კონტროლის პალატას 'აუდიტისა და ფინანსური გამჭვირვალობის უმაღლესი პალატა' დაერქმევა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Mar.'12 / 19:26

კონტროლის პალატას სახელწოდება შეეცვლება და მას აუდიტისა და ფინანსური გამჭვირვალობის უმაღლესი პალატა დაერქმევა.

ამის შესახებ საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, რომლის ერთთვიანი საერთო–სახალხო განხილვის პროცედურის დაწყებას 13 მარტს პარლამენტმა დაუჭირა მხარი. 

აღნიშნულ ინიციატივას 84 დეპუტატი აწერს ხელს და ის სავარაუდოდ, უკავშირდება კონტროლის პალატის სახელწოდებაში მისი იმ ახალი უფლებამოსილების ასახვას, რაც პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში დეკემბერში შეტანილი ცვლილებებით მიენიჭა პარტიების და მათთან დაკავშირებული პირების ფინანსური მონიტორინგის კუთხით.

კონტროლის პალატა მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა, ვინაიდან ბოლო ორი დღის მანძილზე ბიძინა ივანიშვილის კოალიციიდან ათობით ოპოზიციური აქტივისტი დაიბარა დაკითხვაზე, ძირითადად დასავლეთის რაიონებში.

ივანიშვილის კოალიციაში შემავალი ოპოზიციური პარტიების ათობით აქტივისტმა მიიღო შეტყობინება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილისგან, რომელიც მათ კონტროლის პალატაში მისვლას და „ახსნა–განმარტების“ მიცემას სთხოვს პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტებზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.

კონტროლის პალატის ხელმძღვანელმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა 13 მარტს, რომ მიმდინარეობს ინფორმაციის შემოწმება და შეგროვება, შემდეგ მათი შედარება იმ დეკლარაციებთან, რომლებიც თავიანთი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად პოლიტიკურ პარტიებს კონტროლის პალატაში აქვთ წარდგენილი.

რესპუბლიკური პარტიის აქტივისტმა ლანჩხუთიდან განუცხადა ადგილობრივ მედია საშუალებას „გურია ნიუსს“, რომ გამგეობის შენობაში მას რამდენიმე საათი კითხავდნენ და გამუდმებით ეკითხებოდნენ, თუ რამდენი გადაუხადეს მას „ქართული ოცნების“ გაზეთების გავრცელებისა და ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებისთვის. მისი თქმით, მართალია მას ხელმოწერების შეგროვება აუნაზღაურეს, თუმცა გაზეთების გავრცელებისთვის მისთვის არაფერი არ გადაუხდიათ; აქტივისტმა განაცხადა, რომ დაკითხვის დროს მას „ურჩიეს“ მიეცა ჩვენება თითქოს მას 100 ლარი გადაუხადეს გაზეთების გავრცელების სანაცვლოდ. მან დაკითხვის პროცესს „ფსიქოლოგიური წნეხი“ უწოდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განაცხადა, რომ ის იურიდიულ დახმარებას უწევს კონტროლის პალატის მიერ დაბარებულ რამდენიმე ოპოზიციურ აქტივისტს. საია აცხადებს, ადვოკატების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, რომ კონტროლის პალატის წარმომადგენლები ინტერესდებიან რამდენიმე საკითხით, კერძოდ არის თუ არა მოქალაქე რომელიმე პარტიის წევრი, ავრცელებს თუ არა „ქართული ოცნების“ გაზეთებს, აგროვებდა თუ არა ხელმოწერებს ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით და შესაბამისად, იღებდა თუ არა ანაზღაურებას აღნიშნული საქმიანობისთვის.

„აღსანიშნავია, რომ ამ კითხვების დასმა დაბარებული პირებისთვის მიმდინარეობს რამდენიმე საათის განმავლობაში, რაც მოქალაქეების მხრიდან დამთრგუნველად აღიქმება“, – განაცხადა საიამ.

იმავდროულად, 13 მარტს კონტროლის პალატის ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც განხილულ იქნა საკანონმდებლო წინადადებები, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შემდგომი სრულყოფის თაობაზე.

„შეხვედრაზე ასევე განიხილეს არასამთავრობო ორგანიზაციების შემადგენლობით სათათბირო საბჭოს შექმნის შესაძლებლობის საკითხი, რომელიც გაზრდის არასამთავრობო სექტორის ჩართულობას და ინფორმირებულობას ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობის შესახებ“, – განაცხადა კონტროლის პალატამ.

Civil.Ge © 2001-2024