ალასანია: სააკაშვილის დავალებით ‘ახალაიების კლანმა’ უკანონო შეიარაღებული ფორმირებები შექმნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Mar.'12 / 16:03

პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით სამეგრელოს რეგიონში შექმნილია უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები საარჩევნოდ ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანების „დაშინების“ და „დევნის“ მიზნით, რაზეც უშიშრობის საბჭოს დეტალური ინფორმაცია გადაეცემა „სწრაფი რეაგირების“ მოსახდენად, განაცხადა 20 მარტს ირაკლი ალასანიამ, ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა და კოალიცია “ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე.

მან გასამხედროებული დაჯგუფებების შექმნაში „ახალაიების კლანი“ დაადანაშაულა, კერძოდ, სამეგრელოს სამხარეო პროკურორი როლანდ ახალაია, მისი შვილები –  თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და დათა ახალაია, რომელიც „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებს აკონტროლებს“.

„სწორედ მათ დაავალა მიხეილ სააკაშვილმა ამგვარი შეიარაღებული ფორმირებების შექმნა“, – განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, თავად ახალაიებმა კონკრეტული დავალებები მისცეს რომან შამათავას, ნუგზარ ფანგანს, სერგო უბილავას, ფრიდონ შენგელიას, თორნიკე მალაზონიას, კობა თოდუას, მამუკა იოსავას, ზაზა ჯანჯალიას, ზვიად გაგუას, დავით დარსმელიძეს – პიროვნებებს, რომლებიც ალასანიას თქმით, წარმოადგენენ სხვადასხვა სამართალდამცავ სტრუქტურებს და „ისინი აკონტროლებენ, აიარაღებენ და აფინანსებენ ამ შეიარაღებულ ფორმირებებს“.

ალასანიას ინფორმაციით, საუბარია, დაახლოებით, 500–მდე ადამიანისთვის იარაღის დარიგებაზე, რომლებიც 50–75 კაციან ჯგუფებად არიან დაყოფილები და იღებენ „უკანონო, ნაღდ ფულს“. ამ ჯგუფებში შედიან ყოფილი მებრძოლები; კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები, ხოლო ნაწილი ფინანსური მოტივებით არის გაწევრიანებული. ეს ადამიანები, ალასანიას თქმით, არცერთ სამართალდამცავს სტრუქტურაში არ არიან დარეგისტრირებულები“.

მან ასევე განაცხადა, რომ სამეგრელოს რეგიონის გარდა, ასეთი ფორმირებების სხვა რეგიონებში შექმნის შესახებაც აქვს ცნობები, მათ შორის არსებობს “ საფუძვლიანი ეჭვი, რომ თბილისშიც იქმნება ასეთი დაჯგუფება“.

“თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა განაცხადა, რომ მას ამ ფორმირებების შექმნის შესახებ ინფორმაცია გააჩნია „პატრიოტი“ მოქალაქეებისგან, რომელთა ცნობებს თვეების განმავლობაში იღებდა და ეს ინფორმაცია „გადამოწმებულია“.

“არსებობს აბსოლუტურად საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ფორმირებები იმიტომ იქმნება, რომ განსხვავებულად მოაზროვნე პოლიტიკოსების, მათი მხარდამჭერების და აქტივისტების დევნა და დაშინება გააგრძელოს და საჭიროების შემთხვევაში, მათი ფიზიკური ანგარიშსწორებაც [მოახდინოს]“, – განაცხადა მან.

პრესკონფერენციაზე ირაკლი ალასანიამ წარმოადგინა მოზრდილი კონვერტი, სადაც, მისი თქმით, დეტალურად არის წარმოდგენილი „სრული ინფორმაცია მათი [შეიარაღებული ჯგუფების] დისლოკაციის, შემადგენლობის, შეიარაღების და დაფინანსების შესახებ“.

მან პრესის წარმომადგენლებთან დეტალების განსაჯაროებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ „განსხვავებით მიხეილ სააკაშვილისგან, „ქართულ ოცნებას“ და ჩემს პოლიტიკურ გუნდს გვაქვს პასუხისმგებლობა სახელმწიფო ინტერესები მიმართ“.

“სწორედ იმიტომ, რომ დღეს საქართველო იმყოფება უკიდურესად დაძაბულ, პრაქტიკულად სამხედრო დაპირისპირებაში მეზობელ ქვეყანასთან და ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიების საგრძნობი ნაწილი, მე ვიღებ გადაწყვეტილებას რომ საჯარო არ გავხადო ეს დეტალური ინფორმაცია. მაგრამ ამ ინფორმაციას მე დღესვე ვუგზავნი საქართველოს უშიშროების საბჭოს სწრაფი, დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის“, – განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, ამგვარი ნაბიჯის მიზანია მოხდეს „პრევენცია“ და ხელისუფლების „წინასწარ გაფრთხილება“, რათა „არ დაუშვან საარჩევნო ფეთქებადსაშიშ პერიოდში ამ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების არსებობა“. 

“მე მინდა მას [სააკაშვილს] პირადად ვუთხრა, რომ დროზე გაითვალისწინოს ინფორმაცია, რომელსაც მე მას ვუგზავნი, მიიღოს გადამჭრელი ზომები, რათა სასწრაფოდ დაიშალოს ეს შეიარაღებული ჯგუფები“, – განაცხადა ალასანიამ.

“თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ასეთ პრევენციაში“ საქართველოს მეგობარი ქვეყნებიც „ძალიან აქტიურად უნდა ჩაერთონ“. მართალია მან განაცხადა, რომ არ აპირებს დიპლომატებს მის ხელთ არსებული მასალები უშუალოდ გადასცეს, მაგრამ აღნიშნა, რომ მათ ამ ინფორმაციის მოპოვება უშიშროების საბჭოსგან შეეძლებათ.

მისი თქმით, კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელსაც ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ გზად არჩევნები მიაჩნია, არ დაუშვებს „სამოქალაქო დაპირისპირებას“ და იმას, რომ “სამართლებრივი სივრციდან გავიდეს სააკაშვილი და მისი გუნდი“.

პირველი განცხადება შეიარაღებული ფორმირებების შესახებ ალასანიამ 15 მარტს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრაზე გააკეთა და ვარაუდი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი „სამოქალაქო ომისა და დაპირისპირებისთვის“ ემზადება. ორი დღის შემდეგ სააკაშვილმა ამგვარ განცხადებებს „დიდი უზნეობა“ და „იდიოტიზმი“ უწოდა.

Civil.Ge © 2001-2024