პარლამენტმა პარტიების შესახებ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Apr.'12 / 12:44

პოლიტიკური პარტიების შესახებ სადავო კანონში ცვლილებები პარლამენტმა 24 აპრილს მეორე მოსმენით áƒ›áƒ˜áƒ˜áƒ¦áƒ მას შემდეგ, რაც თორმეტი დღის წინ კანონპროექტის განხილვის შემდეგ კენჭისყრის გამართვა ქვორუმის არ ქონის გამო ვერ მოხერხდა

პირველი მოსმენით მიღების შემდეგ კანონპროექტში, რომელიც მმართველ პარტიასა და სამოქალაქო კამპანია "ეს შენ გეხებას" წარმომადგენელ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შეთანხმების შედეგია, პრინციპული ცვლილებები აღარ შესულა, თუმცა დაზუსტდა რიგი დებულებები.

მეორე მოსმენისთვის კანონპროექტში ასახული ახალი დებულების თანახმად, კონტროლის პალატამ პარტიებისთვის დადგენილი შეზღუდვების სხვა პირზე გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით უნდა მიიღოს. ასეთ შეზღუდვებს შეიძლება დაექვემდებარონ პირები, რომლებსაც გააჩნიათ საარჩევნო მიზნები და ამ მიზნით გაწევენ ხარჯებს. ამ პირებს უფლება აქვთ კონტროლის პალატისგან მოითხოვონ მათ მიმართ შეზღუდვების გავრცელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ასლი. ასევე ახალი დებულების თანახმად, ეს შეზღუდვები უქმდება არჩევნების შედეგების შეჯამების დღეს.

მართალია ძალაში დარჩა შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც პარტიას არ აქვს უფლება, რომ შემოწირულობის სახით  ჯამურად 500 ათას ლარზე მეტი მიიღოს იმ ფიზიკური პირებისგან, რომლებიც შემოსავალს მთლიანად ან ნაწილობრივ ერთი წყაროდან იღებენ, მაგრამ კანონპროექტში გაჩნდა ახალი ჩანაწერი, რომ პარტიებს ან მათ შემომწირველებს პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, თუ მათ არ იცოდნენ ამ ლიმიტის გადაჭარბების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში კონტროლის პალატამ არანაკლებ 5 დღეში დარღვევის აღმოფხვრისკენ უნდა მოუწოდოს.

კანონით განსაზღვრულია, რომ პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს.  იურიდიულ პირს პარტიების დაფინანსება კანონში დეკემბერში შესული ცვლილებების შედეგად საერთოდ აეკრძალა.

კიდევ ერთი დაზუსტების თანახმად, კონტროლის პალატა ვალდებული იქნება თავის ვებ–გვერდზე გამოაქვეყნოს პარტიის შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მას ყოველთვიურად უნდა მიეწოდოს.

ამასთან, პარლამენტმა დღეს ჩააგდო დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას ალტერნატიული წინადადება, რომელიც მოითხოვდა, რომ ყველა კვალიფიციურ სუბიექტს მიეღო ის დამატებითი საბიუჯეტო დაფინანსება, რომელიც საარჩევნო წელს სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად არის გათვალისწინებული. ასეთი დაფინანსების მიღება, მმართველი პარტიის ინიციატივის თანახმად, შესაძლებელია მხოლოდ იმ პარტიებისათვის, რომლების საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიხედვით.  ის კვალიფიციური პარტიები, მათ შორის ბაღათურიას პარტია „ქართული დასი“, რომლებიც ყოველწლიურ საბიუჯეტო დაფინანსებას 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე იღებენ, ახალ დამატებით დაფინანსებას ვერ მიიღებენ.

Civil.Ge © 2001-2024