ივანიშვილის საარჩევნო კამპანიის აქცია ქუთაისში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Jun.'12 / 11:54


ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 10 ივნისს ქუთაისში გამართულ აქციაზე მხარდამჭერებს მიმართავს. ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური. 

ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა მხარდამჭერებს 10 ივნისს ქუთაისში საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებულ აქციაზე, რომ „ვეღარავინ შეძლებს ჩვენს შეჩერებას“ და პირობა დადო, რომ მისი კოალიციის გამარჯვება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „გარდაუვალია“.

ქუთაისის აქციას ორი კვირით უძღოდა წინ ფართომასშტაბიანი აქცია თბილისში, სადაც ივანიშვილის და მისი ოპოზიციური კოალიციის საარჩევნო კამპანიის დაწყება ოფიციალურად აღინიშნა. 

თავის ნახევარსაათიან გამოსვლაში, ივანიშვილმა, რომელიც ტყვიაგაუმტარი მინის უკან იდგა, ქუთაისის და მთლიანი იმერეთის რეგიონის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან პირობა დადო, რომ ქუთაისი „გახდება ქვეყანაში უდიდესი საგანმანათლებლო ცენტრი“ იქ ახალი უნივერსიტეტის დაარსების შედეგად, რომელსაც ისეთივე áƒ“ატვირთვა ექნება, როგორიც გელათის აკადემიას ჰქონდა საქართველოსთვის. საგანმანათლებლო ცენტრი გელათის მონასტერში დავით აღმაშენებელმა დააარსა მე–12 საუკუნის დასაწყისში.

ქუთაისის აქციას ასევე შეუერთდნენ იმერეთის სხვა ქალაქებიდან ავტოკოლონებით წამოსული „ქართული ოცნების“ აქტივისტები და მხარდამჭერები.

ქუთაისში, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილმა ქვეყნის მეორე დედაქალაქად გამოაცხადა, პარლამენტის ახალი შენობა შენდება. ივანიშვილმა ხელისუფლების მიერ პარლამენტის ქუთაისში გადატანის სადავო გადაწყვეტილება მშენებლობაზე ცოტა ხნის წინ მომხდარი ინციდენტის კონტექსტში წამოწია, რომლის დროსაც ერთი მუშა დაიღუპა.

„კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა სააკაშვილის ახირებებს“, – განაცხადა ივანიშვილმა და ასევე გაიხსენა დედა–შვილის მსხვერპლი, როცა 2009 წლის დეკემბერში ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის ადგილის მოსამზადებლად  ხელისუფლებამ "დიდების მემორიალი“ ააფეთქა. 

ივანიშვილის გამოსვლის დროს ხალხი სკანდირებდა „ბიძინა, ბიძინა“, თუმცა ერთ მომენტში ივანიშვილმა სთხოვა მიტინგის მონაწილეებს აღარ გაეგრძელებინათ ეს შეძახილები. მას ადრეც რამდენჯერმე უთქვამს, რომ იგი პიროვნების კულტის და „ახალი მესიის“ შექმნის კატეგორიული წინააღმდეგია.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა საბიუჯეტო პრიორიტეტები იქნება მისი კოალიციის áƒ®áƒ”ლისუფლების მოსვლის შემთხვევაში. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა დაპირება 1 მილიარდი ლარის გამოყოფის თაობაზე სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდისთვის.

მან ასევე პირობა დადო, რომ „შევამცირებთ გაუმართლებლად მაღალ კომუნალურ გადასახადებს“, ხოლო პენსიები გაიზრდება.

ივანიშვილის თქმით, შეუძლებელია ყველა პრობლემის ერთბაშად მოგვარება, მაგრამ არსებობს საკითხები, რომელსაც „სჭირდება პოლიტიკური ნება“. ამ საკითხებს შორის მან დაასახელა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ასევე პირობა დადო, რომ „ჩვენ ასევე გავათავისუფლებთ პოლიციას პოლიტიკური დაკვეთისგან“.

„ამას არ სჭირდება ბიუჯეტის ცვლილებები, ამას არ სჭირდება დიდი ძალისხმევა. ეს ჩვენი პოლიტიკური ნებაა და ჩვენ áƒáƒ›áƒáƒ¡ გავაკეთებთ“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ მისი კოალიცია არ დაუშვებს, რომ „კანონიერი ქურდი „ქურდად მომჯდარმა“ ხელისუფალმა ჩაანაცვლოს“.

თბილისის 27 მაისის აქციის მსგავსად ქუთაისის აქციაც ერთ საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, თუმცა აქცია არ დაიხურა ივანიშვილის შვილის, ბერას გამოსვლით – ამის მიზეზად „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტრაგედია დაასახელა, რომლის დროსაც პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობაზე ერთი მუშა დაიღუპა.    

თავისი გამოსვლის შემდეგ ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ექვსი მაჟორიტარი კანდიდატი დაასახელა იმერეთის რეგიონის 12 ერთმანდატიანი ოლქიდან. 


"ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ქუთაისში 10 ივნისის აქციაზე დავით აღმაშენებლის ძეგლთან მისასვლელ 100–საფეხურიან კიბეზე დგანან. ფოტო: „ქართული ოცნების“ პრესსამსახური. 

მან ასევე განაცხადა, რომ მომდევნო გაჩერება ოზურგეთია, სადაც „ქართული ოცნების“ აქცია 17 ივნისს გაიმართება.

ივანიშვილის გამოსვლამდე „ეროვნული ფორუმის“ ერთ–ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განუცხადა აქციის მონაწილეებს, რომ „ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ელოდებიან.

„ისინი გველოდებიან, რას ვიზამთ ჩვენ ოქტომბერში, როგორ მოვიქცევით, გავუშვებთ თუ არა „ომის პარტიას“, ნაცმოძრაობას პოლიტიკურ მოუსავლეთში – მოვა თუ არა მშვიდობის პარტია „ქართული ოცნება“. მერწმუნეთ გველოდებიან აფხაზები და ოსები“, – განაცხადა სანიკიძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი იქნება ქუთაისის ერთმანდატიან ოლქში.

მან ასევე განაცხადა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მომდევნო 10–15 წლის საქართველოს მომავალს განსაზღვრავს. „უნდა დამთავრედეს ანტი–ქართული ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.         

 

Civil.Ge © 2001-2024