„გლობალ TV“–ის სატელიტური ანტენები საქართველოში შემოტანის დროს დაუყადაღეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Jun.'12 / 15:30

საქართველოს ტერიტორიაზე დასაწყობებული სატელიტური ანტენების დაყადაღების შემდეგ, ხელისუფლებამ კომპანია „გლობალ TV“–ის ის ანტენებიც დააღადაღა, რომელიც 22 ივნისს მას თურქეთიდან შემოჰქონდა.

„გლობალ TV“–ის განვითარების და მარკეტინგის დირექტორმა ზურაბ ბაზლიძემ განუცხადა Civil.ge-ს, რომ საქართველოში შემოტანისას 11 700 სატელიტური ანტენა დააყადაღეს, რამაც, დაახლოებით, 70 ათასამდე გაზარდა დაყადაღებული ანტენების საერთო რაოდენობა.

მისი თქმით, ხელისუფლებას ახალი ტვირთის დაყადაღების უფლება არ ქონდა, ვინაიდან სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია, რომ ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე დასაწყობებული სატელიტური ანტენები.

„გლობალ TV“–ის სატელიტური ანტენების დაღადაღება მას შემდეგ დაიწყო, რაც  პროკურატურამ ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ განაცხადა და სასამართლოსგან ამ ქმედების განხორციელებაზე თანხმობა მიიღო.

საქმე ეხება კომპანია „გლობალ TV“–ის მიერ სატელიტური ანტენების დარიგების ფაქტს. ამ კომპანიის თანამფლობელია ბიძინა ივანიშვილის ძმა. „გლობალ TV“–ი რაიონებში კლიენტებს უფასოდ ურიგებდა ანტენებს იმ სქემით, რომ ერთი წლის შემდეგ მათ 4 ლარის გადახდა უნდა დაეწყოთ ყოველთვიურად. კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ „გლობალ TV“–მ ათიათასობით ანტენა შემოიტანა ბიძინა ივანიშვილისგან მიღებული სესხით და ანტენების დარიგების დროს, როგორც ხელისუფლება აცხადებს, კომპანია ფაქტიურად ივანიშვილის კოალიციის სასარგებლოდ ატარებდა კამპანიას.

ამ საქმესთან დაკავშირებით ივანიშვილს ადმინისტრაციული წესით უკვე დაეკისრა მრავალმილიონიანი ჯარიმა. თუმცა ასევე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე, რომელშიც გაურკვეველია, თუ კონკრეტულად ვინ არიან ბრალდებულები. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით ისჯება მოსყიდვაში მონაწილე ორივე მხარე.

ივანიშვილმა 22 ივნისს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამ საქმეში ხელისუფლების ერთადერთი მიზანია შეაჩეროს „გლობალ TV“–ის ანტენების გავრცელება, რადგან რეგიონებში „დამატებითი ინფორმაციის შეტანა არ შედის სააკაშვილის ინტერესებში და გასაგებია, რომ ანტენების გავრცელებასაც ებრძვის“.

ხელისუფლების განცხადებით, „გლობალ  TV“–ისთან დაკავშირებულ გამოძიებას არაფერი აქვს საერთო მედიის შეზღუდვასთან.

„გლობალ TV“ ერთადერთი საკაბელო ოპერატორია, რომელზეც ივანიშვილის მეუღლის ტელეკომპანია მეცხრე არხი მაუწყებლობს. არხი სატელიტზეც გადის.

სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ ეს საქმე, თუნდაც „არაპირდაპირ“, მაუწყებლობის გავრცელების საკითხს უკავშირდება.

„რამდენად ემსახურებოდა თეფშების დარიგება ამომრჩევლის მოსყიდვას, ამისთვის, რა თქმა უნდა, მე მჭირდება კონკრეტული მტკიცებულებები. რა თქმა უნდა, ტვირთი, ამ შემთხვევაში, არის საგამოძიებო ორგანოების მხარეზე, მათ უნდა წარმოადგინონ რეალურად დამაჯერებელი მტკიცებულებები იმისა, რომ დაყადაღებული ქონება რეალურად შეიძლება გამხდარიყო რაიმე სახით ამომრჩევლის მოსყიდვის საგანი“, – განუცხადა სახალხო დამცველმა ტელეკომპანია „მაესტროს“.

Civil.Ge © 2001-2024