პროკურატურამ სამი პირი დააკავა ‘ამომრჩეველთა მოსყიდვის“ ბრალდებით
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Jun.'12 / 17:13

მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 7 ივნისს სამი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

პროკურატურის განცხადებით, გრიგოლ ამბროლაძე, მიხეილ მესხი და მიხეილ ამაშუკელი წარდგენილი იქნებიან სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად.

სისხლის სამართლის კოდექსი ამომრჩეველთა მოსყიდვასთან დაკავშირებით სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს.

„აღნიშნული პირების მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებების, აგრეთვე სხვა მოწმეთა ჩვენებების, მედია საშუალებებით გავრცელებული აუდიო-ვიზუალური ინფორმაციებისა და ოპერატიული ჩანაწერების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ მიიჩნია, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი გრიგოლ ამბროლაძის, მიხეილ მესხისა და მიხეილ ამაშუკელის ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემისათვის“, – განაცხადა პროკურატურამ.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურატურას ამისკენ 6 ივნისს კონტროლის პალატამ მოუწოდა ერთი დღით ადრე „რუსთავი 2“–ზე გასულ სიუჟეტზე დაყრდნობით, სადაც ნაჩვენები იყო „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ ქუთაისში 10 ივნისს დაგეგმილი აქციის წინ იმ ფლაერების დარიგების პროცესი, რომლებშიც მოქალაქეებს თავიანთი „ოცნებები“ უნდა ჩაეწერათ. ამჟამად დაკავებულმა აქტივისტებმა „რუსთავი 2“–ს განუცხადეს, რომ „ქართული ოცნება“ ამ „ოცნებებს“ არჩევნებამდე შეასრულებდა და მხარდამჭერებს იმ საჩუქრებს გადასცემდა, რომლებიც მათ ფლაერებში ჩაწერეს.

კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ უარყო მოსყიდვასთან დაკავშირებული ბრალდებები და მას ხელისუფლების მიერ დაგეგმილი „ბინძური ოპერაცია“ და "პროვოკაცია" უწოდა.

Civil.Ge © 2001-2024