„ქართული ოცნების“ თქმით, ხელისუფლების მიზანია არ დაუშვას სატელიტური თეფშების გავრცელება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Jun.'12 / 12:00

ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ „გლობალ TV”-ის წინააღმდეგ ხელისუფლება ბოლო დროინდელი ქმედებებით მიზნად ისახავს არ დაუშვას სატელიტური თეფშების გავრცელება რეგიონებში.

ამ მხრივ კოალიცია 21 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში სამ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას: 21 ივნისს პროკურატურის სანქციით გლობალ TV”-ის სატელიტური თეფშების დაყადაღებაზე; ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმებაზე 63.1 მლნ ლარით „გლობალ TV”-ისთან მისი კავშირის მოტივით; და „გლობალ TV”-ის ამერიკელი თანამფლობელის დაკავებასა და მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ გათავისუფლების ფაქტზე.

„ეს სამი ფაქტი ადასტურებს, რომ სრულ აგონიაში ჩავარდნილ ხელისუფლებას აქვს ერთადერთი მიზანი - არ დაუშვას სატელიტური თეფშების გავრცელება საქართველოს რეგიონებში, რომლითაც მოსახლეობას უჩნდება ობიექტური ინფორმაციის მიღების საშუალება“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში, „ხელისუფლების მიზანია, შეინარჩუნოს ის საინფორმაციო ვაკუუმი, რაც შექმნილია მის მიერ კონტროლირებული ტელევიზიების პირობებში".

"გამორიცხული არაა, რომ ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი იქნება ობიექტური ტელევიზიების დახურვა, რადგან მან საბოლოოდ გადაკვეთა წითელი ხაზი და მოქმედებს კანონგარეშე სივრცეში, მიმართავს ტერორს დემოკრატიასა და თავისუფალ სიტყვაზე“, – აცხადებს კოალიცია.

22 ივნისს ბიძინა ივანიშვილი გეგმავს ამ საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს áƒ›áƒ˜áƒáƒ¬áƒáƒ“ოს ინფორმაცია. 

„ქართული ოცნება" ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ხელისუფლების „ისტერიული ნაბიჯები“.

„როგორც კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა არაერთგზის განაცხადა, ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდება. სიტუაცია სულ მალე შეიცვლება, პროცესი შეუქცევადია და ოქტომბერში ქართული ოცნების გამარჯვებით დასრულდება“, – აცხადებს კოალიცია.

Civil.Ge © 2001-2024