10 მარტს და 24 მარტს ჩატარებული არჩევნების ორივე ტურის შედეგად სეპარატისტული აფხაზეთის 35–წევრიან პარლამენტში სულ ცოტა 26 ადგილს დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატები დაიკავებენ. 13 კანდიდატიდან თერთმეტი, რომელთაც 10 მარტს გამართულ პირველ ტურში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება, უპარტიო კანდიდატი იყო. სოხუმის №1 საარჩევნო ოლქში განმეორებითი არჩევნები 6 მაისს გაიმართება, რადგანაც 10 მარტს იქ ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გამო ვერ მოხერხდა 25%–იანი ბარიერის გადალახვა, რათა არჩევნები ჩატარებულად ჩათვლილიყო. ერთ ოლქში პირველი ტურის შედეგები კვლავ სადავო რჩება, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. არჩევნებში მონაწილე მოქმედი 21 დეპუტატიდან მხოლოდ ხუთმა მოახერხა მანდატების შენარჩუნება. იმ 20 მანდატიდან, რომლებზეც მეორე ტურში გაიმართა ბრძოლა, ოპოზიციურმა პარტიამ „აფხაზეთის ეროვნული ერთობის კავშირი“ სამი მანდატი მიიღო და შედეგად მას საკანონდებლო ორგანოში ოთხი წევრი ეყოლება მას შემდეგ, რაც მისმა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ორი კვირის წინ არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა. პარტიამ „გაერთიანებული აფხაზეთი“, რომელიც აფხაზეთის ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის მხარდამჭერია, მეორე ტურში ორი ადგილი მოიპოვა; პარტიის ერთმა კანდიდატმა პირველ ტურშივე გაიმარჯვა. სეპარატისტული რეგიონის 1999 წლის კონსტიტუციის მიხედვით, აფხაზეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა; მის 35–წევრიან პარლამენტს შეუძლია კანონპროექტის ინიცირება და მისი წარდგენა პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად; საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასაც. პარლამენტი გადაწყვეტილებას აბსოლუტურული უმრავლესობით – 18 ხმით იღებს.
|
|||
Civil.Ge © 2001-2025