ივანიშვილი პრეზიდენტს ორმაგი მოქალაქეობის თხოვნით არ მიმართავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Apr.'12 / 15:37

ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღებაზე უარის თქმის შემდეგ ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არ შეეცდება ქართული პასპორტის მიღებას ორმაგი მოქალაქეობის პროცედურის გზით, განაცხადა მისმა პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ 10 აპრილს.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ განაცხადა 4 აპრილს, რომ ოპოზიციონერ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღება არ შეუძლია და რომ მან მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას უნდა მიმართოს.

მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ვარიანტი პრეზიდენტს უფლებას ანიჭებს áƒ—ავად გადაწყვიტოს მიანიჭოს, თუ არა ივანიშვილს მოქალაქეობა. მისი თქმით, „ალოგიკური“ იქნებოდა მოქალაქეობისთვის მიმართო პრეზიდენტს, რომელმაც ერთხელ უკვე შეუწყვიტა  ივანიშვილს მოქალაქეობა.

„ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭებას კანონი ავალდებულებდა ამ ხელისუფლებას და როდესაც სააკაშვილი არ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებას, ცოტა უცნაური იქნებოდა მიგვემართა ისეთი გზისთვის, სადაც გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის დისკრეციაა“, – განაცხადა მან. 

მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება საკონსტიტუცო ცვლილების თაობაზე, რომელიც უფლებას მისცემს ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის გარეშეც მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში „მორგებულია“ არა ივანიშვილზე, არამედ სააკაშვილზე, რომელსაც არ სურს თავის პოლიტიკურ ოპონენტს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს. 

„იგი [სააკაშვილი] იძულებულია, რომ დაემორჩილოს საერთაშორისო საზოგადოების მკაცრ მოთხოვნას, აღადგინოს კანონიერება და დაუბრუნოს ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უკანონოდ წართმეული უფლება... მაგრამ მისი [სააკაშვილის] მმართველობის მანიაკალურ–ავტორიტარული პრინციპი, რომლის თანახმადაც იგი ყოველთვის და ყველა შემთხვევაში მართალია, სააკაშვილს აიძულებს არ დაუბრუნოს ბიძინა ივანიშვილს უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობა“, – განაცხადა ფანჯიკიძემ. 
     
მისი თქმით, ამ ორი პირობის ერთდროულად შესრულება – ერთი მხრივ, ივანიშვილისთვის პოლიტიკური უფლებების მინიჭება და მეორე მხრივ, მისთვის მოქალაქეობის მიცემაზე უარის თქმა – „კანონის ფარგლებში შეუძლებელია“.

„სამაგიეროდ შესაძლებელია თავად კანონის შეცვლა ისე, როგორც ეს ერთ ადამიანს [სააკაშვილს] აწყობს და სჭირდება; სწორედ ამიტომ და მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის პრობლემების მოსაგვარებლად იცვლება კონსტიტუცია“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.  

Civil.Ge © 2001-2024