ბაქრაძე პარტიების შესახებ კანონში შესაძლო ცვლილებებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Mar.'12 / 15:02

პარტიების შესახებ კანონში არსებული დებულებები შესაძლოა ისე დაზუსტდეს, რომ მასში ნათლად ჩაიწეროს, რომ კანონმდებლობა არანაირად არ ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების და იმ დონორი ორგანიზაციების „ლეგიტიმურ აქტივობებს“, რომლებიც პარტიების განვითარების კუთხით მუშაობენ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.
 
„ერთის მხრივ, არ უნდა დაზიანდეს კანონის მიზანი და ამოცანა და მეორეს მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ მათ ლეგიტიმურ აქტივობებს ეს კანონი არანაირი ფორმით არ შეზღუდავს“, – განაცხადა ბაქრაძემ 5 მარტს.

გასულ კვირას პარლამენტში ამ თემაზე მმართველი პარტიის დეპუტატებთან გაიმართა კონსულტაციები, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების იმ წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც კანონში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით აქტიურ კამპანიას აწარმოებენ სახელწოდებით: „ეს შენ გეხება“. კამპანიის ფარგლებში პარლამენტში ასევე წარდგენილია ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადებები.

„ეს კონსულტაციები გაგრძელდება ამ კვირაშიც და ამ კონსულტაციების შედეგად იმედი მაქვს, რომ მივალთ შეთანხმებულ გადაწყვეტილებამდე, თუ რა ფორმულირებები უნდა ჩაიწეროს კანონში. იმედი მაქვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოიჩენენ შესაბამის რაციონალურ და კონსტრუქციულ მიდგომას და მოხერხდება საბოლოო შეთანხმების მიღწევა“, – განაცხადა ბაქრაძემ. 

დეპუტატებმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან განაცხადეს ცოტა ხნის წინ, რომ კანონის ბუნდოვანობის გამო მათი პარტია გარკვეული სირთულეების წინაშე დადგა ზოგიერთ იმ ევროპულ ფონდთან თანამშრომლობის გაგრძელების თვალსაზრისით, რომლებიც პოლიტიკური პარტიების განვითარებასა და დახმარების პროგრამებზე მუშაობენ.   

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ კანონი არ ზღუდავს ინსტიტუციონალური და დემოკრატიული განვითარების პროგრამებზე მომუშავე დონორების საქმიანობას, თუმცა დამატებითი გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით კანონს კონკრეტული და მკაფიო დებულება დაემატება ამ საკითხის მოსაგვარებლად.

„ჩვენ მზად ვართ ვიფიქროთ ისეთ ფორმულირებებზე, რომელიც მოხსნის კითხვის ნიშნებს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

Civil.Ge © 2001-2024