ივანიშვილს ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღებაზე უარი უთხრეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Apr.'12 / 15:27

ოპოზიციონერ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღებაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა. იუსტიციის სამინისტრომ 4 აპრილს განაცხადა, რომ ივანიშვილმა მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას უნდა მიმართოს.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე დასკვნა 4 აპრილს – თითქმის სამი თვის თავზე გამოსცა მას შემდეგ, რაც 5 იანვარს ივანიშვილმა მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღებაზე განცხადება შეიტანა. ამ ნაბიჯამდე, 29 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტის თხოვნით ოფიციალურად მიმართა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს და საფრანგეთის მოქალაქის პასპორტი ჩააბარა.

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღება შესაძლებელია იმ პირთათვის, რომლებიც არ არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

„საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს  ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა. სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს“, – აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით, რაზეც „შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს“.

„მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურების დაცვის შემთხვევაში“, – აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

საქართველოს კანონმდებლობით, მოქალაქეობის მისაღებად მაქსიმალურ ვადად განსაზღვრულია 3 თვე. სწორედ ეს დრო დასჭირდა სამოქალაქო რეესტრს ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე დასკვნის გამოსატანად.

კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე პრეზიდენტმა უარი შეიძლება უთხრას იმ პირს, რომელმაც ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ; მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო დანაშაულში; ან  სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი საქართველოს მოქალაქედ მიღება მიზანშეუწონელია.

 

Civil.Ge © 2001-2024