თერთმეტი პოლიტიკური პარტია უერთდება სამოქალაქო კამპანიის „ეს შენ გეხება“ მოწოდებებს ხელისუფლების მიმართ, რომ დაინერგოს ე.წ. must carry-ის და must offer-ის პრინციპები, რათა დღის წესრიგიდან მოიხსნას საარჩევნო პერიოდში მოსახლეობისთვის ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის პრობლემა. „ვიზიარებთ ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მიერ პარლამენტში შეტანილ საკანონმდებლო წინადადებას ქართულ კანონმდებლობაში ე.წ. must carry-ის და must offer-ის პრინციპების დანერგვის თაობაზე. როგორც საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, პარლამენტის მხრიდან აღნიშნული ინიციატივის გაზიარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობისთვის სხვადასხვა ტელეარხებზე და მრავალფეროვან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 13 ივნისს გამოქვეყნდა. 17 კვალიფიციური სუბიექტიდან განცხადებას ხელს აწერს 11 საბიუჯეტო დაფინანსების მქონე პოლიტიკური პარტია, რომელთა შორისაა პარლამენტში წარმოდგენილი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ქართული დასი, ევროპელი დემოკრატები (ყოფილი ჩვენ თვითონ); კოალიცია „ქართული ოცნებიდან“: რესპუბლიკელები, კონსერვატორები, ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი, მრეწველები და ხალხის პარტია; ასევე ახალი მემარჯვენეები და საქართველოს გზა. თუმცა მმართველი პარტია უარს აცხადებს ამ რეგულაციის შემოღებაზე იმ მოტივით, რომ ეს კერძო ბიზნესში ჩარევა იქნება. |
|||
Civil.Ge © 2001-2025