ომბუდსმენი ხაშურის პოლიციასთან დაკავშირებული საქმის ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Mar.'12 / 13:47

სახალხო დამცველი სამართალდამცავებს მოუწოდებს სრულად და ობიექტურად გამოიძიონ ხაშურის პოლიციის შენობაში დასაკითხად მიყვანილი სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების გარემოებები, რათა დადგინდეს „როგორც უშუალოდ გარდაცვალების მიზეზი, ასევე ხომ არ დაექვემდებარა გარდაცვალებამდე არაადამიანურ ან სასტიკ მოპყრობას“.

28 თებერვალს შსს–მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ბრალდებული“ სოლომონ ქიმერიძე პოლიციის შენობის „მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეებზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში“, რის შედეგადაც მიღებული სხეულის მრავლობითი დაზიანებებით მოგვიანებით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ოპოზიციური ჯგუფები და გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამ ვერსიას ეჭვის თვალით უყურებენ. მათი თქმით, გარდაცვლილს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება სხეულზე.

1 მარტს გავრცელებულ განცხადებაში სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მისი თანამშრომლები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ხაშურის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს გაესაუბრნენ, რომელთა ახსნა–განმარტებიდან ირკვევა, რომ პოლიციის არცერთ თანამშრომელს, მათ შორის არც მალხაზ ციყელაშვილს, რომელიც კიბეზე ჩამოსვლისას ქიმერიძეს წინ მიუძღოდა, „უშუალოდ გადავარდნის ფაქტი არ დაუნახავთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ დიდი სიმაღლის და წონის გამო შესაძლებელია, ს.ქიმერიძემ წონასწორობა დაკარგა და მოაჯირიდან გადავარდა“.

“ქიმერიძემ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო მაშინ, როდესაც პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა,“– აცხადებს სახალხო დამცველი, „ნებისმიერი ასეთი დაზიანება ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად დამკვიდრებული სტანდარტით, წარმოშობს პრეზუმფციას, რომ შესაძლოა პირი არაადამიანური ან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი იყოს. მსგავს შემთხვევაში სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული ვალდებულება აწარმოოს სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება და წარმოადგინოს დამაჯერებელი ახსნა-განმარტება, თუ რამ გამოიწვია ხსენებული დაზიანებები“.

ადრე ნასამართლევი ქიმერიძე მის სოფელ ქვიშხეთში ნიკელის ჩაიდნისა და ალუმინის ქვაბის ქურდობის ფაქტზე დასაკითხად 27 თებერვალს მიიყვანეს, თუმცა სახალხო დამცველის ინფორმაციით, áƒ˜áƒ¡ დაკავებულ პირთა აღრიცხვის წიგნში არ გაუტარებიათ, რადგან მისთვის არც ბრალი წაუყენებიათ და არც მისი ოფიციალური დაკავება მომხდარა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შიდა ქართლისა და მცხეთა–მთიანეთის საოლქო პროკურატურას, რომლებიც ამ საქმის გამოძიებას აწარმოებენ, რომ ყურადღება გაამახვილონ იმ ფაქტზეც, რომ ქიმერიძე პოლიციაში „ყოველგვარი პროცესუალური სტატუსის“ გარეშე იმყოფებოდა, თუმცა „მას ამავდროულად ფაქტობრივად შეზღუდული ქონდა თავისუფლება“.

Civil.Ge © 2001-2024