ჯონ ბასმა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შესახებ ალასანიას განცხადებაზე კომენტარი გააკეთა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Mar.'12 / 19:27

აშშ–ის ელჩმა საქართელოში ჯონ ბასმა განაცხადა 20 მარტს, რომ „ძალადობის შესახებ ბრალდებები ან პროგნოზები“ ყოველთვის შემაშფოთებელია და მოუწოდა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ისეთი ბრალდებების გაკეთებისგან, რომელთა გამყარება ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი ფაქტებით ვერ ხდება.

კითხვაზე სწავლობს თუ არა აშშ–ის საელჩო უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის შესახებ ხელისუფლების მიმართ ბრალდებებს, აშშ–ის ელჩმა უპასუხა: „ყოველთვის ძალიან შეწუხებული ვარ, როდესაც საარჩევნო კამპანიასთან და გარემოსთან დაკავშირებით ძალადობის შესახებ ბრალდებები ან პროგნოზები კეთდება“.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ საკმაოდ მკაფიოდ გავუსვით ხაზი ყველა მხარესთან, რომ ძალადობას არ აქვს ადგილი კონკურენტულ საარჩევნო ციკლში და დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – განაცხადა ბასმა და დასძინა, რომ ყველამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ თავიდან იქნას აცილებული ისეთი ქმედებები, რომლებიც ხელს არ შეუწყობს კონკურენტული გარემოს შექმნას.

„და ვფიქრობ ასევე მნიშვნელოვანია რომ პოლიტიკაში დღეს ჩართული ყველა პირი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხებს, რაც იმას გულისხმობს... რომ არ გაკეთდეს ისეთი ბრალდებები, რომელთა გამყარება ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი ფაქტებით ვერ ხდება“, – განაცხადა ბასმა.

ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ 20 მარტს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა საარჩევნო მიზნებით სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის თაობაზე, რაშიც მან ბაჩო ახალაია და მისი ოჯახი დაადანაშაულა. მან ასევე განაცხადა, რომ ეს დაჯგუფებები პრეზიდენტის დავალებით იქმნება და ამის შესახებ გააჩნია კონკრეტული მასალები –  „სრული ინფორმაცია მათი დისლოკაციის, შემადგენლობის, შეიარაღების და დაფინანსების შესახებ“, რომელსაც განსაჯაროების გარეშე აწვდის უშიშროების საბჭოს რეაგირების მოსახდენად.

მოგვიანებით 20 მარტს ალასანია ჯონ ბასს შეხვდა, თუმცა შეხვედრის დეტალები უცნობია.

Civil.Ge © 2001-2024