შემოსავლების სამსახური: ბრალდება ივანიშვილის სატელიტური სადგურის დაზიანების შესახებ ‘მიუღებელია’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Feb.'12 / 11:58

საქართველოს შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ მილიარდერი ოპოზიციონერის ბიძინა ივანიშვილის მიერ წამოყენებული ბრალდება მისი ტელეკომპანიის კუთვნილი მოძრავი სატელევიზიო სატელიტური სადგურის საბაჟო შემოწმების დროს „შეგნებულად დაზიანების“ შესახებ „გაუგებარი და მიუღებელია“.

ივანიშვილის პრესსამდივნომ განაცხადა 14 თებერვალს, რომ 450 000 ევროს ღირებულების სატელივიზიო სატელიტური სადგური „შეგნებულად დააზიანეს“ მაშინ, როცა ის ბათუმის პორტში 5 საათის განმავლობაში იყო საბაჟო კონტროლის გავლის მიზნით „დაკავებული“ და áƒ¢áƒ•áƒ˜áƒ áƒ—ის თანმხლებ პასუხისმგებელ პირებს და არც შპს „იგრიკას“ წარმომადგენლებს არ მიეცათ საშუალება დასწრებოდნენ საბაჟო კონტროლის გავლის პროცესს.

შემოსავლების სამსახურმა განაცხადა 15 თებერვალს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში, რომ კომპანია „იგრიკას“ კუთვნილი Mercedes Benz-ის მარკის  მიკროავტობუსი ბათუმის პორტში 9 თებერვალს შევიდა და კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საბაჟო კონტროლის გავლის მიზნით ტვირთის ზედაპირული დათვალიერების პროცედურა განხორციელდა.

ამავე განცხადების თანახმად, შპს ,,იგირკას“ წარმომადგენლებს დათვალიერების პროცედურაზე დასწრება არ მოუთხოვიათ.

„მიკროავტობუსი გაიხსნა მხოლოდ მისი საბარგულის შესამოწმებლად“, – განაცხადა შემოსავლების სამსახურმა, „საბაჟო პროცედურების თანახმად,  ყველა ავტომობილი თვალიერდება ანალოგიური მეთოდით, რათა თავიდან იქნეს აცილებული არადეკლარირებული ტვირთის საქართველოში შემოტანა“. 

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, მიკროავტობუსი ტერმინალიდან მისმა მფლობელმა იმავე დღეს, დაახლოებით, ხუთი საათის შემდეგ გაიყვანა და  პრეტენზიები ტვირთის დაზიანების თაობაზე  მიკროავტობუსის გაყვანის დროს არ გამოთქმულა.

შემოსავლების სამსახურის თქმით, ინფორმაცია ტვირთის დაზიანების შესახებ მხოლოდ 5 დღის შემდეგ, 14 თებერვალს, შეიტყო, როდესაც შპს ,,იგრიკას“ წარმომადგენლებმა საჯაროდ განაცხადეს თავიანთი ბრალდებების შესახებ.

„9 თებერვლიდან 14 თებერვლამდე, "იგრიკას“ არც ერთ წარმომადგენელს არ მიუმართავს შემოსავლების სამსახურისთვის, ტვირთის დაზიანების პრეტენზიით“, – ნათქვამია განცხადებაში. 

„შემოსავლების სამსახური მოქმედებს კანონით დადგენილი წესებით. ამიტომ, ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია განცხადებები ბათუმის პორტში ტვირთის შესაძლო დაზიანების შესახებ“, – განაცხადა შემოსავლების სამსახურმა.

 

Civil.Ge © 2001-2024