მოსკოვი უვიზო რეჟიმზე პირობას აყენებს და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Mar.'12 / 12:30

საქართველოს მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საპასუხოდ მოსკოვმა 2 მარტს განაცხადა, რომ ის მზად არის საპასუხო ნაბიჯი გადადგას, თუმცა თბილისს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გადახედვისკენ მოუწოდა. 

საგარეო უწყების იმავე განცხადებაში რუსეთმა áƒ—ბილისს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შესთავაზა, რომელიც საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა.

„რუსული მხარე ყოველთვის უჭერდა მხარს ჩვენ ხალხებს შორის ჰუმანიტარული კავშირების შენარჩუნებას და გაძლიერებას“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ, „ამ კავშირებს 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ხელმძღვანელობის სამხედრო ავანტიურამ და ქართული მხარის მიერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტამ ძირი გამოუთხარა“. 

მოსკოვის თქმით, საქართველოს ხელმძღვანელობამ რუსეთის სახით მტრის ხატის შექმნის კურსი აიღო, რომლის დროსაც ადგილი აქვს „ისტორიის გადაწერას, რათა საქმე ისე წარმოაჩინონ, თითქოს საქართველო საუკუნეების მანძილზე ‘რუსეთის ოკუპაციის’ ქვეშ იმყოფებოდა“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის გამო რუსეთის მოქალაქეების „მნიშვნელოვანი ნაწილი“ საქართველოში ჩასვლისას სისხლის სამართლებრივ დევნას განიცდის. მოსკოვს კანონის ის დებულება ჰქონდა მხედველობაში, რომლის თანახმადაც სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლა იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც თბილისის მიერ არ კონტროლდება, უკანონოა. კანონი ამ წესს მთელ რიგ გამონაკლისებსაც უწესებს. კანონის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე.

„ეს ეხება ყველას, ვინც ბოლო წლების მანძილზე ერთხელ მაინც სტუმრობდა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს“, ვინაიდან კანონი 2008 წლის ბოლოდან შევიდა ძალაში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „სოჭის ნებისმიერი დამსვენებელი, რომელმაც რამდენიმე საათი დაუთმო აფხაზეთის რიწის ტბაზე ექსკურსიას, დანმაშავედ ითვლება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს ყბადაღებული კანონის თანახმად. მთელი რიგი ჩვენი მოქალაქეები უკვე დაისაჯნენ ამის გამო“.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ჩვენ ვიყავით და კვლავ დაინტერესებული ვართ რუსეთის და საქართველოს ხალხებს შორის კავშირების გაძლიერებაში. მზად ვართ საპასუხო უვიზო რეჟიმი შემოვიღოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამისათვის აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ საიმედო სამართლებრივი პირობები შექმნას, რომელიც საქართველოში ჩასული რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

„ასევე ვთავაზობთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ჩვენს ქვეყნებს შორის“, – ნათქვამია განცხადებაში, „ველით თბილისის რეაგირებას ამ წინადადებებზე“.  

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა იანვრის ბოლოს, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები მოსკოვს არ გაუწყვეტია.

თბილისმა მაშინ თავისი დიდი ხნის áƒžáƒáƒ–იცია გაიმეორა: „რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა დაიხურება უკანონოდ გახსნილი ე.წ. საელჩოები სოხუმსა და  ცხინვალში“, –  განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 26 იანვარს.

„მათ დიპლომატიური ურთიერთობები სურთ საქართველოსთან იმ დროს, როცა მისი ტერიტორიის 20% აქვთ ოკუპირებული და ფაქტიურად ქვეყნის დამოუკიდებლობის ფაქტს არ სცემენ პატივს“, – განუცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ New York Times–ს 2 მარტს, „ეს შემაშფოთებელია“.

Civil.Ge © 2001-2023