საქართველო რუსეთის მიმართ ‘ღია ცის’ ხელშეკრულების შესრულებას წყვეტს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Apr.'12 / 11:06


2006 წლის 1 ნოემბერს „ღია ცის“ ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს თავზე საბერძნეთი–ბენილუქსი–ესპანეთის ერთობლივი სადამკვირვებლო ფრენა. ფოტო: ეუთო

საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება შეწყვიტოს რუსეთის ფედერაციის მიმართ „ღია ცის“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რომელიც ძალაში 2002 წელს შევიდა და რაც საშუალებას აძლევს 34 წევრ სახელმწიფოს ერთმანეთის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენები განახორციელონ და ერთმანეთის სამხედრო ძალების შესახებ ინფორმაცია შეაგროვონ.

ამგვარი ქმედება რუსეთის მიერ ორი წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელმაც „თვითნებური შეზღუდვები“ დაუწესა ხელშეკრულების წევრ სხვა ქვეყნებს სადამკვირვებლო ფრენებზე, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 5 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

„კერძოდ, რუსეთმა საბაბად გამოიყენა დებულება, რომელიც სადამკვირვებლო ჯგუფს უკრძალავს ხელშეკრულების არაწევრი ქვეყნის საზღვრებთან 10 კილომეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოებას. შედეგად, რუსეთმა აკრძალა მის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენების 10 კილომეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, იმ მოტივით, რომ ისინი წარმოადგენენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და არ არიან ხელშეკრულების წევრები“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.

„რუსეთის ფედერაციამ, თავის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენის განხორციელებისას, განზრახ და უკანონოდ შეუზღუდა წევრ ქვეყნებს „ღია ცის" ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება სრულ ტერიტორიულ წვდომაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ნათელია, რომ რუსეთის ფედერაციას არ აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს მრავალმხრივი ხელშეკრულების დაფარვის გეოგრაფიული არეალი, ხელშეკრულების წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი წარმონაქმნის აღიარების გზით. ასევე, ისიც ცხადია, რომ რუსეთს არც იმის უფლება აქვს, აიძულოს ხელშეკრულების წევრი სხვა ქვეყნები დათანხმდნენ აღნიშნული წარმონაქმნის უკანონო აღიარებას“, – განაცხადა საგარეო უწყებამ.

ამავე განცხადების თანახმად, ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველო თავის პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მოუწოდებდა რუსეთს და მიმართავდა მთელ თავის ძალისხმევას, რათა „რუსეთი დაბრუნებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულფასოვან შესრულებას“.

სამინისტროს თქმით, საქართველოს გადაწყვეტილება მდგომარეობს იმაში, რომ „საქართველო აღარ მიიღებს თავის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით და არ განახორციელებს სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო გააგრძელებს „ღია ცის" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ხელშეკრულების წევრი სხვა ყველა ქვეყნის მიმართ.

2011 წლის ნოემბერში, ნატო ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს  მსგავსად, საქართველომაც განაცხადა, რომ წყვეტდა რუსეთთან სამხედრო ინფორმაციის გაცვლას  ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (CFE) ხელშეკრულების ფარგლებში; მოსკოვმა ამ ხელშეკრულებაში მონაწილეობა 2007 წელს შეაჩერა.

Civil.Ge © 2001-2024