კონტროლის პალატა ივანიშვილის კოალიციის მონიტორინგის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Mar.'12 / 19:10

კონტროლის პალატა განიხილავს საკითხს, რომ ბიძინა ივანიშვილის კოალიციის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ფარგლებში რეგიონული აქტივისტების დაკითხვების აუდიო და ვიდეო ჩანაწერები გაკეთდეს, განაცხადა კონტროლის პალატის áƒ—ავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა 15 მარტს.

ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურმა კოალიციამ კონტროლის პალატა და პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური რეგიონებში ათობით ოპოზიციური აქტივისტის დაბარების და დაკითხვის გამო „პოლიტიკურ პოლიციად“ და „პროკურატურად“ გადაქცევაში დაადანაშაულა. ოპოზიციური კოალიციის თქმით, ეს ქმედება მისი მხარდამჭერების „დაშინების“ და მათზე „ფსიქოლოგიური ზეწოლის“ მოხდენის ტოლფასია.     

15 მარტს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, კამპანიაში „ეს შენ გეხება“ ჩართული ორგანიზაციები ხაზს უსვამენ კონტროლის პალატის ქმედებებში „განსხვავებული პოლიტიკური  შეხედულებების მქონე  მოქალაქეთა დევნის ნიშნებს“, მათი მხრიდან უფლებამოსილებათა გადამეტების და ადვოკატებისა და ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს.

ბიძინა ივანიშვილი 15 მარტს თბილისში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს შეხვდა და რეგიონებში მისი აქტივისტების დაბარების და დაკითხვის თაობაზე შეშფოთება გამოხატა. მისი თქმით, ეს ხელისუფლების მის მხარდამჭერებზე განხორციელებული „ფართომასშტაბიანი შეტევაა“.

კონტროლის პალატა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ოპოზიციური აქტივისტების დაბარება და მათთან „გასაუბრება“ მის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ნაწილია, რომელიც ივანიშვილის „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი საფინანსო ანგარიშგების სიზუსტის დადგენას ისახავს მიზნად. ფინანსური ინფორმაცია 2012 წლის იანვარ–თებერვლის პერიოდს მოიცავს.

„არის განცხადებები [აქტივისტების წინააღმდეგ] მუქარების თაობაზე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად მოვახერხოთ თითოეული ასეთი გასაუბრების და გამოკითხვის შესაბამისი აუდიო და ვიდეო ჩანაწერების უზრუნველყოფა, რომ შემდეგ არ იყოს გაუგებრობები და ინტერპრეტაციები. მე მესმის, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ პროცესებთან და მავანს შეიძლება აწყობდეს კიდეც გარკვეული ინფორმაციის არასწორად მიწოდება, ამ თემის აჟიტირება. ამიტომ, ჩვენ შევეცდებით, რომ მომავალში თადარიგი დავიჭიროთ და ამ პროცესის აუდიო და ვიდეო ჩანაწერების უზრუნველყოფაც მოვახდინოთ“, – განუცხადა კონტროლის პალატის ხელმძღვანელმა ლევან ბეჟაშვილმა Civil.ge-ს 15 მარტს ტელეფონით საუბრისას.

ბოლო დროს ხშირად ისმის მოწოდებები კონტროლის პალატის მისამართით, რომ ოპოზიციური აქტივისტების დაკითხვის პროცესი გამჭირვალე გახდეს, მათ შორის ამ პროცესის აუდიო და ვიდეო ჩანაწერების უზრუნველყოფის გზით.

ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ კონტროლის პალატა თავადაც დაინტერესებულია ამგვარი ჩანაწერების არსებობაში, რადგანაც ეს იქნება „დამატებითი გარანტია“ არსებული სპეკულაციების გასანეიტრალებლად. მისი თქმით, ტექნიკურად ამას შესაძლოა „რამდენიმე დღე ან კვირაც“ დასჭირდეს. 

ბეჟაშვილმა ასევე განაცხადა, რომ აქტივისტების დაბარება და მათთან „გასაუბრება“ მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“, სხვა პოლიტიკური ჯგუფების მსგავსად, მარტის დასაწყისში კონტროლის პალატის თხოვნის საფუძველზე  წლის პირველი ორი თვის ფინანსური ინფორმაცია წარადგინა. მისი თქმით, დოკუმენტის თავდაპირველმა შემოწმებამ „დასაბუთებული ვარაუდები“ აღძრა მის სიზუსტესთან დაკავშირებით და იმის დასადგენად შეესაბამებოდა თუ არა მოძრაობის მიერ რეგიონებში სახელფასო უზრუნველყოფასთან, საოფისე ფართების დაქირავებასთან, რემონტთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები საფინანსო ანგარიშგებაში წარდგენილ ხარჯებს, კონტროლის პალატამ გადაწყვიტა ადგილზე მის აქტივისტებს „გასაუბრებოდა“.

ამ მიზნით, განაცხადა ბეჟაშვილმა, კონტროლის პალატამ გამოკითხვის პროცესის ჩატარება დაავალა, უწყების, დაახლოებით, 11–კაციან ჯგუფს, რომლების წინასწარ მოამზადეს და მისცეს ინსტრუქტაჟი, რომ  მხოლოდ მიმდინარე მონიტორინგთან დაკავშირებით დაესვათ აქტივისტებისთვის კითხვები, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო მათ პოლიტიკურ შეხედულებებთან.    

„ყველა მოქალაქეს, კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად აქვს პოლიტიკური აქტივობის თავისუფლად განხორციელების უფლება ... და ვერავინ ვერ შეზღუდავს ამ უფლებას. საუბარია, მხოლოდ და მხოლოდ, პოლიტიკური ფინანსების გამჭირვალობაზე და მათ აღრიცხვიანობაზე“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

მან კატეგორიულად უარყო ბრალდებები, რომ გამოკითხვაში სამართალდამცველებიც იღებდნენ მონაწილეობას და განაცხადა, რომ კონტროლის პალატამ განზრახ გადაწყვიტა, რომ არ ჩაერთო პოლიციის და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები პროცესში მიუხედავად იმისა, რომ მას  ამის უფლება ჰქონდა, რათა პოლიტიკური სპეკულაციები აეცილებინა თავიდან. ბეჟაშვილის თქმით, კონტროლის პალატამ მხოლოდ ადგილობრივ გამგეობებს სთხოვა, რომ მათ შენობებში ამ პროცესის საწარმოებლად ოთახი გამოეყოთ.

15 მარტს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ კონტროლის პალატას საკმარისი რესურსი არ გააჩნია, რომ აწარმოოს ამდენი აქტივისტის დაკითხვის პროცესი და ამიტომ ეჭვი გამოთქვა, რომ პროცესში სამართალდამცველებიც იყვნენ ჩართულნი. ივანიშვილის თქმით, აქტივისტებზე „ზეწოლის“ მიზანია, აიძულონ ისინი შეწყვიტონ თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან“.

ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ თითოეულ რაიონში „ცხრიდან თოთხმეტამდე“ ადამიანი იქნა დაბარებული გამოკითხვისთვის და ამ ეტაპზე პროცესი, ძირითადად, აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონების რამდენიმე რაიონში გრძელდება, თუმცა შესაძლოა მასშტაბები კიდევ უფრო გაფართოვდეს და სხვა რეგიონებიც მოიცვას.  

კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ მიმდინარე მონიტორინგის პროცესში, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, მან აღმოაჩინა, რომ „ქართული ოცნება“ რაიონებში საოფისე ფართებს პარტიების შესახებ კანონის დარღვევით ქირაობდა; მისი თქმით, ამ პროცესში მოძრაობა იურიდიული პირების დაფინანსებას იყენებდა, რაც კანონით აკრძალულია.

კონტროლის პალატამ აღნიშნა 14 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომ „ამ ეტაპზე დადასტურებულია ინფორმაცია“, რომ ოფისის საიჯარო კონტრაქტები დადებულია არა პოლიტიკური გაერთიანების ან ფიზიკური პირის მიერ, როგორც ამას კანონი მოითხოვს, არამედ კერძო ფირმების მიერ, „მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს კერძო ფირმების მიერ პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსებას“. კონტროლის პალატამ ასევე განაცხადა, რომ ანალოგიური დარღვევები გამოვლინდა სახელფასო უზრუნველყოფასთან, რემონტის ხარჯებთან და სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით.

„ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ კერძო კომპანიები გამოიყენა რეგიონებში საოფისე ფართების დასაქირავებლად, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ თავისთავად ამგვარი პრაქტიკა კანონის დარღვევას არ წარმოადგენს.      

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ადვოკატმა და ივანიშვილის დაგეგმილი პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა Civil.ge-ს 15 მარტს, რომ იყო შემთხვევები, როცა საზოგადოებრივ ორგანიზაციას ოფისების მიქირავებაზე უარს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო ეუბნებოდნენ. „იმის გამო, რომ ხალხს ეშინია“ პირდაპირ მოქირავება, ზოგ შემთხვევებში ოფისებს ქირაობს კერძო კომპანია, რომელიც შემდგომ „ქართულ ოცნებას“, როგორც  ქვემოიჯარადეს, აქირავებს ფართებს, რაც „აბსოლუტურად კანონიერია“. მისი თქმით, საოფისე ფართების ქირას საზოგადოებრივი მოძრაობა იჯარით აღებიდან ერთი თვის თავზე იხდის.    

რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა 15 მარტს, რომ  „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ქმედებები ხელისუფლების „ხრიკია“, რაც ოპოზიციური აქტივისტების დაშინებას ისახავს მიზნად, რათა ისინი საარჩევნო კამპანიაში არ ჩაერთონ. „რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება. ჩვენი აქტივისტები არიან ძალიან მედგრად“, – განაცხადა მან.

„ხელისუფლებამ დაივიწყა, რომ ქვეყანაში არსებობს კანონი, ანგარიშს აღარ უწევენ საერთოდ სამართალს და ძალიან ბევრ უკანონო ქმედებას ახორციელებენ ჩვენი კოალიციის წინააღმდეგ“, – განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ. 

მან მიმართა დიპლომატებს, რომ „შესატყვისი რეაქცია გამოიჩინონ“ და მოუწოდონ საქართველოს ხელისუფლებას დაემორჩილონ კანონებს.  „თუ ამას ანგარიშს არ გაუწევენ, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ძალიან მძიმე შედეგი უფრო გვიან“, – განაცხადა მან.

 

Civil.Ge © 2001-2024