ივანიშვილს შესაძლოა მრავალმილიონიანი ჯარიმა დაეკისროს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Jun.'12 / 20:48

ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა 148.65 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისროს, თუ თბილისის საქალაქო სასამართლო დაამტკიცებს კონტროლის პალატის გადაწყვეტილებას, რომელმაც მილიარდერი პოლიტიკოსი პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევაში დაადანაშაულა.

კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ ივანიშვილის „კუთვნილი კომპანიების“ მეშვეობით ხორციელდებოდა „პოლიტიკური და საარჩევნო მოტივაციით, კანონსაწინააღმდეგო სქემების დაფინანსება კანონით დადგენილი რეგულაციების გვერდის ავლის მიზნით“.

პარტიების შესახებ კანონის დარღვევის ბრალდებები ორ ეპიზოდს მოიცავს.

ერთი ეხება „ქართული ოცნებისთვის“ ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების “ბურჯის” და “ელიტა ბურჯის” მიერ „239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანებით შეღავათიანი მომსახურების“ გაწევის ფაქტს. კონტროლის პალატამ გაწეული მომსახურება 2 242 994 ლარად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ივანიშვილის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ უკანონო შემოწირულობის განხორციელებას წარმოადგენს.

მეორე ეპიზოდი კი ეხება “გლობალ TV”-ის მიერ „ამომრჩევლებისათვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულ ათასობით სატელიტური ანტენების დარიგების“ ფაქტს. კონტროლის პალატის თქმით, “გლობალ TV”-ის მიერ ივანიშვილის ფინანსების გამოყენებით სატელიტური ანტენების უფასოდ დარიგება ასევე წარმოადგენს პარტიების შესახებ კანონის დარღვევას. კონტროლის პალატის თქმით, ამ ქმედების შედეგად ამომრჩევლებს 12 662 019 ლარის ღირებულების საჩუქრები დაურიგდათ.

8 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი დამოუკიდებელი მოსმენა გაიმართა ამ საქმეებზე. თუმცა, ორივე მოსმენა 11 ივნისამდე გადაიდო. პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სანქციების დაკისრების თაობაზე კონტროლის პალატის გადაწყვეტილებას სასამართლო განიხილავს.

Global Contact Consulting, რომელიც "გლობალ TV"-ის“ სახელითაა ცნობილი, საკაბელო ოპერატორია, რომელიც თავისი კლიენტებისთვის ქვეყნის მასშტაბით სატელიტურ ანტენებსაც ამონტაჟებს.

“გლობალ TV”-ი ერთადერთი საკაბელო კომპანიაა, რომელზეც ივანიშვილის მეუღლის კუთვნილი „მეცხრე არხი“ გადის. ტელეკომპანია ასევე ხელმისაწვდომია სატელიტზე.

“გლობალ TV”-ის აქციების 66.8%–ის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილია; აქციების 16% საქართველოს სამ მოქალაქეს შორისაა გადანაწილებული, ხოლო 17.2%–ის მფლობელი ამერიკელი მოქალაქეა, საჯარო რეესტრში არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტების თანახმად. 

“გლობალ TV”-ის განვითარების და მარკეტინგის დირექტორმა ზურაბ ბაზლიძემ განუცხადა Civil.ge-ს 8 ივნისს, რომ კომპანიამ გაყიდვების ხელშეწყობის კამპანია მარტის დასაწყისში დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სატელიტური ანტენების დამონტაჟება áƒ£áƒ¤áƒáƒ¡áƒáƒ“ ხდება იმ რეგიონებში, სადაც, ნაციონალური მაუწყებლების გარდა, სხვადასხვა ტელეარხებზე წვდომა შეზღუდულია. კამპანიის ფარგლებში, კლიენტებს არ მოუწევთ ყოველთვიური გადასახადის გადახდა ერთი წლის განმავლობაში, ხოლო ერთი წლის შემდეგ 4 ლარს გადაიხდიან ყოველთვიურად სააბონენტო გადასახადის სახით.

ბაზლიძის თქმით, კამპანიის დაწყების დღიდან “გლობალ TV”-მ ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 25 000 ოჯახში დაამონტაჟა სატელიტური ანტენები.

გიორგი ამირანაშვილმა, რომელიც კონტროლის პალატას წარმოადგენს სასამართლოში, განუცხადა მოსამართლეს 8 ივნისს, რომ  “გლობალ TV”-მ მხოლოდ მას შემდეგ შეძლო კამპანიის დაწყება, რაც ალექსანდრე ივანიშვილმა სესხი მიიღო თავისი ძმისგან, ბიძინა ივანიშვილისგან. მან ასევე განუცხადა სასამართლოს, რომ კონტროლის პალატამ  “გლობალ TV”-ის 40–ზე მეტი ახალი კლიენტი გამოკითხა და მათმა უმეტესობამ ან დაადასტურა, რომ ანტენები დაამონტაჟეს, როგორც „საჩუქარი ივანიშვილისგან“ ან განაცხადა, რომ სატელიტური ანტენები „ქართული ოცნების სახელით“ იქნა დამონტაჟებული.

ივანიშვილის ადვოკატები შეეცადნენ შეწინააღმდეგებოდნენ კონტროლის პალატის არგუმენტებს და განაცხადეს, რომ ივანიშვილს „საარჩევნო მიზნები არ აქვს“ და მასთან მიმართებაში ვერ იქნება გამოყენებული პარტიების დაფინანსების რეგულაციები. მათ ამის არგუმენტად ის მოიყვანეს, რომ ივანიშვილმა უარი თქვა ცოტა ხნის წინ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების გამოყენებაზე, რაც მას საქართველოს მოქალაქეობის გარეშე არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.

ივანიშვილის ადვოკატებმა ასევე უთხრეს სასამართლოს, რომ გაუმართლებელია  “გლობალ TV”-ის მიერ სატელიტური ანტენების დამონტაჟების დაკავშირება ივანიშვილის პარტიასთან – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ვინაიდან “გლობალ TV”-მ თავისი კამპანია უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ივანიშვილის პარტია ჩამოყალიბდებოდა აპრილის ბოლოს. ივანიშვილის ერთ–ერთმა ადვოკატმა შალვა თადუმაძემ ასევე განუცხადა სასამართლოს, რომ ივანიშვილი “გლობალ TV”-ის არც დამფუძნებელია და არც მფლობელი.

რაც შეეხება სატრანსპორტო მომსახურების საქმეს, კონტროლის პალატის წარმომადგენელმა განუცხადა სასამართლოს, რომ მისი უწყება ამ საკითხს იანვრის ბოლოდან სწავლობს და რომ საქმის მასალები 100 გვერდზე მეტს მოიცავს.

ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ კონტროლის პალატა ვერ ადასტურებს, რომ „ბურჯი“ და „ელიტა ბურჯი“ ივანიშვილის საკუთრებაა – ორივე კომპანიას ოფშორში დარეგისტრირებული ფირმები ფლობს და „ქართუ ჯგუფის“ შემადგენლობაში შედიან. ეს ჰოლდინგი ივანიშვილთან ასოცირებულ ორგანიზაციებს და კომპანიებს აერთიანებს. ადვოკატების თქმით, კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და ეს საქმე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს. 8 ივნისს გამართულ ორივე მოსმენაზე ივანიშვილის ადვოკატებმა უშედეგოდ წარადგინეს შუამდგომლობა მოსამართლეების აცილების თაობაზე, დაადანაშაულეს რა ისინი კონტროლის პალატის სასარგებლოდ მიკერძოებაში.

„სასამართლო პროცესი წარიმართა სუბიექტურად, რადგანაც სასამართლომ დაარღვია თანასწორობის პრინციპი, კონტროლის პალატას მისცა უფრო მეტი შესაძლებლობა მტკიცებულებებთან დაკავშირებით”, - განაცხადა ადვოკატმა შალვა თადუმაძემ.

ივანიშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა ალექსანდრე ბარამიძემ განუცხადა ჟურნალისტებს სასამართლოს დასრულების შემდეგ, რომ პროცესებზე ბევრ პროცედურულ დარღვევას ჰქონდა ადგილი, რის გამოც მოსმენები სამართლიანად ვერ ჩაითვლება.   

ივანიშვილი შესაძლოა სადავო თანხის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ სატრანსპორტო მომსახურების გაწევის საქმეზე მას შესაძლოა 11.21 მილიონი ლარის გადახდა დაეკისროს, ხოლო სატელიტური ანტენების საქმეზე – 63.11 მილიონი ლარის.

თუმცა, კონტროლის პალატა ასევე ითხოვს, რომ ივანიშვილს დამატებითი ჯარიმა დაეკისროს იმ მოტივით, რომ მან დარღვევა განმეორებით ჩაიდინა. კონტროლის პალატამ მარტში 2.72 მილიონი ლარით დააჯარიმა ივანიშვილი უკანონო პოლიტიკური შემოწირულობების გამო.

კანონის თანახმად, დარღვევის გამეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ორმაგდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სასამართლო დადებითად გადაწყვეტს კონტროლის პალატის გადაწყვეტილებას, ამ ორ საქმეზე ჯარიმის საერთო მოცულობა 148 650 130 ლარს მიაღწევს.

კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა 8 ივნისს სატელევიზიო კომენტარში, რომ ის სანქციები, რომელთა დაკისრებასაც მისი უწყება ივანიშვილისთვის ითხოვს, „მკაცრია“.

მისი თქმით, ბრალდებები ძლიერი მტკიცებულებითაა გამყარებული და კანონი მათ ავალდებულებს, რომ პოლიტიკური მოსყიდვის შემთხვევები აღკვეთონ და ყველა პოლიტიკური პარტიისთვის თანაბარი პირობები უზრუნველყონ.

ამ დრომდე მთლიანმა ფინანსურმა ჯარიმებმა, რომლებიც ივანიშვილს და მასთან ასოცირებულ კომპანიებს თუ ინდივიდუალურ პირებს პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით დაეკისრათ, 11.38 მილიონი ლარი შეადგინა.

Civil.Ge © 2001-2024