სასამართლომ ივანიშვილის კოალიციას 2.38 მლნ ლარის გადახდა დააკისრა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Jun.'12 / 18:47

თბილისის საქალაქო სასამართლომ, გაიზიარა რა კონტროლის პალატის გადაწყვეტილება, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ექვსი პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმის სახით 2.38 მლნ ლარის გადახდა დააკისრა 27 ივნისს.

ეს თანხა ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე მთლიანი შემოწირულობები, რომლებიც კოალიციაში შემავალმა პარტიებმა პირველი ექვსი თვის განმავლობაში მიიღეს.

ჯარიმის გარდა, პარტიების შესახებ კანონის იმ მუხლის მიხედვით, რომლითაც კონტროლის პალატამ სანქცია დააკისრა, კოალიციას მოუწევს ასევე ბიუჯეტში გადარიცხოს 476 614 ლარი – თანხა, რომელიც კომპანია „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ კოალიციის ოფისების დაქირავებისა და სარემონტო სამუშაოებისთვის უკანონო არაფინანსურ შემოწირულობად იქნა მიჩნეული კონტროლის პალატის მიერ. სწორედ ამ თანხის ხუთმაგი ოდენობა –  2.38 მლნ ლარი - დააკისრა სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით კოალიციას, ხოლო მანამდე კომპანია „მენეჯმენტ სერვისს“.

კონტროლის პალატისა და სასამართლოს მიერ „სამართალდამრღვევებად“ მიჩნეულნი არიან კოალიცია „ქართულ ოცნებაში“  შემავალ პარტიები: რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ფორუმი, ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები,  ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო , კონსერვატორული პარტია და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს; და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“.

„პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ ასეთი ფულადი სახსრები. აქედან გამომდინარე დაედება მათ ანგარიშებს ალბათ ყადაღა. ამითი პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ფაქტიურად შეუძლებელი გახდება“, – განაცხადა ივანიშვილის ერთ–ერთმა ადვოკატმა ალექსანდრე ბარამიძემ დღევანდელი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

მან ასევე განაცხადა, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტები, რომლებიც მას თავად არ გამოუკვლევია და დაეყრდნო სხვა სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლის მხარეებს დაჯარიმებული პარტიების ნაწილი საერთოდ არ წარმოადგენდნენ.

„ეს არის სამართლის ერთ–ერთი ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა, რომლის თანახმად, არ შეიძლება პირს დაეკისროს რაიმე სანქცია ისეთი თითქოსდა ფაქტების გამო, რომლებიც მისი მონაწილეობით არ გამოკვლეულა სასამართლოზე“, – განაცხადა ბარამიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, თუმცა დასძინა, რომ ეს უფრო უშედეგო „ფორმალობა“ იქნება. 

პარტიების დაჯარიმების შესახებ კონტროლის პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომლის პარტიაც დაჯარიმებულებს შორისაა, ამ ქმედებას „პოლიტიკური რეპრესიის აქტი“ უწოდა, რაც, მისი თქმით, არის „პირდაპირი მცდელობა, რომ არაკონკურენტული არჩევნები ჩატარდეს“.

მისი თქმით, თუკი ხელისუფლება ამ პროცესებს მისივე ლოგიკით ბოლომდე გაყვება, მაშინ „ამ უკანონობით სასამართლომ უნდა გამოიტანოს დასკვნა, რომ დისკვალიფიკაცია გაუკეთოს ჩვენს პარტიებს“.

„თუმცა მე ვერ ვხედავ ამ გაგრძელებას“, – განაცხადა მან 25 ივნისს ტელეკომპანია „მაესტროს“ თოქ–შოუში საუბრისას, „მე მგონია, რომ საკმარისად უკვე არის საერთაშორისო ზეწოლა განხორციელებული, რომ ჩატარდეს კონკურენტული არჩევნები... და მე მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება [რომელიც გამოთიშავს „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო პროცესისდან] არ იქნება მიღებული“.

Civil.Ge © 2001-2024