ხიდაშელი ივანიშვილს ურჩევს არ გადაიხადოს მრავალმილიონიანი ჯარიმა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Jun.'12 / 11:49

რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ განაცხადა, რომ კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა არ უნდა გადაიხადოს მრავალმილიონიანი ჯარიმა, რომელიც მას 11 ივნისს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა.

„ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე ვფიქრობ, რომ არ უნდა გადაიხადოს; ჩემი პირადი აზრი ასეთია“, – განუცხადა მან ტელეკომპანია „მაესტროს“ 12 ივნისს.

„არ გადახდის შემთხვევაში რა მოხდება, ამაზე ბევრი სამართლებრივი გზა არსებობს, მაგრამ არ ვაპირებ, რომ ეთერით სემინარი ჩავუტარო ხელისუფლებას ამის მერე როგორ უნდა მოიქცნენ“, – დასძინა მან.

მისი თქმით, შემდეგი ნაბიჯი იქნება სააპელაციო სასამართლოში საქმის გასაჩივრება, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებიდან 48 საათში უნდა განხორციელდეს.

ივანიშვილის ადვოკატებმა და მისმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა განაცხადეს, რომ მართალია აპირებენ გასაჩივრებას, მაგრამ არ აქვთ წარმატების იმედი, რადგან მათი თქმით, სასამართლო ჩართულია ივანიშვილის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ წარმოებულ კამპანიაში.

კანონის თანახმად, ჯარიმა გადაწყვეტილების გამოტანიდან 7 დღეში უნდა იქნას გადახდილი და გასაჩივრება არ აჩერებს ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს.

გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში, იწყება აღსრულების პროცესი, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა ივანიშვილის ანგარიშები დაყადაღდეს.

სასამართლომ ორი დამოუკიდებელი საქმის განხილვის შედეგად 11 ივნისს ივანიშვილს ჯამში 148.68 მლნ ლარის გადახდა დააკისრა მას შემდეგ, რაც მას ამ გადაწყვეტილების დამტკიცების თხოვნით კონტროლის პალატამ მიმართა იმ მოტივით, რომ ივანიშვილმა პარტიების დაფინანსების შესახებ კანონი დაარღვია.

ჯარიმის ოდენობა საქართველოს წლევანდელი საბიუჯეტო შემოსავლების 2.1%–ს შეადგენს და ივანიშვილის პირადი ქონების, რომელიც 6.4 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, დაახლოებით 1.4%–ია.

ცალკე საქმეთან დაკავშირებით, რომელიც ასევე ივანიშვილს უკავშირდება, 12 ივნისს სააპელაციო სასამართლომ გაანახევრა 4.76 მილიონი ლარის ჯარიმა, რომელიც კომპანია „მენეჯმენტ სერვისს“ კონტროლის პალატამ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით მაისში დააკისრა.

„მენეჯმენტ სერვისი“ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიაა, რომელიც მართავს ბათუმის დელფინარიუმს და ქობულეთის გასართობ პარკს „ციცინათელას“.

15 მაისს კონტროლის პალატამ, განაცხადა, რომ კოალიცია "ქართული ოცნებისთვის" კომპანიის მიერ გაწეული მომსახურება, მათ შორის ოფისების დაქირავება და მათი გარემონტება, წარმოადგენს 476 619 ლარის შემოწირულობას და „მენეჯმენტ სერვისი“ ამ თანხის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა. საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსება.

ივანიშვილის ადვოკატებმა, კონტროლის პალატის ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც მაისის ბოლოს 4.76 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა ძალაში დატოვა; áƒ”ს საქმე ადვოკატებმა ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრეს. სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ პარტიების შესახებ კანონში ცვლილებები ამოქმედდა და ათმაგი ჯარიმები ხუთმაგ ოდენობამდე შემცირდა. შედეგად სააპელაციო სასამართლომ გაანახევრა ჯარიმა და შედეგად, „მენეჯმენტ სერვისს“ 2.38 მლნ ლარის გადახდა მოუწევს.

თავად კომპანია უარყოფს მისი მხრიდან რაიმე კანონდარღვევას და აცხადებს, რომ ჯარიმის განახევრებული ოდენობაც კი აღემატება მის მთელ აქტივებს და ამიტომ მას გაკოტრება ემუქრება.

Civil.Ge © 2001-2024