პარლამენტი „must carry”-ის წესებს დაჩქარებული წესით დააკანონებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Jun.'12 / 17:27

საარჩევნო პერიოდში საკაბელო ოპერატორების მიერ მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტის ე.წ. Must carry-ის და must offer-ის წესების შემოღების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები, სავარაუდოდ, პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე იქნება ინიცირებული და კვირის ბოლომდე დაჩქარებული წესით მიღებული, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 25 ივნისს.

„სწრაფად მიღება ამ ცვლილებების და პროცესის არ გაჭიანურება არის საყოველთაო ინტერესში“, – განაცხადა ბაქრაძემ, რომლის თქმითაც, კანონში ცვლილებების შეტანა 28–29 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომებზე იგეგმება.

მისი ინფორმაციით, ამჟამად კანონპროექტი მზადების პროცესშია. ცვლილებები, რომლის დეტალებიც ჯერ–ჯერობით უცნობია, სავარაუდოდ საარჩევნო კოდექსში შევა.

დავით ბაქრაძემ 22 ივნისს, როცა Must carry-ის და must offer-ის პრინციპების შემოღებაზე ხელისუფლების შეცვლილი პოზიცია წარმოადგინა, განაცხადა, რომ მმართველი პარტიის შეთავაზება გულისხმობს იმას, რომ „საარჩევნო პერიოდში მოხდეს ყველა სატელევიზიო არხის გადაცემა ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით. მე ხაზს ვუსვამ, რომ ეს შეეხება ყველა სატელევიზიო არხს“.

ეს წინადადება, რომლის გატანასაც აქტიურად ცდილობდნენ კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელი სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციები, თავდაპირველად უარყოფილი იყო  მმართველი პარტიის მიერ იმ მოტივით, რომ ეს კერძო ბიზნესში ჩარევა იქნებოდა. თუმცა საბოლოოდ ხელისუფლება ამ პრინციპის შემოღებას დათანხმდა "საარჩევნო პერიოდში" და არა მუდმივად.

Civil.Ge © 2001-2024