პროკურატურა ‘ოცნების ფლაერების’ საქმეს ‘ამომრჩეველთა მოსყიდვის’ ნიშნების გამო იძიებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Jun.'12 / 11:50

მთავარმა პროკურატურამ განაცხადა 6 ივნისს, რომ დაიწყო გამოძიება ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის თაობაზე. áƒ”ს áƒ‘რალდება „ქართულმა ოცნებამ“ უარყო და ხელისუფლების „ბინძური ოპერაცია“ უწოდა. 

მთავარი პროკურატურის განცხადებას წინ უძღოდა კონტროლის პალატის განცხადება, რომელმაც აღნიშნა 6 ივნისს, რომ ერთი დღით ადრე მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები  ქუთაისში ამომრჩევლებს მატერიალური ფასეულობების გადაცემას პირდებოდნენ, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა განაცხადა 5 ივნისს, რომ ქუთაისში 10 ივნისს დაგეგმილი აქციის წინ „ქართული ოცნების“ აქტივისტები ქალაქში ფლაერებს ავრცელებდნენ, მოქალაქეებს მათში თავიანთი ოცნებების ჩაწერას სთავაზობდნენ და დაახლოებით, 1000 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნიკას პირდებოდნენ. „ქართული ოცნების“ ლოგოიან მაისურებში გამოწყობილმა áƒ áƒáƒ›áƒ“ენიმე აქტივისტმა განუცხადა „რუსთავი 2“–ს, რომ „ქართული ოცნება“ ამ „ოცნებებს“ არჩევნებამდე შეასრულებდა და მხარდამჭერებს იმ საჩუქრებს გადასცემდა, რომლებიც მათ ფლაერებში ჩაწერეს.

“ვინაიდან აღნიშნული ქმედება შეიცავს დანაშაულის, კერძოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს, ფაქტების შესწავლის მიზნით, გამოძიება დაწყებულია” შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის მთავარ სამმართველოში და მას ზედამხედველობას უწევს პროკურატურა, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. "საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება და პოლიტიკური საქმიანობის უფლება. გამოძიების მიზანია დანაშაულებრივი ჩარევისაგან წინაასარჩევნო პროცესების დაცვა და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებების უზრუნველყოფა“, – აცხადებს პროკურატურა.

„ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ეთერში აჩვენეს, არასოდეს არ ყოფილან ივანიშვილის პარტიის წევრები, თუმცა „ისინი არიან ჩვენთან ასოცირებული ახალგაზრდები“, რომლებიც არიან „ან მოტყუებულები, ან გადაბირებულები ან შეშინებულები ან კიდევ მოსული თავიდანვე სხვა მიზნებით“. მან ასევე განაცხადა, რომ ამ აქტივისტებს „მსგავსი დირექტივა არავისგან არ მიუღიათ“. ფანჯიკიძემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უკვე ბევრჯერ განაცხადეს, რომ ფლაერების დარიგების მიზანი იყო ხალხის ქუთაისის აქციაზე მიწვევა და მისი ერთი ნაწილი იმისთვის იყო განკუთვნილი, რომ მოქალაქეებს თავიანთი „ოცნებები“ ჩაეწერათ, რაც მიზნად ისახავდა მხარდამჭერთა გამოკითხვას მათი მოლოდინების თაობაზე.

ფანჯიკიძემ მოსყიდვის თაობაზე ბრალდებებს „კუდ–ის, კონტროლის პალატის და „რუსთავი 2“–ის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია“ უწოდა.

"ვაცხადებთ, რომ ეს ყველაფერი არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ბინძური ოპერაცია და საერთო არაფერი აქვს კოალიცია "ქართული ოცნების" საქმიანობასა და გეგმებთან. ჩვენ მოსახლეობას მართლაც ვპირდებით მათი ოცნებების ასრულებას, მაგრამ არა არჩევნებამდე საჩუქრების დარიგების გზით, არამედ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებით, სიღარიბის დაძლევით, სოციალური პრობლემების მოგვარებით, დასაქმებით და ეკონომიკის აღმავლობით... ჩვენ ცალსახად ვემიჯნებით ყველას, ვინც ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას... ვინც ცდილობს სხვა მიზნებისთვის გამოიყენოს ჩვენი მოსაწვევი ბარათები და სხვა ატრიბუტიკა“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მოქალაქეთა „ოცნებების“ შეგროვების ანალოგიური პრაქტიკა იქნა გამოყენებული „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში 27 მაისს გამართულ ფართომასშტაბიან აქციაზე, როდესაც მონაწილეები თავიანთ „ოცნებებს“ წერდნენ „ქართული ოცნების“ ფლაერებზე და აქტივისტებს უბრუნებდნენ. აქციის დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე, 27 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც აფრთხილებდა მხარდამჭერებს ხელისუფლების მხრიდან შესაძლო „პროვოკაციების“ თაობაზე. კოალიციის განცხადებით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ უცნობმა პირებმა „ქართული ოცნების“ სახელით მოსახლეობას დაურიგეს ფული მანიფესტაციაზე დასწრების სანაცვლოდ, რისი გადაღებაც სახელისუფლებო მედიის მეშვეობით ხდებოდა. მაშინ კოალიციამ მოუწოდა  მოსახლეობას უარი ეთქვათ მსგავს „გარიგებაზე“ და ამგვარი ფაქტების შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ საორგანიზაციო ჯგუფისთვის მიეწოდებინათ.

Civil.Ge © 2001-2024