ივანიშვილი 126 მილიონი ლარით დაჯარიმდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Jun.'12 / 15:47

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ივნისს დაამტკიცა კონტროლის პალატის გადაწყვეტილება, რომელიც ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს 126.22 მილიონი ლარის ჯარიმას აკისრებს.

ივანიშვილს შესაძლოა დამატებით 22.42 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისროს, ვინაიდან სასამართლო კიდევ ერთ საქმეს განიხილავს ივანიშვილის მიერ პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით.

126.22 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა ივანიშვილს იმ საქმესთან დაკავშირებით დაეკისრა, რომელიც  “გლობალ TV”-ის მიერ „ამომრჩევლებისათვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულ ათასობით სატელიტური ანტენების დარიგების“ ფაქტს ეხება.

კონტროლის პალატის თქმით, “გლობალ TV”-ის მიერ ივანიშვილის ფინანსების გამოყენებით სატელიტური ანტენების უფასოდ დარიგება ასევე წარმოადგენს პარტიების შესახებ კანონის დარღვევას. კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ ამ ქმედებით ამომრჩევლებს 12 662 019 ლარის ღირებულების საჩუქრები დაურიგდათ და ამ თანხის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრება მოითხოვა. თუმცა, შემდეგ ეს თანხა 126.22 მილიონ ლარამდე გაორმაგდა, ვინაიდან, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, ეს კანონი ივანიშვილმა áƒ’ანმეორებით დაარღვია.

ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

მეორე საქმე, რომელსაც სასამართლო ამჟამად განიხილავს, ეხება „ქართული ოცნებისთვის“ ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების “ბურჯის” და “ელიტა ბურჯის” მიერ „239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანებით შეღავათიანი მომსახურების“ გაწევის ფაქტს. კონტროლის პალატამ გაწეული მომსახურება 2 242 994 ლარად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ივანიშვილის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ უკანონო შემოწირულობის განხორციელებას წარმოადგენს.

კონტროლის პალატა ივანიშვილისთვის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრებას ითხოვს და შემდეგ ამ თანხის გაორმაგებას, ივანიშვილის მიერ პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის მრავალჯერადი დარღვევის გამო. დამტკიცების შემთხვევაში, ივანიშვილს დამატებითი 22.42 მილიონი ლარი დაეკისრება, რის შედეგადაც მასზე დაკისრებული ჯარიმის áƒ›áƒ—ლიანი ოდენობა áƒ¨áƒ”იძლება 148.65 მილიონ ლარამდე გაიზარდოს. 

ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ გასულ კვირას მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ კონტროლის პალატის ქმედებები „მიმართულია მხოლოდ ერთი მიმართულებით, როგორმე ანტენების გავრცელება შეჩერდეს“.

„კარგად მოგეხსენებათ, რომ რეგიონებში ანტენების გავრცელებით მოხდება ის, რომ თქვენი ტელევიზიაც და სხვა ტელევიზიებიც, ობიექტურად გამშუქებელი ტელევიზიები მოახერხებენ, რომ რეგიონებში ინფორმაცია შეიტანონ. შესაბამისად, სააკაშვილის ტელევიზიების სიცრუე დაკნინდება და ეს არის მათთვის დამღუპველი“, – განაცხადა მან.

Civil.Ge © 2001-2024