სააკაშვილი: ‘არჩევნები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოცდაა’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Feb.'12 / 22:30

წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები „მნიშვნელოვანი გამოცდა“ იქნება და „ყველაზე თავისუფალი“ არჩევნების ჩატარება, რაც კი ოდესმე ჩატარებულა საქართველოში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 28 თებერვალს  პარლამენტში ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით გამოსვლისას.

„მე მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა და ჩვენი პრინციპის საკითხია, რომ ეს იყოს ყველაზე თავისუფალი, ყველაზე გამჭირვალე და ყველაზე დემოკრატიული არჩევნები, რომელიც როდესმე ჩატარებულა საქართველოში“, – განაცხადა მან. 

„ამისთვის ჩვენ ვიწვევთ ყველა საერთაშორისო დამკვირვებლებს, წინასწარი დაკვირვებისთვის, არჩევნების დღის დაკვირვებისთვის, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ინტერესია, ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი ყველაფერთან ერთად“, – განაცხადა პრეზიდენტმა. 

„რა თქმა უნდა, ჩვენს მტერს არ სძინავს და რა თქმა უნდა ის შეეცდება ყველანაირად დაამახინჯოს ეს პროცესი. ამიტომ რაც უფრო მეტი დამოუკიდებელი და ობიექტური დამკვირვებელი იქნება, საბოლოო ჯამში სიმართლე ბევრად უფრო მეტად იპოვის გზას“, – განაცხადა მან.

„პოლიტიკური პროცესების მაქსიმალურად სამართლიანად ჩვენ უნდა უზურნველყოთ პოლიტიკური ფინანსების გამჭირვალეობა, რათა არც ერთი ამომრჩევლისთვის არ იყოს დაფარული რა ფული იდება პოლიტიკურ კამპანიაში, რა ინტერესებია, მერე ამ ფულის სანაცვლოდ ვინ რის მიღებას აპირებს“, – განაცხადა მან.

„მომავალი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკური მოთამაშეები წარმოადგენენ უამრავ ხედვას და კონცეფციას. უნდა შევთანხმდეთ სამართლიან თამაშის წესებზე. უნდა ისე ჩავატაროთ ეს საარჩევნო კამპანიები, რომ არ დავაზარალოთ ჩვენი საინვესტიციო გარემო. არ დავაზიანოთ ჩვენი ეკონომიკა. რაღაც უპასუხისმგებლო ქმედებებით არ მოვუსპოთ შემოსავალი ან არ შევუმციროთ შემოსავალი ქართულ ოჯახებს. იმიტომ,რომ გასულ წლებში რამდენჯერმე მოხდა და მე ვფიქრობ მიუხედავად იმისა, რომ ბევრად მეტი იმუნიტეტი გვაქვს და ბევრად უფრო ძნელია ამ ყველაფრის შერყევა და გაკეთება, მაინც ყველანი უნდა ვიყოთ განსაკუთრებულად ფრთხილად“, – განაცხადა მან. 

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის პოლიტიკური სისტემა აბსოლუტურად ღიაა ნებისმიერ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც კანონის ფარგლებში მოქმედებს.

„გასულმა თვეებმა ყველას დაგვანახა, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა სრულიად გახსნილია დიდი სიახლეებისა და ახალი პოლიტიკური მოთამაშეებისთვის. იქმნება ახალი პოლიტიკური მოძრაობები და ყალიბდება ახალი პოლიტიკური კოალიციები. და მე ამას მხოლოდ მივესალმები; ეს არის დემოკრატიული პროცესის სრულიად ორგანული შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა მან.

Civil.Ge © 2001-2024