ინტერვიუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Jun.'12 / 13:00
  • 'ირანთან საომარი მოქმედებების დაწყება აუცილებლად გაზრდის რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების საფრთხეს';
  • მიდგომებში განსხვავებები არ არის საფუძველი იმისა, რომ თბილისს და თეირანს შორის ცუდი ურთიერთობები იყოს;
  • ძალზედ რეალურია, რომ რუსეთმა „კავკასია–2012“ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის დამოუკიდებლობისა და áƒ¡áƒ£áƒ•áƒ”რენიტეტის წართმევისთვის გამოიყენოს;
  • ამ სიტუაციის სირთულეს დასავლელი პარტნიორები ადეკვატურად და სერიოზულად აღიქვამენ;
  • შესაძლოა,  MAP-ს არა არსებითი, არამედ მხოლოდ ფორმალური დატვირთვა ჰქონდეს;
  • ევროკავშირთან უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები CSDP მისიებში მონაწილეობაზე;
  • საგარეო პოლიტიკური შესაძლებლობები ქვეყნის განვითარებასთან ერთად იზრდება;
  • წარმატებებმა უფრო მრავალფეროვანი ინტერესები გაგვიჩინა;
  • დარწმუნებული ვართ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ დევნილებზე გაეროს გენასამბლეის რეზოლუცია თითქმის კონსენსუალური იქნება.

Civil.ge–სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ საკითხთა ფართო სპექტრზე ოფიციალური თბილისის პოზიცია ჩამოაყალიბა დაწყებული ირანის, სირიის, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის საკითხებიდან დამთავრებული ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივებით. მან ასევე დაასახელა მიზეზები იმისა, თუ რატომ ფიქრობს, რომ შემოდგომაზე რუსეთის მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, „კავკასია–2012“ საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას და ასევე შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკის „მრავალფეროვან ინტერესებს“.  

შიდა რეფორმების ფაქტორს თუ ჩამოვაშორებთ და მხოლოდ საგარეო პოლიტიკის კუთხით შევხედავთ ამ საკითხს, არის თუ არა რუსეთი ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი?

ჩიკაგოს სამიტი საქართველოს ინტეგრაციის პროცესში მორიგი წინგადადგმული ნაბიჯია. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო გახდება ნატო–ს წევრი და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჩვენმა ქვეყანამ ბუქარესტის სამიტის შემდეგ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ალიანსში ინტეგრაციისა და რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. ჩიკაგოში ქართული დელეგაცია დასავლეთ ბალკანეთის სამ სახელმწიფოსთან ერთად  მონაწილეობდა ნატო–ს შეხვედრაში ასპირანტ ქვეყნებთან, რამაც სრულიად ახალი დინამიკა შესძინა ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესს.

შემდეგი სამიტისთვის, რომელიც მაღალი ალბათობით გაფართოების თემატიკას მიეძღვნება, საქართველოს საუკეთესო საწყისი პოზიციები აქვს: ჩვენს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმებითა და რუსეთის მიმართ წინდახედული, კონსტრუქციული პოლიტიკით ჩვენ არავის არ ვუტოვებთ ჩვენს საწინააღმდეგო არგუმენტებს. ჩიკაგოს სამიტმა ნათლად აჩვენა, რომ ჩვენი ქვეყნის ნატო–ში ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი, მიუხედავად იმისა, უქმნის თუ არა ეს დისკომფორტს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელ სახელმწიფოს.

ნატო, მისი დაარსებიდან, ხელმძღვანელობს პრინციპით, რომ მესამე ქვეყანას არ აქვს ვეტო–ს უფლება ნატო–ს გადაწყვეტილებებზე, რასაც ალიანსი მუდმივად და ხაზგასმით აღნიშნავს. ჩიკაგოში ანდერს ფოგ რასმუსენმაც განაცხადა, რომ არცერთ მესამე სახელმწიფოს არ შესწევს ძალა ხელი შეუშალოს ნატოს გაფართოებას.  ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ  რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესიის დროს, (რომლის მთავარი მიზანი, მედვედევის საჯარო აღიარების თანახმად, იყო საქართველოს ნატოში გაწევრიანების შეჩერება) ალიანსმა მიიღო  უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი ინტეგრაციული ინსტრუმენტის მინიჭების შესახებ, როგორიც არის ნატო–საქართველოს კომისია.

2008 წლის სექტემბერში შედგა ასევე ჩრდილო–ატლანტიკური საბჭოს პირველი ვიზიტი საქართველოში. ამის შემდეგ, სულ რამდენიმე თვეში  საქართველომ ნატოსთან თანამშრომლობის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი მიიღო – წლიური ეროვნული პროგრამა. ნატო არასოდეს დაუშვებს იმას, რომ რუსეთის ფაქტორმა  გავლენა იქონიოს ალიანსის  გაფართოების პროცესზე. ეს, პირველ რიგში, თავად ნატო-ს ინტერესში შედის.

უახლეს ისტორიას რომ მივმართოთ, რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან მუდმივად ეწინააღმდეგებოდა ნატო–ს გაფართოებას, თუმცა თავის დროზე ამან ხელი ვერ შეუშალა ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებას.  ეს რეგიონები დღესდღეობით ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის განუყოფელი ნაწილია. დღეს ბალტიის სამ სახელმწიფოს ბევრად უკეთესი ურთიერთობა აქვთ რუსეთთან, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ. იგივე პრინციპი გავრცელდება საქართველოზეც.

ნატო-მ ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს, რუსეთთან მიმართებაში, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, რაც იმ მოწოდებებშიც კარგად გამოჩნდა, რომლითაც ალიანსის წევრმა ქვეყნებმა რუსეთს მიმართეს. მათ ხაზი გაუსვეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ყველა პუნქტის შესრულების აუცილებლობას. ალიანსმა რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ნაკისრი ვალდებულების საპასუხოდ, ანალოგიური ვალდებულების აღება.

რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენი ინტეგრაციის პროცესი არათუ არ შეფერხებულა, არამედ პირიქით,  ძალას იკრებს, რაც ჩიკაგოს სამიტმაც ნათლად დაადასტურა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გაწევრიანება ნატო–ში არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

განიხილება თუ არა იმის შესაძლებლობა რომ საქართველომ ნატო-ს შესთავაზოს - ან თუ ყოფილა უკვე ამაზე საუბარი დასავლელ პარტნიორებთან - რომ ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში გაკეთდეს დათქმა, რათა მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს ოკუპირებულ რეგიონებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე?

საქართველო ნატო–ში გაწევრიანდება მხოლოდ მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ალიანსი, ისევე როგორც მისი თითოეული წევრი, ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ატარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის არ–აღიარების მტკიცე პოლიტიკას.

თუმცა, ორი რამ უნდა ითქვას ხაზგასმით: პირველი, ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ცდილობს იმ მოსაზრებით სპეკულირებას, თითქოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ნატო–ში გაწევრიანება საქართველოსთვის ორი ურთიერთგამომრიცხავი მიზანია. რასაკვირველია, ეს ასე არ არის. ჩიკაგოს სამიტზე მოკავშირეებს ცალსახა პოზიცია ჰქონდათ: მათ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა,  მიესალმნენ  საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ აღებულ ვალდებულებას და ხაზი გაუსვეს რუსეთის მიერ "საპასუხო ვალდებულების" აღების აუცილებლობას. გარდა ამისა, ალიანსმა მოუწოდა რუსეთს ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისკენ.

მეორეც, ნატო–ში ინტეგრაციის კურსზე უარის თქმა დაგვიბრუნებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს? რასაკვირველია, არა. სამაგიეროდ არაოკუპირებული საქართველოს უსაფრთხოებისთვის და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ეს საკმაოდ სახიფათო დისკუსიაა, რომლის წინა პლანზე წამოწევა მხოლოდ რუსეთის ინტერსებში შედის. ამ ნაცადი ტაქტიკით რუსეთი, ფაქტობრივად, ცდილობს, ერთის მხრივ, გავლენა მოიპოვოს ნატო–სა და მის გადაწყვეტილებებზე და, მეორეს მხრივ, შეზღუდოს ჩვენი სუვერენული უფლება, თავად ავირჩიოთ ის ორგანიზაციები, ალიანსები და  კავშირები, რომელში გაწევრიანებაც გვსურს. თუ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების ისტორიას ჩავხედავთ, ჩვენი ქვეყნის პრობლემები რუსეთთან, კონფლიქტები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე საქართველოში რომელიმე ოფიციალური პირი ნატო–ს საჯაროდ ახსენებდა. რუსეთს ყოველთვის ერთი მიზანი ამოძრავებდა და დღესაც ამოძრავებს: საქართველოს საკუთარი გავლენის სფეროში მოქცევა.  ნატო–ში ინტეგრაცია არის რუსეთთან კონფლიქტის დარეგულირების ყველაზე საიმედო გზა, რათა საქართველოში აღარასოდეს განმეორდეს ის, რაც საქართველო–რუსეთის ურთიერთობებში  მუდმივად ხდებოდა. ამ ეტაპზე კი, თავად ინტეგრაციის პროცესიც მნიშვნელოვანად ზრდის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, აძლიერებს რა საქართველოს პოზიციებს საერთაშორისო არენაზე. ამიტომ, სპეკულაციებზე დამყარებულმა არგუმენტებმა არ უნდა გვათქმევინოს უარი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

საქართველოს ბალკანეთის სამ სახელმწიფოსთან ერთ ფორმატში დაჯგუფებამ (რომელთაგან ორს უკვე აქვს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა – MAP, ხოლო ბოსნია-ჰერცოგოვინას შემთხვევაში არსებობს ნატო-ს გადაწყვეტილება, რომ ეს ქვეყანა დაიწყებს ამ ეტაპს, როგორც კი ის გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებს), გააჩინა მოსაზრება, რომ საქართველოს შეიძლება საერთოდ აღარ დასჭირდეს MAP-ის საფეხურის გავლა. თუმცა ნატო-ს ბოლო სამი სამიტის დეკლარაცია საქართველოსთან მიმართებით აკეთებს მინიშნებას MAP-ის საჭიროებაზე. რა áƒ›áƒ“გომარეობაა ამ კუთხით?

პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების შესახებ ალიანსმა  უკვე მიიღო ბუქარესტის სამიტზე, 2008 წელს. ის, თუ როდის და რა კონკრეტული მექანიზმებით მოხდება ამ გადაწყვეტილების განხორციელება, პოლიტიკური მომენტისა და მოლაპარაკებების საკითხია. არსებობს განსხვავებული პრაქტიკა და ისტორიული პრეცედენტები. გაფართოების ბოლო ორი ტალღა MAP-ის გზით მოხდა, თუმცა ნატო-ს ქვეყნების  უმრავლესობას გაწევრიანების გზაზე ეს ეტაპი არ გაუვლია.

MAP-ის ძირითადი მიზანია დაეხმაროს ასპირანტ ქვეყნებს, რათა ისინი რეფორმების გზით დაუახლოვდნენ ნატო-ს სტანდარტებს. ამ კუთხით, არსებითად საქართველოს უკვე აქვს ალიანსში ინტეგრაციის მთავარი ინსტრუმენტები – ნატო–საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა. ჩიკაგოს სამიტზე მოკავშირეებმაც გაუსვეს ხაზი წლიური ეროვნული პროგრამისა და ნატო-საქართველოს კომისიის წამყვან როლს საქართველოს ინტეგრაციის პროცესში. ჩვენი ქვეყანა უკვე მეოთხე წელია წარმატებით იყენებს ამ ინსტრუმენტებს იმ რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელიც ჩვენს ქვეყანას ნატო-ს სტანდარტებთან აახლოვებს, რაც ალიანსმაც არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა. 

საქართველოს უკვე იმდენად მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს ნატო–სთან თანამშრომლობაში, რომ მომდევნო ეტაპზე, შესაძლოა,  MAP-ს არა არსებითი, არამედ მხოლოდ ფორმალური დატვირთვა ჰქონდეს. შესაბამისად, ალიანსთან თანამშრომლობის პროცესში გამოიკვეთება ის კონკრეტული სამომავლო „საგზაო რუკა“, რომელიც საქართველოს ნატო-ს წევრობამდე მიიყვანს.

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, არ აღიარების საკითხი ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური მიმართულებაა და გარკვეულწილად ამავე კონტექსტში მოიაზრება ყოველწლიურად გაეროს განერალურ ასამბლეაზე საქართველოს მხრიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის პროექტის წარდგენა. ერთ-ერთი მიზანი ამ მიმართულებით, როგორც ჩანს, არის ამ რეზოლუციისადმი ყოველ წელს მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდის უზრუნველყოფა. რა მოლოდინი გაქვთ ამ მხრივ წელს?

გასული წლების მანძილზე, ქართული დიპლომატიის თანმიმდევრული და მრავალმხრივი მუშაობის შედეგად, რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი მუდმივად იზრდება. იმედი გვაქვს, ეს დინამიკა კვლავაც შენარჩუნდება და გაძლიერდება. აქ მთავარი ისაა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს რეგიონებიდან დევნილი მოსახლეობის უფლებას, დაბრუნდეს საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ.  ამიტომ არის, რომ რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი ყოველ წელს მატულობს.

დარწმუნებული ვართ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ეს რეზოლუცია თითქმის კონსენსუალური იქნება. ეს ჰუმანიტარული რეზოლუციაა და არა პოლიტიკური, აქედან გამომდინარე არაა გასაკვირი, რომ ამ რეზოლუციას ყოველწლიურად უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს.

შესამჩნევია საქართველოს დიპლომატიის გააქტიურება ისეთ რეგიონებში, მაგალითად ოკეანეთში, áƒ áƒáƒ›áƒšáƒ”ბიც ადრე ქართული საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებად არ ითვლებოდნენ. ცხადია, რომ ეს არ აღიარების მიმართულების ნაწილია. გარდა ტრადიციული მოკავშირეების გავლენისა, რამდენად ცდილობს საქართველო გამოიყენოს ამ მიმართულებით ცალკეულ რეგიონებში წამყვანი სახელმწიფოების როლი და რომელია ამ კუთხით ჩვენთვის ყველაზე პრობლემური რეგიონი?

ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებშია უსაფრთხო, სტაბილური და დემოკრატიული საერთაშორისო წესრიგი. საქართველოს საგარეო პოლიტიკური შესაძლებლობები ქვეყნის განვითარებასთან ერთად იზრდება და ამიტომ არის, რომ ჩვენ გაგვიჩნდა ადამიანური და ფინანსური რესურსები ახალი საელჩოების გახსნისთვის მექსიკაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, სამხრეთ აფრიკაში, ინდოეთში, სამხრეთ კორეაში, ავსტრალიაში, ინდონეზიაში და ნორვეგიაში.

მომდევნო წლებში კიდევ უფრო გავზრდით საქართველოს საელჩოების რიცხვს. რაც უფრო განვითარებული ხდება ქვეყანა, მით უფრო ფართოვდება მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები.

უკანასკნელ ოთხ წელიწადში ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა დავამყარეთ 50 ქვეყანასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სულ რაღაც 20-მდე ქვეყანასთან დარჩა დიპლომატიური ურთიერთობები დასამყარებელი. იმედი გვაქვს, ეს პროცესი სულ მალე დასრულდება და საქართველო შეუერთდება იმ სახელმწიფოების რიცხვს, რომელთაც მთელი მსოფლიო აქვთ მოცული დიპლომატიური ურთიერთობების კუთხით.

ბუნებრივია, ამ ქვეყნებში არ იგულისხმებიან ისინი, ვინც გადაწყვიტეს, არ ცნონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა: რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ და ტუვალუ. ამ ქვეყნებთანაც, როგორც კი ისინი შეცვლიან თავიანთ აბსურდულ პოზიციას, აღვადგენთ დიპლომატიურ ურთიერთობებს. დარწმუნებული ვარ, ეს დღეც არ არის ძალიან შორს.

ჩვენ, ბუნებრივია, გვყავს მეგობრები და მოკავშირეები, რომლებიც იცავენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მათ უპრეცედენტო მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ.

თუმცა, მცდარია მოსაზრება, რომ მხოლოდ მეგობრების გამო ვერ მოახერხა რუსეთმა ოთხზე მეტი სახელმწიფოს დარაზმვა უკანასკნელ ოთხ წელიწადში. საქართველოს დიპლომატიამ თავად ისწავლა თავისი ინტერესების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე. საერთაშორისო სამართალი და სიმართლე ჩვენს მხარესაა და ამიტომ, რაც არ უნდა დიდი ფინანსური რესურსი დახარჯოს რუსეთმა, ის ვერასოდეს მოახერხებს თავისი კლიენტების რაოდენობის დიდად გაზრდას. თუ შეხედავთ, როგორი ქვეყნები უჭერენ დღეს მხარს რუსეთს, მაშინ ყველაფერი ნათელი გახდება.

ჩვენ მეგობრობის ხელს ვუწვდით ყველას და ძალიან სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ჩვენს გაწვდილ ხელს გულღიად ხვდებიან მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.

დღის წესრიგი ჩვენს ახალ პარტნიორებთან არ შემოიფარგლება მხოლოდ არ-აღიარების პოლიტიკით. ვაფორმებთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ხელშეკრულებებს ისეთ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც ადრე მჭიდრო თანამშრომლობა არ გვქონდა.

მაგალითად, 2012 წელს საქართველოს საელჩოს გახსნა ნორვეგიაში განპირობებულია, სხვა საკითხებთან ერთად, ინტენსიური თანამშრომლობით ენერგეტიკულ სფეროში. 70 სახელმწიფოსთან ტარდება პოლიტიკური კონსულტაციები, უმრავლესობასთან ვთანამშრომლობთ ჰუმანიტარულ საკითხებში,  ხდება ჩვენი ძალისხმევის კოორდინაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში. ძალიან გაიზარდა ინტერესი საქართველოში განხორციელებული რეფორმების მიმართ. უკანასკნელ სამ წელიწადში 50-ზე მეტმა ქვეყანამ მოგვმართა თხოვნით, რომ გაგვეზიარებინა მათთვის ჩვენი გამოცდილება იუსტიციის, პოლიციის, საბაჟო და საგადასახადო სფეროებში რეფორმების კუთხით. ამ წლებში 400-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა დაინტერესებულ ქვეყნებთან. ეს არის უდიდესი რესურსი, რომელიც საქართველოს გააჩნია, და რომლის გამოყენებასაც ის უფრო აქტიურად აპირებს. ჩვენთან სულ ახლახანს შეიქმნა რეფორმების და პარტნიორობის ორგანიზაცია, GRAPE [Georgia’s Reforms and Partnership Enterprise], რომელიც კიდევ უფრო გაააქტიურებს ჩვენს ურთიერთობებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან.

აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ეკონომიკური დიპლომატიის მნიშვნელობა. ჩვენ მზარდი ეკონომიკა გვაქვს, რომელიც, მიუხედავად მსოფლიოს ფინანსური კრიზისისა, შარშან 7 %-ით გაიზარდა.  სულ მალე ორ ციფრიან ზრდას დავუბრუნდებით. ეს ნიშნავს, რომ  პრიორიტეტულია საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა და  ჩვენი ექსპორტის გაზრდა. რაც მეტი ბაზარი იქნება ჩვენთვის ღია, მით უფრო დიდი იქნება ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი. ამიტომ, ჩვენი გააქტიურების ერთ-ერთ ამხსნელად ეკონომიკური დიპლომატიაც უნდა მივიჩნიოთ.

გულისხმობს თუ არა დიპლომატიის შესაძლებლობების გაზრდა ქვეყნის  პრიორიტეტების უფრო ფართო ინტერპრეტაციას?

უახლოეს წარსულში ჩვენ უფრო მეტად ორიენტირებული ვიყავით ჩვენს სამეზობლოზე, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ეს პრიორიტეტები დღესაც მნიშვნელოვანია და დიპლომატიის დიდი რესურსი სწორედ ამ მიმართულებით იხარჯება. თუმცა, განსხვავებით წინა პერიოდისგან, ქვეყნის განვითარებამ და წარმატებებმა უფრო მრავალფეროვანი ინტერესები გაგვიჩნდა, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ.

ირანის პრეზიდენტმა აჰმადინეჯადმა თავის ქართველ კოლეგას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა, სადაც ის „მოძმე ქართველ ხალხთან“ ურთიერთობების გაღრმავების იმედს გამოთქვამს. თუ შეიძლება, რომ განმარტოთ თბილისის პოზიცია არსებულ დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ირანსა და დასავლეთს შორის არის შექმნილი; უნდა ჰქონდეს თუ არა თეირანს საშუალება განავითაროს ბირთვული პროგრამა?

საქართველოსა და ირანს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები აკავშირებთ. ჩვენ დაინტერესებული ვართ კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკურ, ვაჭრობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ირანის პრეზიდენტმა თავის ქართველ კოლეგასთან გაგზავნილ მილოცვაში საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.

საქართველოში საგრძნობლად იმატა ირანელ ტურისტთა რიცხვმა, 2011 წელს ჩვენს ქვეყანას ეწვია 60 ათასზე მეტი ირანელი ტურისტი. ყველა მონაცემით, 2012 წელს კიდევ უფრო გაიზრდება ტურისტთა რაოდენობა ირანიდან.

მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ და ირანს ყველა პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ თემაზე იდენტური მოსაზრებები გვაქვს. ეს ასევე არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ჩვენს დასავლელ კოლეგებს მთელ რიგ ფუნდამენტურ საკითხებზე, რომლებიც ეხება ირანს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განსხვავებები არსებობს ჩვენს მიდგომებში, ეს არ არის საფუძველი იმისა, რომ თბილისს და თეირანს შორის ცუდი ურთიერთობები იყოს. ირანი ჩვენი მეზობელია და ყველა კარგად აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მეზობლებს შორის ურთიერთობები ნორმალური იყოს.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, უნდა ჰქონდეს თუ არა ირანს საშუალება განავითაროს ბირთვული პროგრამა: როგორც მოგეხსენებათ, ირანი არის „მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის კონვენციის“ (NPT) წევრი, რომელიც მას ანიჭებს გარკვეულ უფლებებს და, ამავე დროს, აკისრებს ვალდებულებებს. აღნიშნული კონვენციის თანახმად, ყველა წევრ ქვეყანას, მათ შორის ირანსაც, აქვს უფლება განავითაროს მშვიდობიანი ბირთვული ტექნოლოგიები. ხაზს ვუსვამ, განავითაროს მხოლოდ მშვიდობიანი ტექნოლოგიები.

საქართველო წინააღმდეგია ზემოხსენებული კონვენციის რეჟიმი დაირღვეს და მსოფლიოში გაჩნდეს კიდევ ერთი ქვეყანა ბირთვული იარაღით, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი იქნება ეს ქვეყანა. ეს არის ჩვენი პოზიციის ამოსავალი წერტილი. შესაბამისად, საქართველო ატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც გამომდინარეობს ამ პოზიციიდან. ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სანქციების რეჟიმს და, შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებები პირნათლად იქნას შესრულებული.

თქვენი აზრით გაზრდის თუ არა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ქმედების განხორციელების საფრთხეს, ირანის  წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყება?

ირანთან საომარი მოქმედებების დაწყება აუცილებლად გაზრდის რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების საფრთხეს.

ამაზე მეტყველებს რუსეთის ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები და რუსეთის სტრატეგიული სამხედრო წვრთნები „კავკასია–2012“, თავის განშტოებასთან, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ეგიდით სომხეთის ტერიტორიაზე დაგეგმილ სამხედრო წვრთნებთან „ინტერაქცია–2012” ერთად.

ეს ყველაფერი, ხდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთი არ მალავს თავის მტრულ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და ღიად ამბობს უარს ძალის არ-გამოყენების ვალდებულების აღებაზე. ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივად ვუზიარებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ადეკვატურად და სერიოზულად აღიქვამენ არსებული სიტუაციის სირთულეს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან „ნეზავისიმაია გაზეტა“–ში „გაჟონა“ ინფორმაციამ, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა და მისი მოკავშირეები თავს დაესხმოდნენ ირანს, მოსკოვი გამოიყენებდა საქართველოს, როგორც სატრანზიტო გზას, სომხეთში დისლოცირებული მისი 102-ე ბაზის მომარაგების უზრუნველსაყოფად. რუსულ მედიაში ასევე გავიდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ რუსეთს აქვს ბოლო სიტყვის სამხედრო ტექნოლოგია, რომლითაც 12 საათში შეუძლია შეადგინოს ზუსტი ვირტუალური რუქები.  ერთადერთი სამხედრო კომპლექსი, რომელსაც ამის შესაძლებლობა გააჩნია რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში მდებარეობს. რუსულ ტელეარხებზე გაშვებული კადრებიდან კარგად ჩანდა, რომ რუსი სამხედროები სწორედ თბილისის რუქებს განიხილავდნენ.

აპრილში თქვენ განაცხადეთ, რომ სამხედრო წვრთნები „კავკასია–2012“-ის გამო “შეშფოთებულია არა მარტო საქართველო, არამედ რეგიონის აბსოლუტურად ყველა ქვეყანა“; თქვენ ასევე თქვით, რომ ამ წვრთნების „განხორციელების მთავარი მიზეზი არის ერთი დარტყმით წაართვას დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს“. თუ შეიძლება რომ დააკონკრეტოთ რამდენად რეალურად მიგაჩნიათ იმის საფრთხე, რომ რუსეთის ეს სამხედრო წვრთნები გამოყენებული იქნება, როგორც თავად ამბობთ, სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს სუვერენტიტეტის წინააღმდეგ?

მინდა პირდაპირ გიპასუხოთ:  საფრთხე იმისა, რომ რუსეთი შეეცდება 2012 წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაგეგმილი ფართო–მასშტაბიანი სამხედრო წვრთნები სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებისათვის დამოუკიდებლობისა და  სუვერენიტეტის წართმევისთვის გამოიყენოს, ძალზედ რეალურია და ისიც აშკარაა, რომ რუსეთის დარტყმის სამიზნე, პირველ რიგში, საქართველო და შემდგომ აზერბაიჯანი იქნება.

ამ სცენარის შემთხვევაში კი სავსებით ნათელია, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. რუსეთს არასოდეს დაუმალავს, რომ მისი სტრატეგიული მიზანია, სამხრეთ კავკასია მთლიანად გააკონტროლოს და დომინანტური ძალა იყოს ამ რეგიონში. თუ მას საშუალება მიეცა, ის აუცილებლად შეეცდება სამხედრო გზით მოაგვაროს “სამხრეთ კავკასიის პრობლემა”.

უმთავრესია გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ 2008 წლის ზაფხულში რუსეთის მიერ ჩატარებული მსგავსი წვრთნების შედეგად რუსეთის სამხრეთის ოლქში მობილიზებული სამხედრო შენაერთები არ იქნენ დაბრუნებული დისლოცირების ადგილას და არსებული სამხედრო მობილიზაცია მოგვიანებთ გამოყენებულ იქნა საქართველოს წინააღმდეგ.

ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ. შეხედეთ რუსი მაღალჩინოსნების უკანასკნელ ინტერვიუებს, მათ შორის, გენერალი ხრულიოვის ინტერვიუს, სადაც 58-ე არმიის ყოფილი სარდალი ადასტურებს, რომ წვრთნების შემდეგ შეიარაღებული ძალები გადასროლილ იქნა ცხინვალსა და აფხაზეთში.

წელსაც, მსგავსად 2008 წლის სამხედრო სწავლებებისა, არსებობს საფრთხე იმისა, რომ რუსეთმა მორიგი წვრთნების დროს სამხედრო ძალთა მობილიზება სამხრეთ კავკასიის რეგიონში კვლავაც გამოიყენოს საქართველოზე განმეორებითი აგრესიის საწარმოებლად, რათა სისრულეში მოიყვანოს თავისი დეკლარირებული მიზანი - შეცვალოს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და უკუაქციოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, შესაბამისად კი – ბოლომდე ხელში ჩაიგდოს სამხრეთ კავკასია.

როგორც უკვე ავღნიშნე რუსეთის ხელმძღვანელობა უკვე აღარც მალავს თავისი აგრესიის რეალურ მოტივებს. მინდა, შეგახსენოთ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის სიტყვები, რომლითაც მან თავის გენერალიტეტს მიმართა გასული წლის ბოლოს: “ჩვენ რომ 2008-ში გვეყოყმანა, ახლა სხვა გეოპოლიტიკური სურათი იქნებოდა და რამდენიმე ქვეყანა (პირველ რიგში საქართველო), რომელსაც  ჩრდილო ატლანტიკურ კავშირში შესვლას აიძულებდნენ, დიდი ალბათობით უკვე იქ იქნებოდა.“

აღსანიშნავია ისიც,  რომ  მიმდინარე წელს რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, წინა წლებისგან განსხვავებით, ფართო გეოგრაფიულ არეალს მოიცავს და სტრატეგიული ხასიათისაა. იგი ერთდროულად ჩატარდება საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, სომხეთში და რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში და მასში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის სამხედრო საჰაერო და საზღვაო ძალების ყველა ტიპის დანაყოფი, სტრატეგიული სარაკეტო ჯარები, კოსმოსური (საჰაერო) თავდაცვის ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის, საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს საჰაერო ძალების ერთეულები.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ზემოთ აღნიშნულ წვრთნებს ემთხვევა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სწრაფი რეაგირების ძალების ერთობლივი წვრთნებიც, რომელიც 2012 წლის 3-8 სექტემბერს გაიმართება სომხეთში. ორი წვრთნის დროში ასეთი დამთხვევა მიანიშნებს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის „ინტერაქცია 2012“, „კავკასია 2012“ -ის შემადგენელი ნაწილია.

რუსეთს, როგორც ჩანს, რამდენიმე გეგმა აქვს: რა თქმა უნდა, ის მზადაა ხელოვნურად დაძაბოს სიტუაცია რეგიონში და, ისე როგორც 2008 წლის აგვისტოში, თავს დაესხას საქართველოს. ხოლო, თუ ეს ვერ მოახერხა, მაშინ იგი შეეცდება  ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე თავისი სამხედრო ყოფნით გარკვეული ზეწოლა  მოახდინოს და მარგინალიზირებული, პრორუსული ელემენტების მოყვანა სცადოს საქართველოს ხელისუფლებაში. სწორედ ამიტომ დაამთხვია მოსკოვმა „კავკასია 2012 წლის სტრატეგიული ხასიათის სამხედრო წვრთნების პერიოდი საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. 

რუსეთის ფედერაციის მზადყოფნა, სამხედრო ძალის გამოყენებით შეცვალოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ დაფიქსირებული საზღვრები, უკვე წარმოადგენს დიდ გამოწვევას მისი მეზობელი სახელმწიფოებისთვის  და საგრძნობლად ზღუდავს მათ სუვერენიტეტს. ხოლო ის ფაქტი, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი, ყოფილი საბჭოთა კავშირის გეოგრაფიულ არეალში თავისი „პრივილეგირებული ინტერესების ზონის“ შექმნა, ჯერ კიდევ დაუსრულებელი პროექტია, გვაძლევს საბაბს ვიფიქროთ, რომ რუსეთისგან სიურპრიზებს ჯერ კიდევ უნდა ველოდოთ.

აღსანიშნავია, რომ მეორედ გაპრეზიდენტებისთანავე პუტინმა თავის საგარეო პოლიტიკურ პროგრამაში განაცხადა, რომ 2015 წლისთვის უნდა მოხდეს ევრაზიული კავშირისათვის ეკონომიკური საფუძველის მომზადება, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნის სახით, ხოლო ამის შემდგომ კი იგი აპირებს თავად ევრაზიული კავშირი დაარსოს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა.

ნურავის ექნება ილუზია, რომ ევრაზიული კავშირი, ევროკავშირის მსგავსად,  თანასწორუფლებიან, სუვერენულ და ნებაყოფლობით საფუძველზე შექმნილი ზესახელმწიფოებრივი გაერთიანება იქნება. რუსეთს თავისი პოლიტიკური კულტურა არ აძლევს ამის საშუალებას და იგი ამ კავშირს მხოლოდ დიქტატის და დომინირების რეჟიმში განიხილავს. ამიტომ, აუცილებელია, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით მოეკიდოს  ამ პროექტს, რადგან იმ მეთოდებმა, რომლებითაც კრემლი მის განხორციელებას ცდილობს, შეიძლება დიდი ტრაგედია მოუტანოს როგორც ცენტრალური აზიის, ისე, განსაკუთრებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონს.

რუსეთისთვის ევრაზიული კავშირის შექმნის გზაზე ყველაზე დიდი დაბრკოლება საქართველოა. ეს ერთადერთი პოსტ-საბჭოთა ქვეყანაა, სადაც საზოგადოება საბჭოთა მენტალობისგან განთავისუფლდა, სადაც კორუფცია დამარცხდა, სადაც მენტალური რევოლუცია განხორციელდა და რომელიც მიზანმიმართულად ინტეგრირდება ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში.

რუსეთს, გამომდინარე თავისი სტრატეგიული ზრახვებიდან, ერთადერთი გამოსავალი რჩება, დააბრუნოს საქართველო თავისი გავლენის ორბიტაზე - რაც ამ უკანასკნელისათვის დამოუკიდებლობის, ან სულ მცირე, სუვერენიტეტის ერთი ხელის დარტყმით წართმევაში მდგომარეობს.

სწორედ ეს ანალიზი მაძლევს მე იმ პროგნოზის გაკეთების საშუალებას, რომ მოსკოვი ყველანაირად შეეცდება შემოდგომაზე დაგეგმილი წვრთნები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სუვერენიტეტის შესაზღუდად  გამოიყენოს.

რას ფიქრობთ რეგიონში არსებულ სხვა კონფლიქტებთან დაკავშირებით. რამდენად შეუძლია მთიანი ყარაბაღის და, უფრო ფართოდაც რომ შევხედოთ, ისრაელი-პალესტინის კონფლიქტს გავლენა მოახდინოს რეგიონში მშვიდობაზე?

საქართველოს ინტერესებშია მშვიდობა მეზობელ სახელმწიფოებსა და რეგიონებში. ერთის მხრივ, ჩვენს გარშემო არსებული კონფლიქტისა და არასტაბილურობის წყაროების შემცირება, ზრდის ჩვენს ქვეყანაში არსებული კონფლიქტების გადაჭრის საშუალებასაც. მეორეს მხრივ, ჩვენს სამეზობლოში არსებული გადაუჭრელი პრობლემები ჩვენში არსებულ კონფლიქტებზე უარყოფითად მოქმედებს.

ჩვენთვის აბსოლუტურად მნიშვნელოვანია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს და რომ ჩვენს რეგიონში არ მოხდეს სამხედრო დაპირისპირება. თუ აზერბაიჯანს და სომხეთს შორის ომი მოხდა, დარწმუნებით გეტყვით ვინ იქნება გამარჯვებული - ეს იქნება რუსეთი, რომელიც სამხრეთ კავკასიის პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ თავის სასარგებლოდ მოაგვარებს. ასევე დარწმუნებით გეტყვით, თუ ვის დააზარალებს ეს ომი ყველაზე მეტად - ეს იქნება საქართველო, რომლის წინააღმდეგ რუსეთი კვლავ ეცდება ძალის გამოყენებას, ამჯერად მთიანი ყარაბაღის საბაბით. მე იმედი მაქვს, რომ ყველას ეყოფა კეთილგონიერება, რათა სამხრეთ კავკასიაში ახალი ომი არ დაიწყოს.

ჩვენთვის ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი, რომლის წინსვლაც, ვიმედოვნებთ, შესაძლებელს გახდის ისრაელ–პალესტინის კონფლიქტის მოგვარებას მშვიდობიანი გზით, „ორი სახელმწიფოს პრინციპზე“ (two-state solution) დაყრდნობით და უზრუნველყოფს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებას. ძალიან კარგი, კეთილმეზობლური ურთიერთობები გვაქვს ისრაელთან. ჩვენ ერთ-ერთი პირველ სახელმწიფოთაგანი ვიყავით, ვინც პალესტინა სცნო და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა ჯერ კიდევ 1992 წელს.

მიგვაჩნია, რომ პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა ისტორიულად, იურიდიულად და ადამიანურად სამართლიანი მოთხოვნაა. ამიტომ არის, რომ ორმხრივ ფორმატში საქართველომ პალესტინის სახელმწიფო 20 წლის წინ აღიარა. დღეს მიმდინარეობს პროცესი, რომელიც ამ საკითხის მრავალმხრივ ფორმატში გადატანას ცდილობს. აქ არსებობს დაბრკოლებები, განსხვავებული პოზიციები, თუმცა, საქართველოს პოზიცია ამ თემაზე სულ უფრო კრისტალიზებული და ჩამოყალიბებული ხდება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისრაელისა და პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანაარსებობა და უსაფრთხოება აბსოლუტური იმპერატივია ახლო აღმოსავლეთის მშვიდობიანი განვითარებისთვის. მიგვაჩნია, რომ ეს კონფლიქტი მშვიდობიანად უნდა დარეგულირდეს, იმ საერთაშორისო პროცესის სრული პატივისცემით, რომელიც მიმდინარეობს.

საქართველო ერთგული რჩება გაერო–ს არაერთ რეზოლუციაში, მათ შორის გენერალური ასამბლეის რეზოლუციებში, გამოხატული პრინციპების და აღიარებს პალესტინელი ხალხის უფლებებს. ჩვენ გვწამს, რომ კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერი გზა, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს ადამიანის უფლებების აღიარებასა და პატივისცემას, დამოუკიდებლად ეთნიკური თუ ეროვნული კუთვნილებისა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია პალესტინელი დევნილების თავიანთ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უფლება, ასევე პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის უფლებების დაცვა.

ჩვენ ვგმობთ ძალადობასა და ტერორს და მხარს ვუჭერთ ყველა იმ მექანიზმსა და ქმედებას, რომელიც უზრუნველყოფს ახლო აღმოსავლეთის მთელი რეგიონის მოსახლეობის ღირსებას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისრაელს აქვს უფლება არსებობდეს უსაფრთხო გარემოში. მსურს, გულწრფელად ვუსურვო ისრაელელ და პალესტინელ მეგობრებს, რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს სამშვიდობო პროცესი და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ამ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დასამყარებლად.

ჩვენთვის ერთი რამ არის ნათელი, რაც ყველა კონფლიქტს ახასიათებს. მშვიდობა აუცილებელია, იმისათვის, რომ მოხდეს ეკონომიკური განვითარება და ხალხებს შორის ურთიერთობების აღდგენა. ნებისმიერი კონფლიქტი ხელს უშლის განვითარებას და კეთილდღეობას, რაც, თავის მხრივ, აფერხებს კონფლიქტის მოგვარებას. ამიტომ გრძელვადიანი, სტაბილური მშვიდობა არის აუცილებელი ჩვენი რეგიონის, მათ შორის უფრო ფართო რეგიონის განვითარებისთვის.

 

სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით - თებერვალში საქართველო იყო იმ 137 სახელმწიფოს შორის, რომელმაც მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც სირიის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს. მიგაჩნიათ თუ არა რომ საჭიროა დასავლეთის მხრიდან სირიაში ინტერვენცია?

დიახ, ჩვენ მხარი დავუჭირეთ თებერვალში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას სირიის კრიზისთან დაკავშირებით. საქართველო  „სირიელი ხალხის მეგობრთა ჯგუფის“ წევრია, რომელიც აერთიანებს არა მარტო დასავლურ ქვეყნებს, არამედ თითქმის ყველა არაბულ სახელმწიფოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბატონ კოფი ანანს და მის გეგმას, რომელიც არაბთა ლიგის მიერ იქნა დამტკიცებული და ვგმობთ ყველა იმ სისხლიან აქტს, რომელიც უკანასკნელ პერიოდში განხორციელდა სირიაში.

ტრაგედიაა, როდესაც უდანაშაულო სამოქალაქო მოსახლეობა იღუპება, ხოლო ხელისუფლება არ ასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია მკაფიო და ცალსახაა - კრიზისი უნდა მოგვარდეს სირიელი ხალხის ნების გათვალისწინებით, მიუხედავად მათი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა და ამ მოგვარებაში საკუთარი როლი უნდა შეასრულოს საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის, არაბთა ლიგამ და ყურის თანამშრომლობის საბჭომ. ახლო აღმოსავლეთის პრობლემების ჩვენეულ ანალიზში ჩვენი ტრადიციული მოკავშირეების მოსაზრებებთან ერთად, სულ უფრო მზარდი მნიშვნელობა ენიჭება ყურის თანამშრომლობის საბჭოს ხედვას. ეს ჯგუფი რეგიონის ახალ ლიდერად ჩამოყალიბდა, რაც მხოლოდ მისასალმებელია და უდავოდ პოზიტიურ როლს შეასრულებს უფრო ფართო რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების დამკვიდრებაში.

რაც შეეხება სირიაში ინტერვენციას: ინტერვენციის საჭიროება ჩნდება მას შემდეგ, რაც ყველა სხვა საშუალება ამოწურულია, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა იქნას დაცული. ბუნებრივია, საუკეთესო გზა არის უშიშროების საბჭოს გავლით მოქმედება, თუმცა ჩვენ კარგად ვხედავთ თუ რა ნეგატიურ როლს ასრულებს რუსეთი, რომელიც უშიშროების საბჭოს პარალიზებას ახდენს, რის შედეგადაც სირიაში ხალხი იღუპება. სამწუხაროა, რომ მოკოვში არად ანაღვლებთ სირიელი ბავშვების და მოხუცების სიკვდილი. მათთვის, როგორც ჩანს, მხოლოდ საბჭოური გეოპოლიტიკური კოდებია მნიშვნელოვანი.

მიუხედავად ძალიან მძიმე ვითარებისა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სირიაში ჯერ კიდევ არსებობს შანსი, სიტუაცია დარეგულირდეს და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა წარმატებული იყოს, შედეგად კი დაიზოგოს ბევრი ადამიანის სიცოცხლე და კეთილდღეობა. თუმცა, რაც დრო გადის, ეს შანსი მცირდება, და სულ უფრო იზრდება მსხვერპლი. სულ მალე იქნება სირიის მეგობართა ჯგუფის შეხვედრა პარიზში, რომელში მეც მივიღებ მონაწილეობას. იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ძალისხმევები მალე შედეგიანად დასრულდება და სირიაში სამართლიანობა იზეიმებს. უახლოესი რამდენიმე თვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ კუთხით.

ევროკავშირის პრაქტიკაში არის მიიწვიოს არაწევრი სახელმწიფოები საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში არსებულ ოპერაციებში. ხომ არ განიხილება საქართველოს მონაწილეობა, ან ხომ არ აქვს საქართველოს სურვილი, რომ მიიღოს მონაწილეობა ევროკავშირის CSDP-ის ფარგლებში მიმდინარე რომელიმე მისიაში?

ევროკავშირის მხარესთან უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები CSDP მისიებში მონაწილეობის თაობაზე ჩარჩო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით.

ეს ბუნებრივი გაგრძელებაა იმ უაღრესად მჭიდრო თანამშრომლობის, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კუთხით მიღწეული გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესისთვის. წარმატებულად მიმდინარეობს ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე მოლაპარაკებები. იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები გაისად დასრულდება. 2012 წლის ზაფხულში დავიწყეთ სავიზო დიალოგი ევროკავშირთან, რაც გარდაუვალად მიგვიყვანს სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან. მოკლედ, ჩვენს და ევროკავშირის შორის როგორც არასოდეს, ისეთი ინტენსიური ურთიერთობებია და ეს ასევე აისახება უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზეც.

ამის გათვალისწინებით, საქართველო, ასევე, დაინტერესებულია ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებით საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) სფეროში და ევროკავშირის სამოქალაქო მისიებსა და სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობით. სხვათა შორის, აღნიშნულს ითვალისწინებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 2011 წლის ვარშავის სამიტის ერთობლივი დეკლარაციაც.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ საკმაოდ წარმატებული გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა მრავალმხრივ ოპერაციაში მონაწილეობის. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს გამოცდილება შეიძლება გამოვიყენოთ ისეთ მისიებში, რომლებიც ევროკავშირის ეგიდით ხორციელდება.

ჩვენი ადგილი ევროკავშირშია და ჩვენ ამ მიზნისაკენ მიზანმიმართულად მივდივართ. ეს გულისხმობს არა მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებლობას, არამედ უსაფრთხოების მიწოდების ვალდებულებასაც. დღეს ის, რომ საქართველო უსაფრთხოების სერიოზული შემქმნელია, აღარავისთვის სადავო აღარაა. შეხედეთ ჩვენს გამოცდილებას ავღანეთში და ნათელი გახდება, რა როლი გვაქვს ჩვენ ამ კუთხით.

შესაბამისად, ჩვენ ღრმად გვწამს, რომ საქართველოს ჩართვა კონფლიქტის პრევენციისა და კრიზისის მართვის ოპერაციებში ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება.  ამ მხრივ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს გამოცდილება საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში 1999 წლიდან, მათ შორის ბალკანეთში, სპარსეთის ყურესა (ერაყში) და ავღანეთში.

Civil.Ge © 2001-2024