ბაქრაძე: არჩევნებში მონაწილეობა დამოკიდებულია მთლიანად ივანიშვილზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 May.'12 / 18:18

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „მთლიანად“ ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერზე, ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა ის არჩევნებში მონაწილეობას მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით ყველა პრობლემა მოხსნა.

22 მაისს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, რომელიც ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე არჩევნებში მონაწილეობის და მაღალი თანამდებობების დაკავების საშუალებას აძლევს, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ღია წერილით მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ვეტო დაადოს ამ „უგუნურ“ ინიციატივას, რადგან ის მაინც არ ისარგებლებს ამ გზით მიცემული უფლებებით, არ მიიღებს მონაწილეობას არჩევებში და სანაცვლოდ, კვლავ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ეცდება ორმაგი მოქალაქეობის áƒžáƒ áƒáƒªáƒ”დურის გზით.

ბაქრაძის თქმით, მისთვის ივანიშვილის ეს „არაკორექტული“ განცხადება „მოულოდნელი“ იყო. 

„ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვისმენდით მისი და მისი გუნდის წევრების განცხადებებს, რომ აპირებენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, სიის პირველ ნომრობას, შემდეგ კარიერის გაგრძელებას და პრემიერ–მინისტრობას და ამ ყველაფერს ხელს უშლის მოქალაქეობის არ ქონა. ჩვენ გუშინ მივიღეთ ცვლილებები, რომლითაც ეს პრობლემა მთლიანად მოიხსნა, რომლითაც აღარანაირი შეზღუდვა აღარ არსებობს“, – განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს 23 მაისს.

„ამიტომ სიმართლე გითხრათ, გუშინ ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო განცხადება, რომლის მიხედვითაც საწყისი მათი პოზიცია არის 180 გრადუსით შეცვლილი და დღეს არის საუბარი იმაზე, რომ ბატონი ბიძინა აღარ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და სიის პირველ ნომრობას“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

„მე მინდა მკაფიოდ განვაცხადო: არანაირი შეზღუდვა არ არსებობს,“– განაგრძო მან, „თუ მას სურს არჩევნებში მონაწილეობა, მას აქვს ამის სრული უფლება; თუ მას სურს პრემიერ–მინისტრობა, მას აქვს სრული უფლება. არანაირი შეზღუდვა მის პოლიტიკურ აქტივობაზე არ არსებობს და ამიტომ მისი სურვილი იყაროს ან არ იყაროს კენჭი, მიიღოს ან არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში არის დამოკიდებული მთლიანად მასზე და ხელისუფლებისკენ ხელის გამოშვერა ამ შემთხვევაში, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ყველანაირი პრობლემა მოვხსენით, ვფიქრობ, არის უბრალოდ არაკორექტული და არასწორი“.

საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა, ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს და გამოქვეყნდება. ჯერ–ჯერობით "საკანონმდებლო მაცნეში" ეს ცვლილებები არ გამოქვეყნებულა. 

Civil.Ge © 2001-2024