უფლებადამცველი ორგანიზაცია ხელისუფლებას ‘გლობალ TV’–ის მიმართ ‘პროპორციული’ ქმედებისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Jun.'12 / 12:05

მას შემდეგ, რაც 21 ივნისს ხელისუფლებამ „გლობალ TV“-ის კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღება დაიწყო, საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ მოუწოდა პროკურატურას უზრუნველყოს, რომ „მედიის სფეროში მოღვაწე კომპანიების მიმართ განხორციელებული ყველა ქმედება გამჭვირვალე და პროპორციული იყოს“.

„მედიის თავისუფლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2012 წლის ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნების წინ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო კამპანიის წარმართვისთვის“, – ნათქვამია საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს განცხადებაში.

„მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც არსებობს ამომრჩეველთა მოსყიდვის, პოლიტიკური პარტიის უკანონო დაფინანსების ან კორუფციის ეჭვი, სათანადოდ უნდა იქნეს გამოძიებული. თუმცა, გამოყენებული სანქციები უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს და მედიის თავისუფლების შეზღუდვის გარეშე უნდა განხორციელდეს. ამასთან, აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ ხსენებული ქმედებები საზოგადოებამ მედიაზე თავდასხმად არ აღიქვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

21 ივნისს პროკურატურამ განაცხადა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. áƒ¡áƒáƒ¥áƒ›áƒ” ეხება კომპანია „გლობალ TV“–ის მიერ სატელიტური ანტენების დარიგების ფაქტს. ამ კომპანიის თანამფლობელია ბიძინა ივანიშვილის ძმა. „გლობალ TV“–ი რაიონებში კლიენტებს უფასოდ ურიგებდა ანტენებს იმ სქემით, რომ ერთი წლის შემდეგ მათ 4 ლარის გადახდა უნდა დაეწყოთ ყოველთვიურად. კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ „გლობალ TV“–მ ათიათასობით ანტენა შემოიტანა ბიძინა ივანიშვილისგან მიღებული სესხით და ანტენების დარიგებით, როგორც ხელისუფლება აცხადებს, კომპანია ფაქტიურად ივანიშვილის კოალიციის სასარგებლოდ ატარებდა კამპანიას, ვინაიდან ეს ანტენები, ხელისუფლების თქმით, მილიარდერი პოლიტიკოსის საჩუქარს წარმოადგენდა. ამ საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს მრავალმილიონიანი ჯარიმა დაეკისრა.

ასევე 21 ივნისს პროკურატურამ განაცხადა, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მან სთხოვა სასამართლოს „გლობალ  TV“–ის მფლობელობაში არსებული დაუმონაჟებელი სატელიტური ანტენები დაეყადაღებინა.  სასამართლომ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა და ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ რამდენიმე კომპანიაში, სადაც „გლობალ  TV“–ის ანტენები ინახება, გუშინ პოლიცია შევიდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. გავრცელებული ინფორმაციით, „გლობალ  TV“–ის სხვადასხვა საწყობებში, დაახლოებით, 70 000 სატელიტური ანტენა ინახება.

სასამართლოს განჩინებაში ნათქვამია, რომ საქმე ეხება „ცალკეული პირების მიერ „გლობალ კონტაქტ კონსულტინგის“–ის ბალანსზე რიცხული ანტენებით და რესივერებით საარჩევნო მიზნით ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს“, თუმცა ეს ცალკეული პირები არაა დაკონკრეტებული არც სასამართლოს განჩინებაში და არც 21 ივნისს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სასამართლოს განჩინებაში ასევე ნათქვამია, რომ პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს „დასაბუთებული ვარაუდი“, რომ ეს ქონება გამიზნულია „დანაშაულის, კერძოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის ჩასადენად, რის გამოც ხსენებულ ტექნიკურ საშუალებებს უნდა დაედოს ყადაღა“. 

„გლობალ TV“ ერთადერთი საკაბელო ოპერატორია, რომელზეც ივანიშვილის მეუღლის ტელეკომპანია "მეცხრე არხი" მაუწყებლობს. არხი სატელიტზეც გადის.

Civil.Ge © 2001-2024