სოხუმი უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებზე განცხადებებით „შეშფოთებულია“
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Mar.'12 / 16:01

სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის თაობაზე იმ ბრალდებებზე დაყრდნობით, რომლებიც ოპოზიციონერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს ხელისუფლებას წაუყენა, 23 მარტს აცხადებს, რომ თბილისი განაგრძობს „ტერორის და დაშინების პოლიტიკას“.  

„აფხაზური მხარე გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას ქართული ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას ქართულ მედიაში გასულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნაში დაადანაშაულა, რომლებიც დისლოცირებულები არიან აფხაზეთის საზღვრის უშუალო სიახლოვეს“, – ნათქვამია სეპარატისტული რეგიონის საგარეო უწყების ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

“ამგვარი შეიარაღებული ფორმირებების შექმნა მოწმობს საქართველოს ხელისუფლების შენარჩუნებულ მისწრაფებაზე განაგრძოს ტერორის პოლიტიკა და დაშინება როგორც თავად საქართველოში, ისე მის მოსაზღვრე აფხაზეთის გალის რაიონში. რა თქმა უნდა, ამ შეიარაღებული ჯგუფების ქმედებები რეგიონში სიტუაციის შემდგომ გართულებას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული „ინციდენტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა“ გალის რაიონში მეტყველებს, რომ თბილისი „დაძაბულობის გაზრდისა და ვითარების დესტაბილიზაციისთვის“ აგრძელებს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებების გამოყენების ტაქტიკას.

სოხუმი მოუწოდებს ჟენევის დისკუსიებში ჩართულ საერთაშორისო შუამავლებს და ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში, რომ „მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა აფხაზეთის საქართველოსთან მოსაზღვრე ტერიტორიებზე დაძაბულობის ესკალაცია არ იქნას დაშვებული“. 

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ 20 მარტს განაცხადა, რომ სამეგრელოში არჩევნების წინ ამომრჩევლების დაშინების მიზნით პრეზიდენტის დავალებით უკანონო შეიარაღებული ფორმირებები შეიქმნა და „სრული ნფორმაციას მათი დისლოკაციის, შემადგენლობის, შეიარაღების და დაფინანსების შესახებ“ რეაგირების მოსახდენად აწვდის უშიშროების საბჭოს. მან ასევე განაცხადა, რომ ამ მასალებს „სახელმწიფო ინტერესებიდან“ გამომდინარე არ ხდის საჯაროს.

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ბათუ ქუთელიამ უარყო საქართველოში რაიმე ტიპის უკანონო შეიარაღებული ფორმირებების არსებობა და განაცხადა, რომ ალასანიას მიერ წარდგენილი მასალები „არ შეიცავს არანაირ ღირებულ ინფორმაციას“. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ, რომლის ოჯახიც იქნა დადანაშაულებული არაფორმალური ჯგუფების შექმნის ორგანიზებაში, ალასანიას ბრალდებას „ბოდვა“ უწოდა.

Civil.Ge © 2001-2024