თბილისის თქმით, ბაქოსთან მიღწეულია შეთანხმება დავით–გარეჯთან საზღვრის სადავო მონაკვეთზე სტატუს ქვოს აღდგენაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 May.'12 / 12:45

დავით–გარეჯთან სასაზღვრო მონაკვეთზე 6 მაისამდე არსებული სტატუს ქვოს აღდგენის შესახებ შეთანხმების მიღწევამდე, 20 მაისს ასობით ადამიანმა თბილისის ცენტრში ამ სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებული მოვლენების წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა მოაწყო. áƒ¤áƒáƒ¢áƒ: ინტერპრესნიუსი. 

ჩიკაგოში აზერბაიჯანის და საქართველოს პრეზიდენტებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, 20 მაისს ორი ქვეყნის საზღვრის დაცვის სამსახურების ხელმძღვანელები შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ, რომ დავით–გარეჯთან საზღვრის სადავო მონაკვეთზე სტატუს ქვო აღდგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორები საქართველოდან შეძლებენ სამონასტრო კომპლექსის ყველა ნაწილის მონახულებას, განაცხადეს საქართველოს ოფიციალურმა პირებმა.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზაზა გოგავა 20 მაისს საზღვარზე თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ელჩინ გულიევს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს áƒ£áƒ™áƒáƒœáƒáƒ¡áƒ™áƒœáƒ”ლ პერიოდში წარმოქმნილი პრობლემა, რაც დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან საზღვრის სადაო მონაკვეთზე 6 მაისს აზერბაიჯანელი მესაზღვრეების გამოჩენას უკავშირდება, რის შედეგადაც დამთვალიერებლებს საქართველოდან აღარ ჰქონდათ შესაძლებლობა კომპლექსის ზოგიერთი ნაწილი მოენახულებინათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე დავით–გარეჯში გადაადგილებაზე შეზღუდვა უკვე მოხსნილია.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ კვირას საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „აქცენტები“ განაცხადა, რომ მიღწეული შეთანხმების თანახმად, საკითხის საბოლოო მოგვარებამდე ყველა ვიზიტორს ექნება კომპლექსის ამ ნაწილის დაუბრკოლებლად მონახულების საშუალება. „ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ამ ნაწილიდან არ მოხდეს აზერბაიჯანულ ტერიტორიაზე გადაადგილება“, – განაცხადა მან.

დავით–გარეჯის კომპლექსის ერთი ნაწილი უკვე დიდი ხანია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ–ერთ პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს. საბჭოთა პერიოდში სამონასტრო კომპლექსს ადმინისტრაციული საზღვარი ყოფდა და კომპლექსის ძირითადი ნაწილი საქართველოს,  მეორე ნაწილი კი აზერბაიჯანის მხარეს იყო მოქცეული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ორი ქვეყანა ამაოდ ცდილობს საზღვრის დემარკაციაზე შეთანხმებას.

სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც მე–6 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი, საქართველოს ერთ–ერთ მნიშვნელოვან კულტურულ–რელიგიური მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.

2012 წლის 6 მაისამდე დამთვალიერებლებს თავისუფლად შეეძლოთ შესვლა უდაბნოს მონასტერში. თუმცა,  6 მაისიდან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა პოზიციები შეიცვალეს და ვიზიტორებს ამ ადგილების მონახულების საშუალებას აღარ აძლევენ. ამასთან, ეს აკრძალვა არ ვრცელდებოდა ადგილობრივ ბერებზე, რომლებსაც კვლავაც შეეძლოთ დაუბრკოლებლად გადაადგილება. 

მას შემდეგ, რაც 11 მაისს ინფორმაცია პირველად გავრცელდა ქართულ მედიაში, ეს საკითხი ოპოზიციურმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ აიტაცა, რომლის ერთ–ერთი წევრიც, ზვიად ძიძიგური 13 მაისს დავით–გარეჯის მონასტერს სტუმრობდა. მეორე დღეს, მან ეჭვი გამოთქვა, რომ შესაძლოა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ქმედება არ იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება და საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანთან „ფარულ“ შეთანხმებაში დაადანაშაულა.

ეს თემა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ კომპლექსის ის ნაწილი, სადაც ამჟამად აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მოქალაქეებს არ ატარებენ, „სადაო ტერიტორიებს არ განეკუთვნება“, რადგანაც საბჭოთა პერიოდში ის აზერბაიჯანის საზღვრებში იყო. ანალოგიური განცხადება კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამაც გააკეთა. ამ მოულოდნელმა განცხადებებმა ოპოზიციის ნაწილის და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კრიტიკა გამოიწვია. მოგვიანებით კალანდაძემ განაცხადა, რომ მას არასწორად გაუგეს და აღიარა, რომ გაუგებრობა შესაძლოა ნაწილობრივ იმანაც გამოიწვია, რომ მან პოზიციის სწორად გადმოცემა ვერ შეძლო.

6 მაისამდე არსებული სტატუს ქვოს აღდგენის შესახებ შეთანხმების მიღწევამდე, კვირას თბილისის ცენტრში ასობით ადამიანმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებული მოვლენების წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა მოაწყო. მონაწილეები, შემდეგ შინაარსის ტრანსპარანტებით: „დავით გარეჯი საქართველოა!!!“;  „დაიცავი შენი წილი საქართველო!!!“, საგარეო საქმეთა სამინისტროსკენ დაიძრნენ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის და კულტურის მინისტრის გადაყენებას ითხოვდნენ „უპასუხისმგებლო“ განცხადებების გაკეთების გამო.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა 20 მაისს, რომ ოპონენტების რეაქცია ამ საკითხზე, ასევე ქართული მიწების გაყიდვის თაობაზე მითების შექმნა, „სრული უპასუხისმგებლობის“ გამოვლინებაა. მისი თქმით, ასეთი რეაქცია, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა ინფორმაციის ნაკლებობითაც იყოს გამოწვეული.

„მე ვგულისხმობდი, როცა უპასუხისმგებლო განცხადებებზე ვსაუბრობდი, ყველას,  ვინც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საფრთხის ქვეშ აყენებს ასეთი სპეკულაციით“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული ეკლესიები დააზიანეს, ძირითადად, მდუმარე რეაქცია ჰქონდათ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც „ლამის ომის გამოცხადებისკენ მოგვიწოდებდნენ და მოითხოვდნენ აგრესიულ პოლიტიკას ამ დღეების განმავლობაში“. 

„მეგობრულ სახელმწიფოს და მტრულ სახელმწიფოს შორის განსხვავება არის სწორედ ის, რომ როდესაც მეგობრებს შორის წამოიშვება ხოლმე პრობლემები, მოლაპარაკებების გზით ცდილობენ მის გადაწყვეტას და ამას ჩვენ ახლა ვცდილობთ; ხოლო მტრებს აქვთ მცდელობა, რომ ჩვენი სახელმწიფო დაამხონ და ვინც მტრების მიმართ ითხოვს დათმობას და მეგობრებთან ითხოვს ომის დაწყებას, ასეთ ხალხს რა ქვია, მე მგონი,  ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის“, – განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, რომ „ჩრდილოელი მეზობლის“ ინტერესია, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა წარმოშვას.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის 66% შეთანხმებულია და იმედი გამოთქვა, რომ საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციაზე მოლაპარაკებები მალე დასრულდება. ბოკერიას თქმით, ქართული მხარის მიზანია, რომ დავით–გარეჯის მთლიანი სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ტერიტორიის შემადგენლობაში იყოს.

Civil.Ge © 2001-2024