სენატმა საქართველოში აშშ–ის ახალი ელჩი დაამტკიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 Mar.'12 / 14:04

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა რიჩარდ ნორლანდი, კარიერული დიპლომატი, საქართველოში ახალ ელჩად დაამტკიცა, რომელიც ამ თანამდებობაზე ჯონ ბასს შეცვლის. აშშ–ის ამჟამინდელი ელჩი საქართველოში 2009 წლის ბოლოდან მსახურობს.

რიჩარდ ნორლანდი, რომელიც უზბეკეთში ყოფილი ელჩი და ავღანეთში აშშ–ის საელჩოში მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, სენატმა 29 მარტს დაამტკიცა თხუთმეტი სხვა ქვეყნის ახალ ელჩებთან ერთად.

21 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მისი კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებულ მოსმენაზე ნორლანდმა აშშ–საქართველოს ურთიერთობის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

დიპლომატიურ სამსახურში 32 წლის სტაჟის მქონე რიჩარდ ნორლანდი 90–იანი წლების დასაწყისში ხანმოკლე დროით საქართველოშიც მსახურობდა აშშ–ის წარმომადგენლის და საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის რანგში.

2007–2010 წლებში უზბეკეთში ელჩობამდე, ნორლანდი, რომელიც ამ დრომდე áƒ•áƒáƒ¨áƒ˜áƒœáƒ’ტონის ეროვნულ სამხედრო კოლეჯში საერთაშორისო ურთიერთობებში მრჩევლის და ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ორი წლის მანძილზე ქაბულში აშშ–ის საელჩოში მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.

 

Civil.Ge © 2001-2024