ახალაიამ და ვოლანდერმა ‘თანამშრომლობის გაღრმავებაზე’ იმსჯელეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Feb.'12 / 11:43

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია 23 თებერვალს თბილისში რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში აშშ–ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს სელესტა ვოლანდერს შეხვდა და „თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები“ განიხილა, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

„აშშ-ის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს სამხედრო სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და მოდერნიზაციას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ასევე 23 თებერვალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ტელეფონით ესაუბრა აშშ–ის თავდაცვის მდივანს ლეონ პანეტას, რომელმაც სამძიმარი გამოთქვა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში სამი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

მინისტრთან შეხვედრამდე აშშ–ის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ასევე შედიოდა ევროპული სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორის მოადგილე, ადმირალი მარკ მონტგომერი, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლებს შეხვდა.

22 თებერვალს, ვიზიტის პირველ დღეს, აშშ–ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა და გორში თავდაცვის ეროვნულ აკადემიასაც ესტუმრა.

Civil.Ge © 2001-2024