ივანიშვილი ‘აფრთხილებს’ სააკაშვილს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Feb.'12 / 17:22


ბიძინა ივანიშვილმა 8 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე, "ქართული ოცნების" ოფისში ჟურნალისტებს მისი პრესსპიკერი, მაია ფანჯიკიძე წარუდგინა. ფოტო გურამ მურადოვი/Civil.ge

მილიარდერმა ოპოზიციონერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის „აფრთხილებს“ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელსაც „არანაირ სერიოზულ თანამდებობაზე არ უნდა ჰქონდეს დარჩენის სურვილი“, რომ დროულად „დაბრუნდეს კანონიერების ჩარჩოში“ და ასეთ შემთხვევაში „შეცდომების“ მისთვის „მიტევება“ შესაძლებელი იქნება.

მისი თქმით, ამისათვის მიხეილ სააკაშვილმა „რაც შეიძლება სწრაფად“ უნდა მოახერხოს პოლიციის დეპოლიტიზაცია და დაუბრუნოს მას თავისი ფუნქცია; მედიის გათავისუფლება „ყოველგვარი სახელისუფლებო წნეხისაგან“, ასევე სწრაფად უზრუნველყოს ადამიანის უფლებები და სასამართლოს დამოუკიდებლობა.

“ასეთ შემთხვევაში, ჩვენც, დარწმუნებული ვარ, თქვენც და საქართველოს მოსახლეობა მთლიანად შევძლებთ და მე მგონი, ამისი რესურსები კიდევ დარჩა, რომ სააკაშვილს მივუტევოთ და ვაპატიოთ ის შეცდომები, რომლებიც მან მრავალი ჩაიდინა და მას საშუალება ექნება იყოს ჩვენი მოქალაქე, რისი სურვილი ჩვენც გაგვაჩნია, და საქართველოში მას ეცხოვრებოდეს“, – განაცხადა ივანიშვილმა. 

“თუ ამას არ იზამს ნებით, მაშინ ვაიძულებთ რომ ეს გააკეთოს, აიძულებს საქართველოს მოსახლეობა ჩვენის დახმარებით და ის ვერ შეძლებს მთელი საქართველოს დაპატიმრებას, დაშინებას და დატყვევებას“, – განაგრძო მან, „ჩვენ მას ვაიძულებთ, რომ დაბრუნდეს კანონიერ სივრცეში, კანონის უზენაესობას სცეს პატივი და ეს მოხდება ნაბიჯ–ნაბიჯ და მოხდება აუცილებლად“.

“მაგრამ ასეთ შემთხვევაში მე ვაფრთხილებ სააკაშვილს და მის ახლო გარემოცვას, იდეოლოგებს თუ დამხმარეებს, რომ სააკაშვილი ამოწურავს ყველანაირ რესურსებს, თუ ის ძალიან სწრაფად არ დაიწყებს კანონიერების აღდგენას საქართველოში და ეს მოხდება იძულებით და ჩვენ ამას მოვახერხებთ. სააკაშვილს უწევს ხიდების დაწვა, მას აღარ აქვს არანაირი რესურსი  – რესურსი იმისა, რომ მას აღარ ჩაესვლება ამერიკაში, როდესაც ძალისმიერი გზით ვაიძულებთ მას ყველაფერი დათმოს რაც ეკუთვნის ხალხს, ვეღარ ჩავა ევროპაში და აღარ დაედგომება საქართველოშიც“, – განაცხადა ივანიშვილმა და მოგვიანებით განმარტა, რომ “ძალისმიერი გზაში“ გულისხმობდა იძულებას.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარება მას არ უნდა და მისი „ძალიან დიდი სურვილია“, რომ სააკაშვილი „დროულად მოეგოს გონს“ და „ნუ ანადგურებს საკუთარ მომავალს“.  

“დღეს ქვეყანას უფრსკულში მას არავინ აღარ გაატანს, ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ, მაგრამ საკუთარი თავი შეიძლება მან გადაჩეხოს და გაანადგუროს საკუთარი მომავალი“, – განაცხადა ივანიშვილმა, “მე მისთვის უამრავი კარგი რჩევები მაქვს მიცემული და დღეს ვაძლევ საუკეთესო რჩევას, რომ გონს მოეგოს და დაბრუნდეს კანონიერების ჩარჩოში და აღიაროს კანონის უზენაესობა“.

მან ეს განცხადებები 8 თებერვალს პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც ასევე შეეხო აშშ–ის ინტერესებს საქართველოს მიმართ "აშენდეს ჭეშმარიტი დემოკრატიული სახელმწიფო" და ამ კონტექსტში ობამა–სააკაშვილის შეხვედრაზეც ისაუბრა.

ივანიშვილის თქმით, ის რაც ხდება ბოლო წლებში ქვეყანაში საქართველოს მოსახლეობისთვისაც და არც აშშ–ის მთავრობისთვის, რომელმაც „ძალიან დიდი ინვესტიციები“ ჩადო საქართველოში, რათა ვარდების რევოლუციის შემდეგ ეამაყა, რომ „პოსტ–საბჭოთა სივრცეში იქმნებოდა პრეცედენტი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის“, არ არის საინტერესო.

“ის, როგორი რეალობაც გვაქვს დღეს საქართველოში, კარგად იციან ამერიკაში და რა თქმა უნდა, არ არის მათთვის საინტერესო, საინტერესო არ არის ამის აღიარებაც კი. მათაც აქვთ სურვილი ძალიან იმის, რომ როგორმე მოხერხდეს შემობრუნება, შემოტრიალება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრის შემდეგ მედიის წინაშე „შეაქეს“, თუმცა დახურულ კარს მიღმა „მას კონკრეტულად უთხრეს, რომ ამერიკა არ შეეგუება და არ მიიღებს იმას, რასაც აპირებს სააკაშვილი, როგორი გზებითაც და როგორი ხერხებითაც ის აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას, რომ ამერიკისთვის ეს იქნება მიუღებელი“.

“შიგნით უთხრეს მკვეთრად, გარეთ მოეფერნენ ჟურნალისტებთან ერთად  – ეს ნიშნავდა იმას, რომ ‘შენ თუ მოახერხებ, გადააბარებ ხელისუფლებას კანონიერი გზით, შენ დარჩები როგორც რეფორმატორი ჩვენს თვალში და ამერიკული საზოგადოების თვალში’. მას მისცეს საშუალება, რომ შეინარჩუნოს სახე და მიუთითეს, რომ ‘ვალდებული ხარ კანონიერი გზით გადააბარო ხელისუფლება’“, – განაცხადა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე. 

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობას „გასაგებია“, რომ აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და მოიგოს ის, თუმცა „პრობლემაა მათ ლიდერთან... მას არანაირ სერიოზულ თანამდებობაზე არ უნდა ჰქონდეს სურვილი დარჩენის“.

“[მმართველ] პარტიას აქვს ეს სურვილი და ცუდი არაფერი არაა, მაგრამ მე ვთვლი, რომ მათ აქვთ ძალიან ცოტა შანსი, რომ ისინი დარჩნენ დომინანტად დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში“, – განაცხადა ივანიშვილმა, რომელიც ვარაუდობს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მისი კოალიცია უმრავლესობით მოიგებს.

პარტია, პრესსპიკერი

დაახლოებით, ერთ კვირაში, ივანიშვილი მისი პარტიის საინიციატივო ჯგუფის წარდგენას გეგმავს. მისი თქმით, თავად პარტიის პრეზენტაცია მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში არის დაგეგმილი.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა მის პრესსპიკერად მაია ფანჯიკიძე წარადგინა, რომელიც პარალელურ რეჟიმში ასევე გააგრძელებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ოფისის ხელმძღვანელობას.

მაია ფანჯიკიძე 1994 წლიდან დიპლომატიურ სამსახურში მუშაობდა, მათ შორის იყო საქართველოს ელჩი გერმანიაში, ბოლოს კი ნიდერლანდების სამეფოში. ამ უკანასკნელი თანამდებობიდან ის 2010 წელს ვადამდე ერთი წლით ადრე გაათავისუფლეს, რის ერთ–ერთ მიზეზადაც ფანჯიკიძემ მაშინ მისი ნათესაური კავშირი დაასახელა ივანიშვილის ამჟამინდელ პოლიტიკურ პარტნიორთან და მაშინ ოპოზიციაში ახლად გადასულ ირაკლი ალასანიასთან.

კოალიცია და მისი შესაძლო გაფართოვება

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ “ძალიან მეგობრული“ და „ჰარმონიული“ ურთიერთობები ჩამოყალიბდა მისი კოალიციის შიგნით და ხაზი გაუსვა, რომ ფუჭია გარედან, მათ შორის მედიის მიერ, იმის მცდელობა, რომ გუნდში დაპირისპირება წარმოაჩინონ. 

“სეთურის სამსახური [თავად განმარტა, როგორც „დასმენის და ჭორების მომტანი სამსახური“], რომელიც ყველაზე კარგად მუშაობს დღეს, მე მგონი მერაბიშვილის სამსახური... [რომლიდანაც] ხშირად შემოაქვთ ჩემამდე [ცნობები] და ხშირად აღწევს, არაფერი ძალა ამას არ ექნება და ტყუილად იხარჯებიან. მე ძალიან კარგად ვიცი ხალხის შერჩევა, ძალიან კმაყოფილი ვარ ყველა პარტიით, რომელთანაც ჩვენ უკვე მოვახერხეთ ურთიერთობის დამყარება“, – განაცხადა მან. 

ივანიშვილმა ასევე ისაუბრა კოალიციის გაფართოვების პერსპექტივაზე და აღნიშნა, რომ ამ მიზნით ის მოპალარაკებებს აწარმოებს ქალთა პარტიის ლიდერთან გუგული მაღრაძესთან და საქართველოს გზის áƒ“ამფუძნებელთან სალომე ზურაბიშვილთან, რომლებიც, მისი თქმით, მზად არიან თანამშრომლობისთვის. ზურაბიშვილმა ქართული პოლიტიკიდან დროებით წასვლის შესახებ განცხადება 2010 წლის ნოემბერში გააკეთა და დიპლომატიური კარიერა გაეროში განაგრძო.

ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი კანდიდატების კოორდინირებულად წარდგენის ინიციატივის ფარგლებში, ის განიხილავს თანამშრომლობას სოციალ–დემოკრატიული პარტიის ლიდერთან გია ჟორჟოლიანთან და ასევე მწვანეთა პარტიასთან, რომლის ხელმძღვანელიც არის გია გაჩეჩილაძე.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში „ეჭვმიტანილ“ პარტიებთან, რომელთა შორისაც მან ჯერ კიდევ ოქტომბერში ქრისტიან–დემოკრატები, ახალი მემარჯვენეები და ლეიბორისტული პარტია დაასახელა, „ჩვენ ურთიერთობები არანაირი არ გვექნება, რადგან „განვიხილავთ ისეთივე რანგში, როგორც სახელისუფლებო პარტიას“.

„ასეთი ეჭვები“, მისი თქმით, არ არსებობს ნინო ბურჯანაძისა და კახა კუკავას პარტიების მიმართ, მაგრამ „იდეოლოგიური“ განსხვავებების გამო მათთან კოალიციურ თანამშრომლობას „ალბათ ვერ მოვახერხებთ“. თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ „საარჩევნო სივრცის გაუმჯობესების“ და მსგავს „ტექნიკურ საკითხებზე სიამოვნებით ვითანამშრომლებთ მათთან“. 

“ჩვენ ვართ პროდასავლური იდეოლოგიის და არჩევნების გზით ვაპირებთ მხოლოდ ხელისუფლების შეცვლას. ქალბატონი ბურჯანაძეც და კუკავას პარტიაც პროდასავლურობას არ მიესალმებიან და ამავდროულად ცდილობენ ქუჩიდან დაიწყონ ხელისუფლების შეცვლა“, – განმარტა მან, „მათ განვიხილავთ, როგორც ოპოზიციურ პარტიებს, დღევანდელი ხელისუფლების ოპონენტებს და ჩვენი მხრივ ვაცხადებთ, რომ არავითარი კრიტიკა [არ იქნება], მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მათთან გვქონდეს მეგობრული ურთიერთობა“.  

რუსეთში აქტივები

რუსეთში მისი აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც 5.5. მლრდ დოლარად შეფასებული მისი ქონების მესამედს შეადგენს და რომლის რეალიზაციაც მისი ერთ–ერთი განაცხადი იყო პოლიტიკაში შემოსვლისას, ივანიშვილმა განაცხადა, რომ პროცესი მიმდინარეობს და „ძირითადი კონტრაქტები“ აპრილისთვის შედგება.

მისი თქმით, თითქმის ყველა მის ობიექტს „ორ–ორი მყიდველი“ ჰყავს, თუმცა ეს პროცესი გარკვეულწილად ფერხდება ეკონომიკური კრიზისის და რუსეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გამო.

„მე მგონი რომ აპრილამდე ყველაფრის რეალიზაცია მოხერხდება. რაც მთავარია არიან რეალური მსურველები, არის წინადადებები, მიდის ვაჭრობა“, – განაცხადა ივანიშვილმა, რომელმაც რუსეთთან ფორმალური კავშირების გაწყვეტის მოტივით ასევე უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე.

იმავდროულად, რუსეთში ანტისახელისუფლებო გამოსვლებთან დაკავშირებით áƒ“ასმული შეკითხვის საპასუხოდ, áƒ›áƒáƒœ განაცხადა: „კარგია, რომ იქ დაიწყო დემოკრატიული პროცესები, რასაც მე მივესალმები“. თუმცა იქვე დასძინა, რომ კარგი იქნება, თუ ფოკუსირება საქართველოს შიგნით არსებულ ვითარებაზე მოხდება.

Civil.Ge © 2001-2024