ივანიშვილი მრავალმილიონიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Jun.'12 / 19:06

ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის არ გადაიხდის სასამართლოს მიერ 148.68 მილიონი ლარის ოდენობით მასზე დაკისრებულ ჯარიმას

„თანხის გადახდას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, რამდენადაც ეს უკვე ისეთი აბსურდია, ყოველგვარი აზრი დაკარგა სასამართლომ“, – განაცხადა ივანიშვილმა „გურია ნიუსთან“ ინტერვიუში, რომელიც 13 ივნისს გავრცელდა.

სასამართლომ ორი დამოუკიდებელი საქმის განხილვის შედეგად 11 ივნისს ივანიშვილს ჯამში 148.68 მლნ ლარის გადახდა დააკისრა მას შემდეგ, რაც მას ამ გადაწყვეტილების დამტკიცების თხოვნით კონტროლის პალატამ მიმართა იმ მოტივით, რომ ივანიშვილმა პარტიების დაფინანსების შესახებ კანონი დაარღვია. ივანიშვილის ადვოკატებმა 13 ივნისს სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრეს, რომელმაც საჩივარი 48 საათის განმავლობაში უნდა განიხილოს. ადვოკატების თქმით, მათ არ აქვთ წარმატების იმედი, რადგან მათი თქმით, სასამართლო ჩართულია ივანიშვილის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ წარმოებულ კამპანიაში.

კითხვაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რადგანაც იგი ჯარიმის გადახდაზე უარს ამბობს, ივანიშვილმა უპასუხა: „ეს უნდა ვკითხოთ ხელისუფლებას - რას აპირებენ შემდგომში და რას იზამენ. ყველაფერი კარგად იქნება; ერთს გეტყვით: მე მინდა დავაწყნარო საქართველოს მოსახლეობა და ვუთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება“.

„ესენი აგონიაში შესული ხალხია და ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე პროცესი შემოაბრუნონ. ეს კაცია [პრეზიდენტი სააკაშვილი] ისტერიკაში; ის კარგად ხვდება, რომ ყველაფერი მიდის ლოგიკური დასასრულისკენ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

Civil.Ge © 2001-2024