართული ოცნება“, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თუ ის საქართველოს მოქალაქეობის არ ქონის გამო პარტიის ოფიციალურ ლიდერობას ვერ შეძლებს, სათადარიგო გეგმის თანახმად, დაგეგმილ პარტიას მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე ჩაუდგება სათავეში.

Civil.Ge © 2001-2024