კოალიცია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი დეკლარაცია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Feb.'12 / 13:17

პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" სადამფუძნებლო დეკლარაცია, 2012 წლის 21 თებერვალი

ჩვენი ქვეყნისათვის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი გზაგასაყარია - ამ არჩევნების შემდეგ საქართველოში რეალურად უნდა დაიწყოს მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრება. ეს არის არჩევანი თავისუფლებასა და დიქტატს, სამართლიანობასა და უსამართლობას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და საერთაშორისო იზოლაციას შორის. საქართველოს გადარჩენისა და თანამედროვე სახელმწიფოდ დამკვიდრებისთვის აუცილებელია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის გამარჯვება პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულ მმართველ რეჟიმზე, რომელიც დღეს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის.   

სწორედ ამ გამარჯვების უზრუნველსაყოფად შეიქმნა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“. კოალიცია აერთიანებს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც გაერთიანებული არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების საფუძველზე და áƒ’ამოხატავენ საზოგადოების უმრავლესობის მიზნებს.

არჩევნებში ხალხის თავისუფალი ნების გამოვლენის გზით ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნება“:

1. დაასრულებს ავტორიტარულ მმართველობას და პოლიტიკურ მესიანიზმს საქართველოში, რისთვისაც განავითარებს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ინსტიტუტებს, დაძლევს სამოქალაქო დაპირისპირების მემკვიდრეობას და განამტკიცებს ეროვნულ თანხმობას;

2. დაამკვიდრებს სახელმწიფო ორგანოთა დაბალანსებულ და გაწონასწორებულ მოდელს, რეალურ თვითმმართველობას და მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემას, რისთვისაც ხალხის აქტიური მონაწილეობით განახორციელებს კონსტიტუციურ რეფორმას;

3. უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და რეგიონული პოზიციების გამყარებას, რისთვისაც გააღრმავებს ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციას და მონაწილეობას მიიღებს რეგიონული მასშტაბის ეკონომიკურ და სამშვიდობო პროცესებში;

4. დაიწყებს და შეუქცევადს გახდის ქვეყნის გამთლიანების პროცესს, რისთვისაც  მოძებნის დიალოგის გზებს აფხაზებთან და ოსებთან, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მიაღწევს კონკრეტულ შედეგებს რუსეთთან მოლაპარაკებებში;

5. დაამკვიდრებს საარჩევნო დემოკრატიას, ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და არჩევნების გზით შეცვლის ტრადიციას, რისთვისაც გააძლიერებს ოპოზიციის როლს ქვეყნის მართვაში, დაიცავს მედიის თავისუფლებას და წაახალისებს სამოქალაქო ინიციატივებს;

6. უზრუნველყოფს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობას, დანაშაულისათვის სასჯელის გარდაუვალობას და პოლიტიკური ნიშნით დევნის დაუშვებლობას, რისთვისაც დაამკვიდრებს კანონის უზენაესობას, გაათავისუფლებს სასამართლოს და სამართალდამცავ ორგანოებს პოლიტიკური ზეწოლისგან;

7. არ დაუშვებს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის შერწყმას სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რისთვისაც გაათავისუფლებს საჯარო სამსახურებს მმართველი ძალის წნეხისგან და გამიჯნავს მათ პარტიული ინტერესისგან; 

8. დაძლევს უმუშევრობას და სიღარიბეს, შეუქმნის უნარიან და მშრომელ მოქალაქეებს სიმდიდრისა და კეთილდღეობის პირობებს, რისთვისაც განავითარებს წვრილ და საშუალო ბიზნესს და სოფლის მეურნეობას, დაიცავს კერძო საკუთრებას და შრომით უფლებებს, უზრუნველყოფს მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ქვეყნის ინტეგრირებას;

9. დანერგავს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებს, რისთვისაც განახორციელებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებულ, გააზრებულ რეფორმებს;

10. შეუქმნის შრომისუუნარო მოქალაქეებს ცხოვრების ღირსეულ პირობებს, რისთვისაც დაამკვიდრებს უსაფრთხო სოციალურ გარემოსა და განავითარებს სოციალური სოლიდარობის სისტემას;

11. ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეთა მრავალფეროვანი ერთობის - საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას, რისთვისაც  დაიცავს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს და ხელს შეუწყობს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში მათ ინტეგრირებას;

12.  იზრუნებს ქვეყნის ეროვნულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე და ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკურ მოდერნიზაციას, რითაც დაძლევს, ერთი მხრივ, ბრმა მიმბაძველობის, ხოლო, მეორე მხრივ, ფსევდოპატრიოტული კარჩაკეტილობის ტენდენციებს.

ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის

ჩვენ გავიმარჯვებთ არჩევნებში!

 

 

 

 

Civil.Ge © 2001-2024