გაეროს სპეციალური მომხსენებელი: ‘შემაშფოთებელი ნიშნები’ საქართველოს ‘ზოგადად დადებით კურსს’ საფრთხეს უქმნის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Feb.'12 / 14:13

დეკემბრის ბოლოს პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები „არათანაბარ პოლიტიკურ პირობებს ქმნის“ და „კონკრეტული პირის პოლიტიკური საქმიანობის გაკონტროლების სურვილით“ უფროა მოტივირებული, ვიდრე „ობიექტური და მდგრადი მიზეზებით“, განაცხადა მაინა კიაიმ, შეკრების  და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე მომუშავე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა 13 თებერვალს საქართველოში რვადღიანი ვიზიტის შეჯამებისას.

მაინა კიაი, შარშან მარტში გაეროს სპეციალურ მომხსენებლად დანიშვნამდე, კენიის ადამიანის უფლებათა კომისიას თავმჯდომარეობდა, ხოლო მანამდე Amnesty International–ის აფრიკის ორგანიზაციის დირექტორი იყო.

გაეროს სპეციალური წარმომადგენელი 6–13 თებერვალს საქართველოში ვიზიტის დროს ხელისუფლების წარმომადგენლებს, სახალხო დამცველს, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა თბილისში, ქუთაისში და ბათუმში. ვიზიტის დროს მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მაინა კიაი მოხსენებას მოამზადებს და მას 2012 წლის ივნისში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წარუდგენს.

კიაიმ საქართველოს ხელისუფლება შეაქო იმ ძალისხმევისთვის, რასაც საკუთარი მოქალაქეების „დაცულობის და უსაფრთხოების გაზრდა“, მძიმე დანაშაულის და წვრილმანი კორუფციის შემცირება მოყვა და ასევე მიესალმა რელიგიური გაერთიანებების სტატუსთან დაკავშირებით შარშან მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

თუმცა მან, ძირითადად, ისაუბრა იმ „მთელ რიგ შემაშფოთებელ ნიშნებზე, რომლებიც მიანიშნებს, რომ საქართველოს ზოგადად დადებითმა კურსმა შესაძლოა გეზი იცვალოს და მოდერნიზაციაზე ფოკუსირებამ შესაძლოა საქმე ყოვლისმომცველ შიშის გარემომდე და ფუნდამენტური თავისუფლებების თვითნებურ შეზღუდვებამდე მიიყვანოს“.
 
„ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველოს შეუძლია განაგრძოს სვლა კეთილდღეობისკენ, სიმდიდრისკენ და უსაფრთხოებისკენ, ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემაზე გადის. როგორც ჩანს, ბოლოდროინდელი საკანონმდებლო აქტები, ასევე სახელმწიფოს ქმედებები, საფრთხეს უქმნის ამ გზას“, – განაცხადა მან.

ბევრი ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის მსგავსად, გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმაც განაცხადა, რომ დეკემბრის ბოლოს პოლიტიკური áƒ’აერთიანებების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებში „ზოგჯერ ბუნდოვანი ენაა გამოყენებული“ და ეს ცვლილებები „უნდობლობის საერთო კლიმატს ამწვავებს და დიდწილად არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებს“.
 
საქართველოს უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პარტიების დაფინანსების წესებს ამკაცრებს და პარტიებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს áƒáƒ•áƒ áƒªáƒ”ლებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებზეც, რომლებიც „პირდაპირ ან არაპირდაპირ“ არიან დაკავშირებული პარტიასთან, „აქვს სამოქალაქო - პოლიტიკური აქტივობების შემზღუდველი ეფექტი“. გარდა ამისა, მათი თქმით, ნორმების „ბუნდოვანება და ყოვლისმომცველობა“ გარდაუვალს ხდის კანონის შერჩევით და სუბიექტურ აღსრულებას.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა განაცხადა, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები „შეზღუდვებს უწესებს ყველა პირს ქვეყანაში მხოლოდ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათ პოლიტიკური შეხედულებები გააჩნიათ“.

„ეს არღვევს გაერთიანების უფლებას და პოტენციურ საფრთხეს უქმნის იმ უფლებადამცველ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობაც შესაძლოა პოლიტიკურად ჩაითვალოს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს ხელს უწყობს არასამთავრობო სექტორში შიშის სინდრომის გაჩენას.  

მან ასევე განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ის დებულება, რომლის თანახმადაც კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას გამოხატვის თავისუფლების და სამოქალაქო აქტიურობის წინააღმდეგ, „არ არის საკმარისი დაცვის მექანიზმი, რათა თავიდან იქნას აცილებული კანონის ბოროტად გამოყენება“.

მაინა კიაიმ ასევე განაცხადა, რომ იგი „შეწუხებულია“ იმის გამოც, რომ კანონი „საკმაოდ დისკრეციულ უფლებამოსილებას“ ანიჭებს კონტროლის პალატას, რომელსაც პოლიტიკური ფინანსების კონტროლი ევალება. მისი თქმით, კონტროლის პალატას ენიჭება დიდი უფლებამოსილება „დასაბუთების გარეშე და მკაფიო კრიტერიუმების არ არსებობის პირობებში თავად გადაწყვიტოს არის თუ არა იურიდიული ან ფიზიკური პირი პოლიტიკურ პარტიასთან ‘დაკავშირებული’ და თან ისე, რომ არ არსებობს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი“.
 
2011 წლის 26 მაისს აქციის დარბევაზე საუბრისას გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა განაცხადა, რომ პოლიციამ „აშკარად გადაჭარბებული ძალა“ გამოიყენა, რამაც წარმოშვა „ეჭვი, რომ განზრახვა არა იმდენად მომიტინგეთა დაშლა იყო, არამედ მათი დასჯა და შიშის დანერგვა“. მან ამ მოვლენების „ახალი, დამოუკიდებელი და გამჭირვალე გამოძიებისკენ“ მოუწოდა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.

მაინა კიაიმ საქართველოს „ძალიან რთული შრომითი გარემოც“ გააკრიტიკა. გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა შარშან ქუთაისში, მეტალურგიული ქარხნის მუშების გაფიცვა გაიხსენა და განაცხადა, რომ იგი შეშფოთებულია „ბრალდებების გამო, რომელთა თანახმად, ხდება იმ მუშების დევნა და დაშინება, რომლებიც არიან ან სურვილი აქვთ გახდნენ პროფკავშირების წევრები“.

მან áƒ¨áƒ”შფოთება გამოხატა „საქართველოში სახელმწიფო და კერძო სექტორიდან თანამშრომლების გათავისუფლებაზე, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ მხარს უჭერენ ოპოზიციურ პარტიებს“.

„როგორც ჩანს, ეს ყველაზე მეტად მასწავლებლებს ეხება, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობენ და არ არიან დაცულები როგორც საჯარო მოხელეები“, – განაცხადა მან. იგი სავარაუდოდ იმ ბოლოდროინდელ ინფორმაციას გულისხმობდა, რომლის მიხედვითაც საჩხერის რაიონში რამდენიმე სკოლის მასწავლებელი ოპოზიციური პოლიტიკოსის ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის და მისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით პეტიციის ხელმოწერის გამო გაათავისუფლეს.

Civil.Ge © 2001-2024