კოალიცია „ქართული ოცნება“ NDI-ის პარტიულ რეიტინგებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Mar.'12 / 19:08

ოპოზიციურმა კოალიციამ „ქართული ოცნება“ აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით პარტიების რეიტინგებთან დაკავშირებით áƒ©áƒáƒ¢áƒáƒ áƒ”ბულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოქვეყნების მეთოდოლოგიამ, კვლევის მიმართ საზოგადოებას ნდობა დააკარგვინა.

„პირველ რიგში, გვინდა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება აშშ-ს მთავრობის მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოსთვის აღმოჩენილი დახმარების, მათ შორის USAID-ს ეგიდით განხორციელებული მრავალრიცხოვანი პროგრამების გამო. ჩვენთვის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის, მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც წლების განმავლობაში ეწევიან NDI-ის და IRI-ის ადგილობრივი ოფისები“, – ნათქვამია 27 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილის კოალიცია აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციების მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული კვლევების ის ნაწილი, რომელიც პარტიათა რეიტინგებს ეხება, „არა თუ ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას, არამედ კონტრპროდუქტიული გახდა კონკურენტული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებისა და მოქალაქეების მიერ ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთებისთვის“. 

„აღნიშნული კვლევების ჩატარებისა და შედეგების გამოქვეყნების მეთოდოლოგიამ და ფორმატმა და, მეორე მხრივ, მმართველი პარტიის მიერ ნაციონალური ტელევიზიების გამოყენებით ამ შედეგებით მანიპულირებამ, áƒ¡áƒáƒ–ოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს კვლევებისადმი ნდობა დააკარგვინა“, – აცხადებს კოალიცია.

NDI-ის თბილისის ოფისის პოლიტიკაა, რომ მისი დაკვეთით განხორციელებული კვლევის მხოლოდ ის ნაწილი გახადოს საჯარო, რომელიც საზოგადოების ზოგად განწყობებს ასახავს, თუმცა ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს ეხება, NDI-ის მიერ არასდროს ხდება საჯარო და მას მხოლოდ უშუალოდ პოლიტიკურ პარტიებს აწვდის. როგორც წესი, შემდეგ ამ მონაცემებს ზოგიერთი პარტია მედია საშუალებებს აწვდის. NDI-ის თბილისის ოფისის ასევე ჩვეული პოლიტიკაა, რომ უარყოს პრესაში გავრცელებული ის ინფორმაცია, რომელშიც კვლევის შედეგები დამახინჯებულად არის გადმოცემული. ბოლო კვლევასთან დაკავშირებით, NDI-ის არაერთი ამგვარი უარმყოფელი განცხადების გამოქვეყნება მოუწია.

„NDI-ს უკანასკნელმა კვლევებმა ეს პრობლემები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა და მისი ანალიზი და კომენტირება ყოველგვარ აზრს მოკლებულია, ხოლო კვლევებთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენს კოალიციაში გაერთიანებული პოლიტიკური ძალები უახლოეს პერიოდში წერილობით მივმართავთ აშშ-ს მთავრობას და შესაბამის ორგანიზაციებს, სადაც ავსახავთ ჩვენს წინადადებებს საპარლამენტო არჩევნებამდე ამ პრობლემების მოგვარების თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

Civil.Ge © 2001-2024