ივანიშვილის კოალიცია პენსიების გაზრდის პირობას დებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 May.'12 / 18:13

ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში  ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“ მინიმალურ პენსიას 220 ლარამდე გაზრდის, განაცხადა კოალიციის ერთ–ერთმა ლიდერმა, ირაკლია ალასანიამ 23 მაისს.

ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ეს განცხადება 23 მაისს ოზურგეთის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.      

„ყველა პენსიონერს მინიმალური პენსია განესაზღვრება არანაკლებ საარსებო მინიმუმისა, ეს ნიშნავს იმას, რომ დღესვე ეს რეფორმა რომ განხორციელდეს, პენსიონერს არანაკლებ 220 ლარისა ექნება პენსია“, – განაცხადა მან.

„მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ეს იქნება მინიმალური და ამას დაემატება წელთა ნამსახურობა“, – განაცხადა ალასანიამ. ზუსტი სქემა „ქართულ ოცნებას“ ჯერჯერობით არ გაუხმოვანებია.

აპრილის ბოლოს პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე საუბრისას ივანიშვილმა პირობა დადო, რომ გაუქმდება 20%–იანი საშემოსავლო გადასახადი მათთვის, ვისი შემოსავალიც საარსებო მინიმუმს უტოლდება და ყველა მოქალაქე იქნება დაზღვეული „საბაზისო პაკეტით“.

ამჟამად, მინიმალური პენსია 100 ლარს შეადგენს; ამას ემატება 2–დან 10 ლარამდე სტაჟის დანამატი თითოეულ ასაკით პენსიონერზე. 

2012 წლის სექტემბრიდან ხელისუფლება ახალი „საპენსიო პაკეტის“ შემოღებას გეგმავს.

ამ გეგმის თანახმად, პენსია არსებული 100 ლარიდან 125 ლარამდე გაეზრდებათ 67 წლის ასაკზე უფროს ადამიანებს– 25 ლარით გაეზრდებათ მათ, ვისაც სტაჟის დანამატი არ აქვს, ხოლო 15 ლარით იმ პენსიონერებს, რომლებიც ამ 10–ლარიან დანამატს იღებენ; ამასთან ერთად, სექტემბრიდან "ყველა პენსიონერი" მიიღებს 15–ლარიან სადაზღვევო პაკეტს.

საპენსიო ასაკი საქართველოში ქალებისათვის 60 წელს, ხოლო მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში საპენსიო ასაკის 669 663 პირია რეგისტრირებული.

Civil.Ge © 2001-2024