სააკაშვილმა აშშ–ში ვიზიტი „სტრატეგიულ გარღვევად“ შეაფასა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Feb.'12 / 19:44

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი აშშ–ში, რომლის დროსაც ის პრეზიდენტ ობამას შეხვდა, „სტრატეგიულ გარღვევას“ წარმოადგენს თავდაცვის სფეროსა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე დისკუსიის დასაწყებად ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კუთხით. 

ამის შესახებ სააკაშვილმა 13 თებერვალს მის რეზიდენციაში შეკრებილ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს განუცხადა, რომელთაც „ანგარიში“ ჩააბარა, მისი თქმით, აშშ–ში განხორციელებულ „ძალიან ნიშანდობლივ“ ვიზიტთან დაკავშირებით.

„მთავარი რაც იყო ამ ვიზიტთან მიმართებაში იყო ის, რომ რეალურად ჩვენთვის ეს იყო სტრატეგიული გარღვევა ამერიკის მიმართულებით და ზოგადად, საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გაძლიერების კუთხით“, – განაცხადა მან.

“ერთი რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე დაიწყო დისკუსია და უახლოეს კვირებში თბილისში ჩამოვა ჯგუფი და ჩვენ დავიწყებთ, შევქმნით ფორმატს მაღალ დონეზე.  მთავრობებს შორის ამ ხელშეკრულების მომზადების განხილვა – ჩემთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი სიგნალი. უკვე უახლოეს თვეებში და წლებში, ეს არის, რა თქმა უნდა, მრავალწლიანი პროცესი, საქართველოს ეკონომიკაში ახალი ინვესტიციების წამოსვლის მნიშვნელოვანი წყაროს გაჩენის, გათვალისწინებით იმისა, რომ არავის ჩვენთან რეგიონში, არც ევროპაში ასეთი ხელშეკრულება მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზართან, ყველაზე დიდ ეკონომიკასთან არ გააჩნია“, – აღნიშნა მან.  

“და მეორე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადეს საქართველოსთვის დახმარება, პირველად ისტორიაში, საქართველოს საკუთარი თავის დაცვის მიმართულებით“, – განაცხადა სააკაშვილმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე და დასძინა, რომ „ესეც, რა თქმა უნდა, არის წლების განმავლობაში გაგრძელებადი პროცესი“. 

“ეს ორი თემა არის საქართველოსთვის მართლაც სტრატეგიული გარღვევა,“– ხაზი გაუსვა მან.

Civil.Ge © 2001-2024