ივანიშვილის პოლიტიკური პარტია დაფუძნდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Apr.'12 / 18:31

მანანა კობახიძე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დროებითი თავმჯდომარე პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე 21 აპრილს. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

მილიარდერი ოპოზიციონერის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დამფუძნებელი ყრილობა დღეს თბილისში გაიმართა.

ივანიშვილს, რომელმაც საკუთარი პარტიის საინიციატივო ჯგუფი თებერვალში წარადგინა, საქართველოში პოლიტიკური პარტიის შექმნის ან თავმჯდომარეობის უფლება არ აქვს, ვინაიდან ის საფრანგეთის მოქალაქეა, ხოლო დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც მას საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე მიანიჭებს პოლიტიკურ უფლებებს, პარლამენტს ჯერ არ მიუღია.

ამის გამო პარტიამ დროებით თავმჯდომარედ ადვოკატი მანანა კობახიძე აირჩია, რომელიც ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია.

ადვოკატ არჩილ კბილაშვილის განცხადებით, კობახიძე პარტიას მანამ უხელმძღვანელებს „ფორმალურად“, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური უფლებები აღუდგება.    

დეკემბერში ივანიშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ დააფუძნა, რომელიც ფორმალურად პარტია არ არის, თუმცა მილიარდერი პოლიტიკოსის პოლიტიკური საქმიანობის პლატფორმას წარმოადგენს; თებერვალში ივანიშვილმა ოპოზიციური კოალიცია ჩამოაყალიბა, რომლის შემადგენლობაშიც რესპუბლიკური პარტია, ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატები და ეროვნული ფორუმი შევიდნენ, ხოლო აპრილში მას მრეწველთა პარტიაც შეუერთდა. ივანიშვილის ხუთპარტიული კოალიცია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკის სახით გეგმავს მონაწილეობას.

ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომელიც გასული წლის ბოლომდე ქართული პარტიის თავმჯდომარე იყო, დამფუძნებელ ყრილობაზე „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ 11–წევრიანი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს – პოლიტიკური საბჭოს წევრად იქნა არჩეული.

პოლიტსაბჭოს  შემადგენლობაში ასევე შევიდნენ: საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე; áƒ­áƒáƒ“რაკის საერთაშორისო დიდოსტატი áƒ–ურაბ აზმაიფარაშვილი; უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი და ივანიშვილის ერთ–ერთი მრჩეველი ირაკლი სესიაშვილი; მწერალი გურამ ოდიშარია; გაზეთ „რეზონანსის“ ყოფილი ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორი ნოდარ ხადური; აკადემიკოსი ივანე კიღურაძე; ეროვნული ფორუმის ყოფილი წევრი გელა ხვედელიძე; ქურთთა უფლებების დამცველი თამაზ ავდალიანი; და ყოფილი დეპუტატი გუგული მაღრაძე.

პარტიის დაფუძნებისთვის საჭირო ხანგრძლივი ფორმალური პროცედურების გავლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი  სიტყვით გამოვიდა და პარტიის დეკლარაცია წაიკითხა, სადაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პარტიის მიზანს ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოსვლის თაობაზე.

მან პირობა დადო, რომ ააღორძინებს სოფლის მეურნეობას, მათ შორის სახელმწიფო ინვესტიციების და ფერმერთა კოოპერატივების შექმნის გზით; შემოიღებს ე.წ. დაუბეგრავ მინიმუმს, რაც იმას ნიშნავს, რომ გაუქმდება 20%–იან საშემოსავლო გადასახადი მათთვის, ვისი შემოსავალიც საარსებო მინიმუმს უტოლდება; მისი თქმით, ყველა მოქალაქე იქნება დაზღვეული „საბაზისო პაკეტით, რომელიც იქნება უფრო ფართო, ვიდრე ხელისუფლება სთავაზობს ყოველ მეორეს“. ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია და დასძინა, რომ რუსეთთან ურთიერთობის „ნორმალიზება“ ასევე მნიშვნელოვანია; მისი თქმით, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის პროგნოზირებადი პარტნიორი უნდა გახდეს.

Civil.Ge © 2001-2024