მერაბიშვილი: ქიმერიძის გარდაცვალება ‘უბედური შემთხვევა’ იყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Mar.'12 / 14:42

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა 5 მარტს, რომ ხაშურის პოლიციის შენობაში სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტის წინასწარი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს „უბედური შემთხვევაა“; მისი თქმით, ეს „აღმაშფოთებელი“ ფაქტია, რამაც განაპირობა შინაგან საქმეთა სამინისტროს განზრახვა, რომ პოლიციის შენობებში მეტი გამჭირვალობა უზრუნველყოს.      
  
„მე და სამინისტროს თანამშრომლები ძალიან შეწუხებული ვართ ამ ფაქტის გამო. ეს იყო ძალიან ცუდი ფაქტი“, – განაცხადა მერაბიშვილმა თავის სატელევიზიო კომენტარში 5 მარტს.

„საქართველოს პოლიცია იცავს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას ქუჩაში, სოფლებში, ქალაქებში და მითუმეტეს უნდა დაიცვას ის პოლიციის შენობაში. ჩვენ სპეციალურად ვაშენებთ გამჭირვალე პოლიციის შენობებს, რათა იყოს იქ ყველაფერი გამჭირვალე“, – განაცხადა მან.

“ჩვენი წინასწარი მოკვლევით, ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას, მაგრამ ეს მაინც არის აღმაშფოთებელი ფაქტი, ჩემის აზრით. ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ჩვენ შემოვიღებთ ახალ წესებს, უფრო გამჭირვალეს გავხდით იმ პროცედურებს, რომლებიც ეხება პოლიციის შენობაში მოსული ნებისმიერი სტუმრის, ნებისმიერი სტატუსით მყოფი ადამიანის გადაადგილებას, მისი უსაფრთხოებას დაცვას“, – განაცხადა მან.

„ამიტომ, უახლოეს დღეებში ბრძანებულებას გამოვცემ“, – განაგრძო მერაბიშვილმა, „და ამ ბრძანებულების მთავარი ნაწილი იქნება ის, რომ იმ დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელიც ხელმძღვანელობს ამა თუ იმ პოლიციის შენობას, განყოფილებას თუ სამმართველოს, იქნება პასუხისმგებელი ამ ნორმების შესრულებაზე და ასევე იქნება პასუხისმგებელი უბედური შემთხვევის თავიდან აცილებაზე“.

„იმისათვის, რომ ჩვენი მონიტორინგი განვახორციელოთ ამ ბრძანებულების აღსრულებაზე, ჩვენ შევეცდებით, რომ ყველა ხელსაყრელ ადგილას დავაყენოთ ვიდეო კამერები და მონიტორინგის სხვა მექანიზმები“, – განაცხადა მან.

გასული თვის ბოლოს ხაშურის პოლიციაში სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირევით ეჭვები გაჩნდა, რადგანაც áƒ¬áƒáƒ›áƒáƒ˜áƒ¨áƒ•áƒ ვარაუდები იმის თაობაზე, რომ ის შესაძლოა პოლიციაში დაკავების დროს ცუდი მოპყრობის შედეგად გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქიმერიძე პოლიციაში 27 თებერვალს ქურდობის ფაქტზე აღძრულ საქმესთან დაკავშირებით წაიყვანეს და მან მრავლობითი დაზიანებები მიიღო კიბის მოაჯირიდან გადავარდნის და პირველი სართული ფოიეში დაცემის შედეგად, როდესაც ის პოლიციის შენობის მესამე სართულიდან კიბეებზე ჩადიოდა. შსს–ს ცნობით, ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

Civil.Ge © 2001-2024