საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს გააუქმებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Feb.'12 / 22:02

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 28 თებერვალს პარლამენტში ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო ცალმხრივად გააუქმებს სავიზო რეჟიმს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რათა „უფრო დიდი შანსი მივცეთ მშვიდობას“.

2010 წლის ოქტომბერში საქართველომ 90–დღიანი უვიზო რეჟიმი შემოიღო ჩრდილოეთ კავკასიის მაცხოვრებლებისთვის, ხოლო რუსეთის დანარჩენ მოქალაქეებს ვიზები საქართველოში შემოსვლისას შეუძლიათ აიღონ.    

„ჩვენ მჭიდრო კავშირს ვკრავთ დასავლეთთან, მაგრამ ამავე დროს ვართ დაინტერესტებული რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში. ჩვენ ვიცით, რომ ეს მარტივი არ არის, მაგრამ რუსეთი არის და ყოველთვის იქნება საქართველოს მეზობელი, რაც განაპირობებს ჩვენს წადილს დავამყაროთ მასთან მშვიდობა, ოღონდ ეს შეიძლება იყოს მშვიდობა რუსეთთან, რომელიც აღიარებს და ემორჩილება სუვერენულ სახელმწიფოებს შორის ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ნორმას“, – განაცხადა სააკაშვილმა.         

მისი თქმით, რუსეთთან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაზე áƒ¨áƒ”თანხმება კარგი მაგალითია იმისა, რომ რუსეთთანაც კი შესაძლებელია შედეგის მიღწევა, „თუ შენ პრინციპებზე მყარად დგახარ“.

„ჩვენ მივესალმებით ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან. ამიტომ, მზად ვართ უფრო დიდი შანსი მივცეთ მშვიდობას და გამოვდივართ ახალი ინიციატივით, რომ ცალმხრივად გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი რუსეთთან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„დაე, ყველა რუსმა ბიზნესმენმა იცოდეს, რომ შეუძლიათ საქართველოში ჩამოსვლა, ფულის ჩადება, ფულის გატანა, შემოტანა, ბიზნესის კეთება, წარმოების აწყობა, ხალხის დასაქმება და ის იქნება ისევე დაცული და შეეძლება თავისუფლად გადაადგილება, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყნის წარმომადგენელს... იცოდნენ რუსმა ტურისტებმა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩამოვიდნენ საქართველოში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველოში არავინ დაუშლის „მონატრებული ქართული ღვინისა და ბორჯომის დალევას“. რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტი 2006 წელს აკრძალა.

Civil.Ge © 2001-2024