![]() |
|||
სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა მიხეილ სააკაშვილმა ჰელმანდის პროვინციაში ბაზა"შუკვანზე“ ქართველ ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა და განუცხადა, თუ „რამდენად ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი იმითი, რასაც თქვენ აკეთებთ; იმითი, რასაც ჩვენ ყველანი ვაღწევთ“. ტელეკომპანია „რუსთავის 2“–ის ცნობით, სააკაშვილი ჰელმანდში, დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. “დღეს თქვენ წარმოადგენთ დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, დღეს ის, რასაც თქვენ აკეთებთ ეს არის პირდაპირი გაძლიერება საქართველოს პოზიციების, საქართველოს ჯარის, მთლიანად საქართველოს მომავლისთვის ძალიან მყარი საფუძვლის შექმნა“, – მიმართა მან ჯარისკაცებს. „მე ახლა [თებერვლის დასაწისში] ვნახე თქვენი ბატალიონის მეთაური ალექსანდრე ტუღუში მას შემდეგ, რაც მძიმედ დაშავდა [ჰელმანდში], ვაშინგტონში სამხედრო ჰოსპიტალში. წარმოუდგენელი გამბედაობის ოფიცერი – აი ეს არის ნამდვილი ქართველი კაცის ვაჟკაცობა,“– განაცხადა მან. „თუ გვინდა, რომ გვქონდეს ქვეყანა, უნდა გვყავდეს არმია და თუ გვინდა, რომ გვყავდეს არმია, უნდა ვიყოთ ავღანეთში – ძალიან მარტივია; სხვა არჩევანი არ არსებობს“, – დასძინა მან. 31–ე ქვეითთა ბატალიონი ჰელმანდის პროვინციაში მეორე, ექვსთვიანი როტაციის ფარგლებში იმყოფება. 2009 წლის ნოემბერში ISAF-ის ოპერაციაში ჩართვის შემდეგ საქართველომ 12 სამხედრო დაკარგა. წელს საქართველო ქვეითთა კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნას გეგმავს ავღანეთში, რომლებიც დაემატებიან იმ 936 ქართველ ჯარისკაცს, ვინც უკვე მსახურობს ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში. დამატებითი ბატალიონის გაგზავნის შემდეგ – რაც 749 სამხედროს შეადგენს – საქართველო ნატოს ის არაწევრი სახელმწიფო იქნება, რომელსაც ყველაზე მეტი სამხედრო ეყოლება ავღანეთში.
|
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025